Nestan Mikeladze at CROSTY ART SPACE

9
9 ივნისიდან CROSTY ART SPACE თანამედროვე ქართველი ხელოვანის - ნესტან მიქელაძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
ნესტანის პირველი სოლო გამოფენა 2014 წელს შედგა, მას შემდეგ მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ჯგუფურ გამოფენებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის პარიზში, მადრიდში და ბერლინში.
"Pink Fields of Subconscious Mind"
არტისტი არაერთ მედიუმში მუშაობს, ხოლო ექსპერიმენტები მისი შემოქმედებითი პროცესის საინტერესო და განუყოფელი ნაწილია. ამ პროცესში იგი იკვლევს მასალის სტრუქტურას და ტილოზე ქმნის მხატვრულ ფორმას. გამოფენაზე წარმოდგენილი ინსტალაცია კი სწორედ ერთ-ერთი ექსპერიმენტის შედეგია. ნესტანის შექმომედების განმსაზღვრელი არა მხოლოდ ფორმა, არამედ მასში აკუმულირებული იდეაა. მის ნამუშევრებში ფერი არის კომუნიკაციის ფორმა, რითაც დამთვალიერებელი შეიგრძნობს ენერგიას, რომელსაც იგი თავის შემოქმედების საშუალებით ათავისუფლებს.
"Subductus"
მისი ხელოვნება გამოხატულებაა ისეთი სოციალური თემის, როგორიც არის კოლექტიური არაცნობიერის ზეწოლა ინდივიდებზე და სოციალური წნეხი, რომელიც ადამიანების სურვილებზე ზემოქმედებს.
"ჩვენს ცხოვრებას უნდა განსაზღვრავდეს გაკეთებული არჩევანი და სასურველი სცენარები. თუმცა, ადრე თუ გვიან იგი განწირულია გახდეს წინასწარ დაწერილი სცენარების რეალიზაცია. სოციალური წნეხის გააზრება, რომელიც ჩვენს ირგვლივ არის, აჩენს განმარტოვების სურვილს, რათა შევიგრძნოთ ცხოვრება ისე, თითქოს ის მთლიანად ჩვენი არჩევანით არის განსაზღვრული."
როგორც ნესტანი ამბობს, მან ბევრი “მეტამორფოზა” გაიარა, რათა შეესწავლა და აღმოეჩინა საკუთარი თავი. თუმცა, მისთვის სწორედ ხელოვნება გახდა საშუალება მოეპოვა სიმშვიდე და მიმღებლობა საკუთარ თავთან. იგი მიხვდა, რომ ცხოვრების მანძილზე ოდესღაც ყველა აღმოჩნდება მსგავს გაურკვევლობაში, თუმცა სწორედ საკუთარი თავის აღმოჩენა არის ის ჰარმონია, რომელსაც ამ დროს ვეძებთ.
"The hour of silence"
"Perplexed"
გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში გამოყენებულია თხელი ზეთის საღებავი, რომელზეც არტისტი ამბობს - “მას აქვს ჯადოსნური თვისება, ჰარმონიულად აერთიანებდეს ჩვენ ცნობიერ და არაცნობიერ გონებას.”
ასევე, გამოფენის ნაწილია ინტერაქციული ინსტალაცია "Hug", რომელიც გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრის “I will hold you”-ს ბირთვი და მიმღებლობის სამ განზომილებიანი სიმბოლოა. დამთვალიერებელს შეუძლია ინტერაქციაში შევიდეს ამ ნამუშევართან და შეიგრძნოს მისი ვარდისფერი ენერგია.
9