The Why Not Gallery

7
The Why Not Gallery წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ხელოვანების ერეკლე ჩინჩილაკაშვილის და სოფო მამალაძის გამოფენას "ნელი მზე".
გამოფენა აერთიანებს ორი მხატვრის უახლესი ნამუშევრების სერიას.
გამოფენის გახსნა 13 სექტემბერი, 6-8სთ
გამოფენა გრძელდება 27 ოქტომბრის ჩათვლით.
"ნელი მზე" არის მოგზაურობა ახალგაზრდა ქართველი მხატვრების, ერეკლე ჩინჩილაკაშვილისა და სოფო მამალაძის კონტრასტულ, მაგრამ ურთიერთშემავსებელ ვიზუალურ ენებში, სადაც დროის, მეხსიერებისა და სინათლის სხივზე სვლა ცენტრალური თემებია. ჩინჩილაკაშვილის ნამუშევრები თავისი მდიდარი, თბილი პალიტრით და სილუეტირებული ფიგურებით აღძრავს ინტროსპექციული სიმშვიდის განცდას. იქ ვხვდებით განმარტოების წარმავალ მომენტებს, შორეულ პეიზაჟებს გაჯერებულს გადამეტებული შუქით და მზის ჩასვლისას ჩაკარგულ გაცვეთილ მოგონებებს. ნათელი, მიწიერი ტონებითა და ტექსტურირებული ზედაპირებით თითქოს აცოცხლებს თბილი, მტვრიანი ზაფხულის დღეების მეხსიერებას, სადაც ყოველი დეტალი - ხის ჭრაჭუნა იატაკი, მზისგან გახურებული ჰაერის სურნელი - ღრმად იბეჭდება გონებაში. მზე, როგორც მუდმივი, მაგრამ მარად მოძრავი ძალა გვეხმარება დროის დაუნდობელი წარმავლობისას მედიტაციაში.
ამის საპირწონედ მამალაძის დინამიური, აბსტრაქტული კომპოზიციები ენერგიით და მოძრაობით სავსე იმპულსებს ქმნის, გვიშლის სამყაროს, სადაც ემოციები და მოგონებები მუდმივ, სწრაფ ტრანსფორმაციაშია. თამამი ფერებისა და დინამიური ფორმების მეშვეობით სოფო მეხსიერების დენადობასა და ცხოვრებისეული გამოცდილებით შექმნილ სენსორულ გამოცდილებებს ასახავს. იქნება ეს თვალწარმტაცი ფიგურები, თუ ეთერული, აბსტრაქტულ-მონუმენტური კომპოზიციები.
მხატვრები თავის შემოქმედებით პრაქტიკებში იკვლევენ დროის ნელ, მიზანმიმართულ სვლას და მეხსიერების ქაოტურ, მუდმივად ცვალებად ბუნებასთან ურთიერთობას. „ნელი მზე“ იქცევა ამ ორმაგობის მეტაფორად - ძალა, რომელიც ანათებს და სტაბილურად მოძრაობს ჰორიზონტზე, მაშინ როცა ჩვენი აღქმა და მოგონებები მუდმივად, მოუხელთებელი რიტმით იცვლება.
ერეკლე ჩინჩილაკაშვილი (1992, თბილისი) ახალგაზრდა ქართველი ხელოვანია. მის შემოქმედებაში იგი იკვლევს კავშირებს რეალობასა და წარმოსახვითს შორის, ცდილობს ხელოვნების მეშვეობით გამოიკვლიოს ადამიანის აღქმის მექანიზმების მუდმივად ცვალებადი ნაკადები. ერეკლე აქტიურია სხვადასხვა სახელოვნებო მედიუმებში: ფერწერა, ინსტალაცია და მოძრავი გამოსახულება (ვიდეო). მისი ნამუშევრები ხშირად ეფუძნება ინდივიდუალური და კოლექტიური მეხსიერების თანაკვეთას, სოციუმის კულტურული მემკვიდრეობისა და ყოველდღიურობის თემებს.
ჩინჩილაკაშვილი არის საერთაშორისო მასშტაბით გამოფენილი მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც წარმოდგენილია რამდენიმე პერსონალურ გამოფენაზე, მათ შორისაა: „ჟანგიან გუბეში გახუნებული მოგონება წვეთავს“* (ექსპერიმენტული სივრცე Szövetség, ბუდაპეშტი, 2023 წ.) და „ჩრდილები, კვიპაროსები და იმანენტურობის დაკარგული განცდა“*(1515 Lincoln გალერეა, ოკლაჰომა სიტი, 2021 წ.). იგი ასევე მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, როგორებიცაა „საჭურჭლეები“ (Cabin Gallery, ბერლინი, 2024 წ.) და „დასწრება-არყოფნა“*(2B Gallery, ბუდაპეშტი, 2023 წ.). ჩინჩილაკაშვილის ნამუშევრები დაცულია რამდენიმე კერძო და ინსტიტუციურ კოლექციაში მთელ მსოფლიოში, ხოლო 2024 წელს მისი სამი ნამუშევარი შევიდა კრუპას ხელოვნების ფონდის მუდმივ კოლექციაში პოლონეთში.
სოფო მამალაძე ახალგაზრდა ხელოვანია საქართველოდან, რომლის შემოქმედება ღრმად არის ფესვგადგმული ადამიანის ემოციებისა და ინდივიდუალობის კვლევაში. მის ხელოვნებას ახასიათებს ნათელი ფერთა პალიტრის გამოყენება და პერსონაჟებისა და ფიგურების გამოსახვის გამორჩეული მიდგომა. სოფიოს პროცესი ინტუიციური და ორგანულია; ის არ ზღუდავს თავის შემოქმედებას. იცავს რა გამოხატვის თავისუფლებას, სოფიო ხშირად იყენებს შერეულ ტექნიკას: აკრილს, პასტელს და ტექსტილს.
სოფოს ნამუშევრები იფინება საერთაშორისო დონეზე, მისი სოლო გამოფენები მოწყობილა გერმანიასა და საქართველოში, მათ შორის გამოფენა "Schau in meine Welt" ბერლინის Haus Storck-ში, და "ჰეკატე" ATINATI-ს გალერეაში თბილისში. გამოფენების გარდა, სოფიო თანამშრომლობს საერთაშორისო მხატვრებსა და ფონდებთან, როგორიცაა ჰაინრიხ ბიოლის ფონდი და სხვა. საკუთარ ხელოვნებას მამალაძე ადარებს სარკეს, რომელიც ასახავს ადამიანის გამოცდილების მრავალმხრივ ბუნებას, მიზნად ისახავს რა ფიქრის პროვოცირებას და საკუთარი თავის უფრო ღრმა გაგებას.
7