When I Grow Up I'm Gonna Kiss You მარიკა კოჩიაშვილის სოლო გამოფენა

9
22 მარტს ახალი ნარატივების გალერეაში, ლონდონში დაფუძნებული ქართველი ფოტოგრაფის, მარიკა ქოჩიაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება, რომელიც მის კერამიკულ ნამუშევრებს გააერთიანებს.
2020 წელს მარიკამ თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო-სერია, "გაკოცებ, რომ გავიზრდები" დაიწყო (ეს ნამუშევრები უკვე ბევრჯერ გამოიფინა და გამოქვეყნდა სხვადასხვა ვებგვერდსა თუ პუბლიკაციაში). სერია სექსუალური ორიენტირებისა და თვითდადგინების, განთავისუფლების ისტორიას გვიყვება და ქალთა შიშველ სხეულებს, მის სხვადასხვა ნაწილებს, ლესბოსური სიყვარულის ფრაგმენტებს, ყველაზე ხშირად კი ავტოპორტრეტებს გვაჩვენებს, რომელთა შექმნაც მარიკამ დიდი ხნის მერე პირველად გაბედა. "არ ვიცოდი, ოდესმე შევძლებდი თუ არა საკუთარი თავის გადაღებას" ამბობს ავტორი და საკუთარ ფიზიკურობას ჯერ შეყვარებულის სხეულთან მიმართებაში, მასთან კონტაქტში, მისი შეხების გავლით აკვირდება, შემდეგ კი მარტო დგება, კაბას იცვამს და შემტევი გამომეტყველებით საკუთარ თავს პატრიარქალური, ტრადიციული მზერით იკვლევს - ისეთით, როგორშიც გაიზარდა, როგორი მზერის ქვეშაც საკუთარი თავი ახსოვს: "ვეკვეხებოდი კაბებში, ჩავიცვი ქუსლი, გავისწორე თმა, რა არ ვცადე. მაინც ვერ ჩავჯექი იმ გარემოში არადა…ახლა ვუყურებ…პატარა დიდცხვირიანი მარო, რომელიც წყვეტს რომ ცხვირი გაიკეთოს იმიტომ, რომ ბიჭებს ალბათ ისეთი უფრო მოეწონებათ."
2022 წლიდან მარიკა კერამიკით ინტერესდება და მისი პრაქტიკის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი სკულპტურა ხდება. წარმოდგენილ გამოფენამდე შექმნილი ნამუშევრები ძირითადად ორ ტიპისაა: ერთი, ხელით ნაძერწი, მცირე ზომის, ანდროგინული გარეგნობის ფიგურინებია, რომელიც ინტიმურ კავშირებსა და სექსის სცენებს ასახავს. მათი ურთიერთობა სავსე და ძლიერ დამუხტულია, იმხელა დინამიკით, რომ მოძრაობებში სხეულის სტრუქტურული სიზუსტე, მისი დეტალიზება მნიშვნელობას კარგავს; მთავარი ენერგიაა, რომელსაც ისინი ატარებენ; სიყვარულის, სინაზის, აგრესიის, შიმშილის, თამაშის, სირცხვილის, თავდავიწყების. ნამუშევრების მეორე ტიპი კი ადამიანის თავებია, სხვადასხვა ტექსტურითა და ზედაპირით, სხვადასხვა სიდიდით, ფერით და გამომეტყველებით; მათში უფრო მეტადაა რელიეფზე აქცენტი - მკვეთრი წვეტებით, კუთხეებით. ეს პირობითი თავები/სახეებია, რადგან უხეში ჩქმეტის, ჭყლეტვის, ბწკენის კვალი - ავტორის ხელი - ისევ იგრძნობა და პერსონაჟიდან ფოკუსს აქრობს. ამ ორი კატეგორიის ნამუშევრები კომპოზიციურად და სტრუქტურულად მკვეთრად განსხვავდება, მათ მხოლოდ ერთი დეტალი აერთიანებს: ყოველ მათგანს მოგრძო, გამოკვეთილი ცხვირი აქვს - ისეთი, როგორითაც არტისტი იზრდებოდა.
ნამუშევრები საგამოფენო სივრცეში 21 აპრილამდე დარჩება. 
მარიკა კოჩიაშვილის ნამუშევრები:  
სერიიდან "Frame in a Frame" 2017
"დაშორება" სერიიდან "Frame in a Frame" 2015
სერიიდან "When I grow up I’m gonna kiss you" 2018
სერიიდან "Fear of The Nipple" 2019
 ავტოპორტრეტი. სერიიდან "When I grow up I'm gonna kiss you" 2020
სერიიდან "When I grow up I’m gonna kiss you" 2020
ავტოპორტრეტი კარანტინში. სერიიდან "When I grow up I’m gonna kiss you" 2020
სერიიდან "When I grow up I’m gonna kiss you" 2019
9