აგვისტოს ომის ქორნიკები | 16 წელი რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან

3

დამოუკიდებელ საქართველოს, დიდმა რუსეთმა თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვა არ აპატია და მორიგი ომი წამოიწყო.

რუსეთ-საქართველოს შორის სამხედრო კონფლიქტი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს პირველ რიცხვებში ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა, ბევრად ადრე დაიწყო.
აგვისტოს ომის ქრონიკები პირველი აგვისტოდან აქტიურდება. რუსეთმა დაგეგმილი ომი 7-8 აგვისტოს გაამძაფრა.
6 აგვისტოს ინტენსიური სროლები მიმდინარეობდა სოფლების – ავნევის, დვანის, ერედვის,  ხეთაგუროვოს, ნულის,  ფრინევის,  უბიათის და ზემო ფრისის – მიმართულებით. ცეცხლი გაუხსნეს სარაბუკის სიმაღლეებზე განლაგებულ ქართველ სამშვიდობოთა საგუშაგოს. სამი ქართველი სამშვიდობო დაიჭრა.
ცხინვალი დე ფაქტო რეჟიმი 7 აგვისტოსთვის დეესკალაციის თაობაზე დაგეგმილ მოლაპარაკებებზე უარს აცხადებდა.
7 აგვისტოს საქართველოში როკის გვირაბის გავლით რუსეთიდან სამხედროები და ტექნიკა შემოდის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართული სოფლების, ნულის და ავნევის დაბომბვა დაახლოებით 12 საათისთვის განახლდა. ორი ქართველი სამშვიდობო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა სოფელ ავნევში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალები ცხინვალისკენ დაიძრნენ. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი საქართველოს „სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის“ დაწყებაში ადანაშაულებს.
ამავე დღეს, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს ცეცხლის შეწყვეტას, მზად არის დათმობებისთვის და ცხინვალს და მოსკოვს მოლაპარაკებების განახლებისაკენ მოუწოდებს.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა და ავნევს,  ფრისს, თამარაშენსა და სხვა სოფლებს ცეცხლი გაუხსნეს. რუსულმა ძალებმა როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოჭრა დაიწყეს.
8 აგვისტოს ქართულმა ძალებმა გამთენიისას ინტენსიური შეტევით,  დაბომბეს ის ადგილები, საიდანაც მტერი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს უტევდა.
პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობდა, რომ ცხინვალი და რეგიონის უმეტესი ნაწილი, ჯავის რაიონის გარდა, ქართული ძალების კონტროლის ქვეშაა.
ამ დროისთვის, საქართველოს ტერიტორიაზევე რუსეთის ძირითადი დამრტყმელი ძალა და ავიაცია შემოდის.
უკვე დღის განმავლობაში, ორმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გორში ხუთი ჭურვი ჩამოაგდო.
9 აგვისტოს ათობით ადამიანი დაიღუპა რუსული თვითმფრინავების მიერ გორში, კომბინატის დასახლებაში, ასევე სამხედრო ბაზის, ფოთის პორტის, სენაკის სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად. ზემო აფხაზეთი რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს, ხოლო აფხაზეთის შეიარაღებულმა ძალებმა კოდორის ხეობაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს.
ნიუ-იორკში შეკრებილმა გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მოახერხა ოკუპირებულ ცხონვალის რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ განცხადების ტექსტზე შეთანხმება.
10 აგვისტოს რუსულმა თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორია დაბომბა. რუსულმა ბომბდამშენებმა ჭურვები ჩამოყარეს ანაკლიაშიც. შეტევამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველო რუსეთს კვლავ სთავაზობდა ცეცხლის შეწყვეტას და გამოთქვამდა მზადყოფნას მოლაპარაკებების განახლებაზე.
თბილისში 11 აგვისტოს ღამეს, რუსულმა ბომბდამშენებმა იერიში მიიტანეს თბილისის ზღვასთან, მახათას მთაზე მდებარე რადიოლოკაციურ სადგურზე. სამოქალაქო დანიშნულების რადარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ემსახურებოდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეორე ჭურვი რუსულმა თვითმფრინავმა თბილისის შემოგარენში დაუსახლებელ ადგილას ჩამოაგდო.
11 აგვისტოსვე, ზუგდიდში  რუსული საოკუპაციო ჯარი შევიდა და მათი დახმარებით აფხაზებმა სოფელი ხურჩა დაიკავეს, აცხადებდა ქართული მხარე.
12 აგვისტოს თბილისში ათი ათასობით მოქალაქე სოლიდარობის გამოსახატად იკრიბება. საპროტესტო აქცია მუსიკის, სიმღერის თანხლებით მიმდინარეობს.
საქართველოში ესტონეთის, ლიტვის, უკრაინის და პოლონეთის პრეზიდენტები, ასევე ლატვიის პრემიერ-მინისტრი საქართველოსთვის სოლიდარობის გამოსახატად და მხარდასაჭერად ჩამოდიან.
იმავე დღეს, რუსული ვერტმფრენი გორის მახლობლად სამოქალაქო მიკროავტობუსს ცხრილავს – ცხრა მგზავრი იღუპება.
რვა მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება გორის ცენტრალური მოედნის დაბომბვისას, 15 კი დაშავდება. სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ზემო კოდორის ხეობას სრულად აკონტროლებს.
12 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან გამართულ შეხვედრაზე მხარს უჭერს ევროკავშირის ექვსპუნქტიან გეგმას – საქართველოში საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე. მოსკოვიდან სარკოზი თბილისში ჩადის. იმავე დღეს სააკაშვილი ხელს აწერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზებას.
13 აგვისტოდან მომდევნო დღეების განმავლობაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მინელდა, თუმცა, რუსი ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში რჩებიან.
22 აგვისტოს მდგომარეობით, გორსა და მიმდებარე დასახლებებიდან, ას ოცი ათასამდე ადამიანი სახლიდან გარბის. ვიდრე რუსული ჯარი გორიდან არ გავიდა, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილი იყო.
24 აგვისტოს ამერიკული USS McFaul რაკეტსაწინააღმდეგო გემი ბათუმის პორტში შემოვიდა და 70 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანა.
75 კმ-ის დაშორებით კი, ქალაქ ფოთს ისევ რუსული ძალები აკონტროლებდნენ.
რუსული საჰაერო იერიშების შედეგად ფოთის პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანებულია. საქართველოს საზღვაო აკვატორიაში კიდევ ორი ამერიკული გემი შევიდა.
26 აგვისტოს, ოკუპანტი რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ხელს აწერს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების დოკუმენტს.
8 სექტემბერს საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან საკუთარ ძალებს ერთი თვის ვადაში გაიყვანდა და გაეროსა და ეუთოს დამკვირვებლები საქართველოში გააგრძელებდნენ მანდატის შესრულებას.
რუსეთი ისევ არ ასრულებს შეთანხმებას და აღწევს იმას, რომ გაერო და ეუთო ტოვებენ კონფლიქტის ზონებს.
8 ოქტომბერს რუსულმა ჯარებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ტერიტორია და სამეგრელოს ბლოკ-საგუშაგოები დილიდან დატოვა.
ოქტომბრის პერიოდში, საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა და საერთაშორისო დონორებმა საერთო ჯამში 4.55 მილიარდი აშშ დოლარი გამოყვეს საქართველოს ომის შემდგომი რეაბილიტაციისათვის.
დეკემბრის მდგომარეობით, 127 ათასზე მეტმა ადამიანმა იძულებით დატოვა საკუთარი სახლი აგვისტოს ომის გამო.
ოფიციალური მონაცემებით, ამ ომში დაიღუპა 169 სამხედრო პირი, 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი.
დაიჭრა დაშავდა 1045 სამხედრო მოსამსახურე.
მომდევნო წლებში საერთაშორისო დონეზე გაგრძელდა სასამართლო დავები.
მსოფლიომ აღიარა, რომ რუსეთი აგრესორი, საქართველო კი მსხვერპლია.
21-ე საუკუნეში საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტერი რუსეთი, დღემდე აგრძელებს უკანონო ოკუპაციას. ე.წ. ბორდერიზაციის გზით და საქართველოს მოქალაქეების გატაცებით კი არაერთ საერთაშორისო ნორმას არღვევს.
ალეკო გვეტაძე
3