ადამიანები- მოსიარულე რობოტები

6
ოცდამეერთე საუკუნეში უკვე აღარავის უკვვირს კომპიუტერსა და ინტერნეტზე მიჯაჭვულობა და მგონი აღარავინ აკეთებს დიდ აქცენტს ამ თემაზე. დღევანდელ დღეს, შეუძლებელია ინტერნეტის გარეშე არსებობა. იგი  ჩვენს სასიცოცხლო რესურსად იქცა და მის გარეშე დარჩენა ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნას ნიშნავს.  რისი გაკეთებაც არ უნდა გვსურდეს, იქნება ეს დავალების შესრულება, რაიმე რეცეპტის მოძიება თუ ჩვენთვის საინტერესო ადამიანის სურათების ნახვა, ჩვენ აუცილებლად გუგლსა და სხვადასხვა სოციალურ ქსელებს მივმართავთ. ინტერნეტის მეშვეობით, , ყველანაირი ინფორმაცია ხელმისაწვომია ნებისმიერი ასაკისა თუ კატეგორიის ადამიანისათვის, რაც, ჩვენს ცხოვრებას ბევრად ამარტივებს. თუმცა, ინტერნეტის დიდი დოზით მოხმარებას  ბევრი პრობლემა მოსდევს.                                                              დარწმუნებული ვარ, ყველასათვის ცნობილია, რომ ინტერნეტი სერიოზულ დამოკიდებულებას იწვევს და მისი გადაჭარბებულად მოხმარება ზიანს აყენებს ადამიანის ფსიქიკას. აგრეთვე, უნდა ვიცოდეთ, რომ  სოციალურ არხებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, არც ისეთი კეთილი მოტივები აქვთ როგორიც ჩვენ გვგონია. ამის გაცნობიერებაში პირადად მე დამეხმარა დოკუმენტური ფილმი,   “The Social Dilemma” და დიდ რეკომენდაციას ვუწევ მას.  ფილმში საუბრობენ Google-ს; Facebook-ის; Pinterest-ისა და სხვა აპლიკაციების ყოფილი თანამშრომლები და გვიყვებიან, თუ რა შავ-ბნელ სამყაროსთან ჰქონდათ შეხება. ეს არის ადამიანთა დაჯგუფება, რომლებიც გვაკვირდებიან და ჩვენივე ფსიქოლოგიით მანიპულირებენ ჩვენით. ინსტაგრამი და ფეისბუქი არ არის მხოლოდ ჩვენს გართობაზე ორიენტირებული პლატფორმები. არც ის არის შემთხვევითობა, რომ სოციალური მედიის „სქროლვისას“ ძირითადად ჩვენთვის საინტერესო პოსტებს ვაწყდებით. მკვლევრები აკვირდებიან მომხმარებელთა ქცევას, რათა მიიღონ ის ინფორმაცია, რომლის გამოკითხვით გარკვევაც რთულია. რეკლამის მომწოდებლებსა თუ სხვადასხვა პროგრამისტებს შემუშავებული აქვთ ტაქტიკა, რომლის მეშვეობითაც ხედავენ, თუ რა პოსტზე რამდენი წამით ვჩერდებით და თუ როგორ ვრეაგირებთ მათზე. შემდეგ კი ამის მიხედვით მოქმედებენ ჩვენს გონებაზეც. სწორედ ეს არის მარკეტინგისა და რეკლამის აღმასვლის საიდუმლო. ფილმი ასახავს, თუ როგორ ვანდობთ ჩვენს ცხოვრებას ციფრულ ტექნოლოგიას და როგორ ვკარგავთ ცხოვრების ძვირფას წუთებს. ინტერნეტი ამცირებს გონებრივი შესვენების დროს, სწორედ ეს არის ახალგაზრდებში დეპრესიისა და სუიციდის მომრავლების ერთ-ერთი მიზეზი. საზოგადოება იქცა დაპროექტებულ რობოტებად, რომლების თვითშეფასებასაც  „ლაიქებისა“ და ნახვების რაოდენობა განსაზღვრავს.          
 ჩემი აზრით, “The Social Dilemma” არის ის ფილმი, რომელიც ოცდამეერთე საუკუნეში მცხოვრებმა ყოველმა ადამიანმა უნდა იხილოს, რათა ნაკლები დრო დაუთმოს კომპიუტერსა და ტელეფონს და ბევრად საინტერესოდ და ღირებულად გაატაროს იგი. ამის გაკონტროლებაში შესაძლოა დაგვეხმაროს აპლიკაციები, რომლის მეშვეობითაც  სხვადასხვა სოციალურ ქსელსა და პროგრამას ყოველდღიური ხმარების ლიმიტს დავუყენებთ.
6