გიზიარებთ ოთარ ჭილაძის , , ადამიანი გაზეთის სვეტში” ნაწყვეტს
პ.ს მე მაინც ვფიქრობ, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უნდა ითარგმნებოდეს და ისწავლებოდეს ეს პოემა და ომი აღარასოდეს იქნებოდა!
, , ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია,
ხოლო სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა მონებს.
არა სხეულის, არამედ სულის საჭურისობას ნიშნავს მონობა,
და ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას, მონაა ისიც.
ბედნიერია ყოველი თვალი, თუკი სიმართლეს უყურებს იგი.
მე ასე მჯერა და ჩემი სული ნათდება,
როგორც მინდვრის ნაწილი მაშხალის შუქზე,
მაგრამ მთავარი წყვდიადში რჩება,
რადგან იმ მინდორს არც საწყისი აქვს, არც დასასრული.
არ შეიძლება, რომ უსასრულოდ მხოლოდ ძლიერი იყოს მართალი,
მაგრამ თუ სხვებიც არ მიეხმარნენ, როგორ დაიცავს სიმართლეს სუსტი.
პატივისცემის ღირსია ყველა, ვისაც სამშობლო შერჩა და უყვარს;
ვისაც სამშობლო უყვარს და ცდილობს, აღარ დაადგას ქედზე უღელი,
არ დაამციროს ადამიანთა ყველაზე დიდი მონაპოვარი,
ყველა ნაყოფზე ტკბილი ნაყოფი: თავისუფლება.
ნუთუ ვერასდროს ვერ მოერევა და ვერ განდევნის ბოროტს კეთილი.
თუ სიკეთეა სულის საწყისი, ვიღას სჭირდება ამდენი სისხლი და რატომ კვდება ადამიანი,
თუ დამტკიცება უნდა სიმართლის?! რატომ ვერ ძღება ყველას სტომაქი კუთვნილი პურით,
წყლითა და ჰაერით?!..ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ჰგონია,
მაგრამ აქამდე ვერ უპოვნია საბრალოს თავი და გადის მისი მოკლე ცხოვრება შურში,
მტრობასა და სიძულვილში. შენ რატომ უნდა გეძინოს ცუდად, მე თუ რაღაცით ვარ ბედნიერი..
ან რატომ უნდა გეძინოს მშვიდად, როცა მე ვწევარ სისხლის გუბეში.
ცა ხომ ვრცელია, მაგრამ ამ ცაშიც ეჯახებიან ღრუბლებს ღრუბლები.
ამ შეჯახებას მოაქვს ქუხილი, ქუხილს კი ცეცხლი,
რომ შუქით გზა გაინათონ წვიმებმა ბნელში,
ხოლო წვიმები კლდეებსაც რეცხავენ და კაცის გულსაც და,
როგორც ბროლის მაღალ ტაძარში, მთელი ქვეყანა შედის წვიმაში..
პ.ს „ერთ რამეს ვინატრებდი მხოლოდ – ოდესღაც, საუკუნეთა მიღმა, ისევ ამ მიწაზე და ამ ცის ქვეშ, ვიღაცამ, სულერთია ვინ, ოღონდ ჩემი ვინაობისა და ხელობის მცოდნემ (შეიძლება დამფასებელმაც), ჩემს საფლავს ჩასძახოს: იძინე მშვიდად, ჯერ ისევ ვარსებობთ, ისევ ვიბრძვით, ისევ ხალხი გვქვიაო!“
ოთარ ჭილაძე