შესავალი
ადამიანით
ვაჭრობა (ტრეფიკინგი) XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და საშიში დანაშაულია, რომელიც
საფრთხეს უქმნის ადამიანის ღირსებას, თავისუფლებასა და ფუნდამენტურ ბუნებით უფლებებს.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე საზოგადოება ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტებზეა
ორიენტირებული, ტრეფიკინგი კვლავ რჩება გლობალურ და მნიშვნელოვან გამოწვევად როგორც
ცალკეული სახელმწიფოებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. აღნიშნული დანაშაული
ხშირად ხორციელდება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ, რომელთა მიზანია ფინანსური
სარგებლის მიღება ადამიანების ექსპლუატაციის გზით. ტრეფიკინგი მრავალფეროვანი ფორმებით
ვლინდება და მოიცავს შრომით, სექსუალურ, იძულებით მათხოვრობასთან დაკავშირებულ და სხვა
სახის ექსპლუატაციას. მისი ტრანსნაციონალური ხასიათი, ფარული ბუნება და მსხვერპლთა
განსაკუთრებული მოწყვლადობა მნიშვნელოვნად ართულებს დანაშაულის გამოვლენასა და ეფექტიანად
აღკვეთას. სწორედ ამიტომ ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს სახელმწიფოთა
კოორდინირებულ მოქმედებას, საერთაშორისო თანამშრომლობასა და სამართლებრივი მექანიზმების
მუდმივ სრულყოფას. წინამდებარე ნაშრომის თემაა „ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), როგორც
ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი სახე და მასთან ბრძოლის მექანიზმები თანამედროვე
სამართალში“. ნაშრომის მიზანია ტრეფიკინგის არსის, მისი, როგორც ორგანიზებული დანაშაულის
ერთ-ერთი გამოვლინების, განხილვა, ასევე თანამედროვე სამართალში არსებული ბრძოლის მექანიზმების,
საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი რეგულაციების ანალიზი. ნაშრომში ყურადღება
გამახვილდება როგორც დანაშაულის თავისებურებებზე, ისე მისი პრევენციის, გამოვლენისა
და მსხვერპლთა დაცვის მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, პარალელი იქნება გავლებული ტრეფიკინგსა
და მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანას შორის.
1. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), როგორც ორგანიზებული დანაშაულის ფორმა
ადამიანით
ვაჭრობა (ტრეფიკინგი) განიხილება, როგორც მონობის თანამედროვე, სახეშეცვლილი ფორმა
[1]. ადამიანით ვაჭრობა ორგანიზებული
დანაშაულის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და შემოსავლიან სახედ მიიჩნევა. ტრეფიკინგის
განხორციელება ხშირად მოითხოვს რამდენიმე პირის კოორდინირებულ მოქმედებას, მათ შორის
მსხვერპლთა მოძიებას, გადაყვანას, გადამალვასა და ექსპლუატაციას. სწორედ ამიტომ აღნიშნული
დანაშაული უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების
საქმიანობასთან. საინტერესოა ზოგადად რა არის ტრეფიკინგი და რას ისახავს მიზნად.
1.1
ტრეფიკინგის არსი და ძირითადი მახასიათებლები
ტრეფიკინგი - ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო
გარიგების განხორციელება, აგრეთვე მუქარით, ძალადობით ან იძულების სხვა ფორმით, მოტაცებით,
შანტაჟით, თაღლითობით, მოტყუებით, უმწეო მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით,
საზღაურის ანდა სარგებლის მიცემის ან მიღების გზით იმ პირის თანხმობის მისაღწევად,
რომელსაც სხვა პირზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ადამიანის გადაბირება, გადაყვანა,
გადამალვა, დაქირავება, ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება ანდა მიღება ექსპლუატაციის
მიზნით
[2]. ტრეფიკინგის განმარტებას
გვთავაზობს ევროსაბჭოს კონვენციაც, რომლის თანახმად, ადამიანებით ვაჭრობა ნიშნავს ექსპლუატაციის მიზნით პირთა სამუშაოზე აყვანას,
ტრანსპორტირებას, გადაცემას თავშესაფრის მიცემას ან მიღებას, მუქარის ან ძალის ან იძულების
სხვა ფორმის გამოყენების, მოტაცების, თაღლითობის, მოტყუების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების,
ან უმწეო მდგომარეობით სარგებლობის ან საზღაურის ან სარგებლის მიცემის ან მიღების გზით,
რომლის მიზანია იმ პირის თანხმობის მიღება, რომელიც ახორციელებს კონტროლს სხვა პირზე.
ექსპლოატაცია, ყველაზე შეზღუდული განმარტებით, მოიცავს სხვა პირთა ექსპლოატაციის პროსტიტუციის
მიზნით ან სექსუალური ექსპლოატაციის სხვა ფორმებს, იძულებით შრომას ან მომსახურებას,
მონურ ან სხვა მსგავს მდგომარეობაში ჩაყენებას, ყმობას ან ორგანოების ამოცლას. პალერმოს
ოქმისა (2000წ) და ევროპის საბჭოს კონვენციის მიერ შემოთავაზებული ტრეფიკინგის განმარტებები
არსებითად იდენტურია და ეფუძნება ქმედების, საშუალებისა და ექსპლუატაციის მიზნის ერთობლიობას.
განსხვავება ძირითადად მათი რეგულირების მიზანში ვლინდება: პალერმოს ოქმი ტრეფიკინგს
განიხილავს, როგორც ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ფორმას, შესაბამისად,
აქცენტი მეტადაა გაკეთებული დანაშაულის აღმოფხვრაზე, ხოლო ევროპის საბჭოს კონვენცია
განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მსხვერპლთა უფლებების დაცვასა და მათი მხარდაჭერის
მექანიზმებზე. უკეთესი აღქმადობისთვის, ტრეფიკინგის მარტივ მაგალითად გვევლინება შემდეგი
სიტუაცია - თუ
ვინმეს უცხო ქვეყანაში „კარგი სამუშაოს“ დაპირებით წაიყვანენ, მაგრამ იქ ჩასვლის შემდეგ
ართმევენ პასპორტს, აიძულებენ მძიმე პირობებში მუშაობას და არ აძლევენ ანაზღაურებას,
ეს უკვე ტრეფიკინგია.
1.2
ტრეფიკინგის კავშირი ორგანიზებულ დანაშაულთან
ორგანიზებული დანაშაული,
თავისი მასშტაბებითა და გავლენით, რეალურ საფრთხედ იქცა კაცობრიობისთვის. თანამედროვე
მსოფლიოში დიდი მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, რადგანაც
იგი ხელყოფს საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს
[3]. როგორც ზემოთ აღინიშნა,
ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებს არეგულირებს ორგანიზებულ
დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო სამართალი. მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზებულ
დანაშაულთან ბრძოლაში ჩართული ორგანოებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების
მიხედვით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო სამართლის ეს დარგი შეიძლება
დავყოთ ორ სახედ
[4]. ესენია: იუსტიციის ორგანოებს
შორის თანამშრომლობა ე.წ. Judicial Cooperation (პროკურატურა, იუსტიცია და სასამართლო
ორგანოები); საპოლიციო თანამშრომლობა ე.წ. Police-to-police Cooperation (უფრო ვრცლად,
სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობა, როგორიცაა პოლიცია, ფინანსური პოლიცია,
სამხედრო პოლიცია, საბაჟო და ყველა სხვა ორგანო (თუნდაც ეროვნული უსაფრთხოების სამსახურები),
რომლებსაც სამართალდამცავი და საგამოძიებო ფუნქციები გააჩნია). რაც შეეხება ტრეფიკინგს,
ჩემი აზრით, ტრეფიკინგთან ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პოლიციურ
(Police-to-police) თანამშრომლობას, რადგან ის უზრუნველყოფს ოპერატიულ გამოძიებასა
და დანაშაულის სწრაფ გამოვლენას, ხოლო იუსტიციის ორგანოებს შორის თანამშრომლობა წარმოადგენს
ამ პროცესის შემდგომ, სამართლებრივ ეტაპს, რომელიც დაკავშირებულია მტკიცებულებების
გაცვლასა და დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენასთან. გარდა ამისა, ადამიანით
ვაჭრობა, როგორც წესი, არ არის ერთჯერადი ან ინდივიდუალური ქმედება. ის მოითხოვს კარგად
ორგანიზებულ სტრუქტურას, სადაც სხვადასხვა პირი ასრულებს კონკრეტულ როლებს. ერთნი ეძებენ
მსხვერპლს, სხვები უზრუნველყოფენ გადაყვანას, დოკუმენტების გაყალბებას, კონტროლს და
ბოლოს ექსპლუატაციას. სწორედ ასეთი განაწილებული და კოორდინირებული საქმიანობა არის
ორგანიზებული დანაშაულის მთავარი მახასიათებელი. ამასთანავე, ტრეფიკინგი ხშირად ხორციელდება
ტრანსნაციონალურად, ანუ სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ერთდროულად. ეს კიდევ უფრო
მეტად მიუთითებს ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქსელებზე, რადგან ერთი ჯგუფი მარტო ვერ
შეძლებს საზღვრებს შორის მსხვერპლის გადაყვანას, მათი დამალვასა და ექსპლუატაციის მართვას.
2.
ადამიანით ვაჭრობა, ტრეფიკინგი VS მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანა
საინტერესოა, რა განსხვავებაა ტრეფიკინგსა და მიგრანტთა
საზღავრზე უკანონო გადაყვანას შორის. ეს ორი დანაშაული ხშირად შედარებულია, რადგან ზედაპირულად
ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თუმცა სამართლებრივად განსხვავებული შინაარსი აქვთ. ორივე
შემთხვევაში საქმე გვაქვს ადამიანების გადაადგილებასთან, ხშირად საერთაშორისო საზღვრების
გადაკვეთის კონტექსტში, და ორივე შეიძლება განხორციელდეს ორგანიზებული დანაშაულებრივი
ჯგუფების მიერ, რაც მათ „ტრანსნაციონალური დანაშაულების“ კატეგორიაში აერთიანებს. გარდა ამისა, ტრეფიკინგიც და მიგრანტთა
უკანონო გადაყვანაც ხშირად იყენებს მსგავს მეთოდებს: მოტყუებას, დოკუმენტების გაყალბებას,
არალეგალურ მარშრუტებს და კორუფციულ ქსელებს. სწორედ ამ მსგავსების გამო, პრაქტიკაში
მათი ერთმანეთისგან გარჩევა რთულია, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ერთმანეთისაგან
განვასხვავოთ ტრეფიკინგი და მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანა. მთავარი განმასხვავებელი
ნიშანი არის ის, რომ მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანა მთავრდება მიგრანტთა დანიშნულების
ადგილზე ჩასვლით, მაშინ როცა ტრეფიკინგი მოიცავს მსხვერპლის შემდგომ ექსპლუატაციასა
და გარკვეული ფორმით ქმნის ტრეფიკიორის არალეგალურ შემოსავალს. გარდა ამისა, მიგრანტთა
საზღვარზე უკანონო გადაყვანას ყოველთვის ტრანსნაციონალური ხასიათი აქვს, მაშინ, როცა
ტრეფიკინგის შემთხვევაში ეს სავალდებულო ნიშანი არ არის, იგი შეიძლება განხორციელდეს,
მიუხედავად იმისა, მსხვერპლი გადაყვანილია სხვა სახელმწიფოში, თუ ერთი სახელმწიფოს
ფარგლებში ერთი ადგილიდან მეორეზე
[5].
3. საერთაშორისო გამოცდილება
ტრეფიკინგის ტრანსნაციონალური ხასიათისა
და მასშტაბების გათვალისწინებით, მის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ერთი სახელმწიფოს ძალისხმევით
შეუძლებელია. აღნიშნული დანაშაული სცდება ეროვნული საზღვრების ფარგლებს და ხშირად დაკავშირებულია
საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელების საქმიანობასთან. სწორედ ამიტომ
საერთაშორისო თანამეგობრობამ შეიმუშავა არაერთი სამართლებრივი მექანიზმი და თანამშრომლობის
ფორმა, რომლებიც მიზნად ისახავს ტრეფიკინგის პრევენციას, დამნაშავეთა გამოვლენასა და
დასჯას, ასევე მსხვერპლთა უფლებების დაცვას. თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკა ეფუძნება
იმ პრინციპს, რომ ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლა მოითხოვს სახელმწიფოთა კოორდინირებულ
მოქმედებას, ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივ საგამოძიებო ღონისძიებებსა და საერთო სამართლებრივი
სტანდარტების არსებობას. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო
ხელშეკრულებებსა და კონვენციებს, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის
ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო და განსაზღვრეს სახელმწიფოთა ვალდებულებები. ქვემოთ განხილულ
იქნება ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ,
რომელიც ხელმოსაწერად გაიხსნა ვარშავაში 2005 წლის 16 მაისს, ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა
და მთავრობების მეთაურების მესამე სამიტის. იგი ძალაში შევიდა 2008 წლის 1 თებერვალს.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საერთაშორისო კონვენცია საქართველოსაც აქვს რატიფიცირებული
[6].
3.1. ევროპის საბჭოს კონვენციის მიზანი ტრეფიკინგის აღმოფხვრასთან დაკავშირებით
ევროპის საბჭოს კონვენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
მექანიზმია მსხვერპლისთვის „აღდგენისა და გააზრების პერიოდის“ (Recovery and
Reflection Period) მინიჭება. მაგალითად, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი სექსუალური
ექსპლუატაციის მიზნით იქნა გადაყვანილი ევროპულ სახელმწიფოში და სამართალდამცავებმა
იგი ტრეფიკინგის მსხვერპლად აღიარეს, კონვენციის საფუძველზე სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება,
უზრუნველყოს მისი უსაფრთხო საცხოვრებელი, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, ასევე
გარკვეული პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოს მსხვერპლისათვის უსაფრთხო და გარკვეული
დროით სტაბილური საცხოვრებელი. ამ მექანიზმის მიზანია, მსხვერპლს მიეცეს დრო ფიზიკური
და ფსიქოლოგიური აღდგენისათვის და შეძლოს გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ თავისუფალი
გადაწყვეტილების მიღება
[7]. მაშასადამე, ევროსაბჭოს კონვენციის მიზანი
არ არის მხოლოდ დამნაშავის დასჯა, არამედ ის ხელს უწყობს ტრეფიკინგის მსხვერპლის სრულ
ფიზიკურ თუ მენტალურ გამოჯანმრთელებას.
3.2 სტატისტიკური მონაცემები
ყოველწლიურად ტრეფიკინგის მსხვერპლი ადამიანების
რაოდენობის არაზუსტი შეფასების გაკეთებაც კი რთულია, საუკეთესო შემთხვევაში, პრობლემის
ფარული ხასიათის გამო. შეფასების სირთულეებს ისიც ამძაფრებს, რომ ტრეფიკინგი ხშირად
ხორციელდება განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების მიერ. მთავრობის ანგარიშვალდებულების
ოფისის (GAO - Government Accountability Office) მონაცემებით, აშშ-ის მთავრობის მიერ
ტრეფიკინგის მსხვერპლი პირების რაოდენობის შეფასება რთულია. მიუხედავად ამისა, ადამიანებით ვაჭრობისა
და კონტრაბანდის საკითხებში თითქმის ყველა ექსპერტი, იქნება ეს პრაქტიკოსი თუ მეცნიერი,
თანხმდება, რომ პრობლემა გლობალურია და იზრდება, სამწუხაროდ, „ადამიანებზე მოთხოვნა
იზრდება“. ადამიანებით ვაჭრობისა და კონტრაბანდის ზრდა ყველაზე თვალსაჩინო ბოლო ორი
ათწლეულის განმავლობაში იყო. ევროპაში აფრიკიდან,
ახლო აღმოსავლეთიდან და აზიიდან უკანონო მიგრაციის იზრდება. ყოველწლიურად დაახლოებით
400,000 ადამიანი არალეგალურად შემოდის ევროპაში. ვარაუდობენ, რომ 2000 წლიდან შეერთებულ
შტატებში ყოველწლიურად 850,000-მდე არალეგალური იმიგრანტი შემოდის, თუმცა 2007 წლიდან
ეს რიცხვი შემცირდა. ამ იმიგრანტთაგან ბევრი თავად უხდის ფულს კონტრაბანდისტებს, რათა
სხვა სახელმწიფოს საზღვარზე გადავიდეს უკანონოდ, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ტრეფიკინგის
შემთხვევად. თუმცა, ძალიან ხშირად ისინი, ვინც არალეგალურად გადადიან სხვა სახელმწიფოს
ტერიტორიაზე, ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან „გზაში“ ან ჩასვლისთანავე
[8]. აღნიშნული პირდაპირპროპორციულად მიუთითებს
სხვადასხვა კონტრაბანდისტული თუ ორგანიზაციული ჯგუფების არასანდოობაზე.
4. საქართველოს პრაქტიკა
ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით
საქართველოში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების სააგენტო. სააგენტო უზრუნველყოფს ტრეფიკინგის მსხვერპლთა
იდენტიფიცირების, თავშესაფრით უზრუნველყოფის, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და იურიდიული
დახმარების, ასევე რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროგრამების განხორციელებას
[9]. სახელმწიფო ზრუნვისა
და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო წარმოადგენს საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს. გარდა ამისა, საქართველოში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ
საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კანონი „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ
ბრძოლის შესახებ“. აღნიშნული კანონი არეგულირებს ტრეფიკინგის პრევენციის, გამოვლენისა
და აღკვეთის საკითხებს, განსაზღვრავს მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მექანიზმებს,
ასევე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებებს. კანონის მიზანია ადამიანით
ვაჭრობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის უზრუნველყოფა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა უფლებების
დაცვა
[10]. საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროს ეგიდით რეგულარულად ტარდება საინფორმაციო კამპანიები, შეხვედრები მოსახლეობის ცნობიერების
ასამაღლებლად, განსაკუთრებით ახალგაზრდების, მიგრანტებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის,
რათა შემცირდეს ტრეფიკინგის მსხვერპლად გახდომის რისკი
[11].
დასკვნა
ნაშრომში გაანალიზდა ტრეფიკინგის
წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმები. განსაკუთრებული მნიშვნელობა
ენიჭება პალერმოს ოქმსა და ევროპის საბჭოს კონვენციას, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ტრეფიკინგის
წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი სამართლებრივი სტანდარტები. საქართველოს მიერ აღნიშნული
საერთაშორისო აქტების რატიფიცირებამ და შესაბამისი კანონმდებლობის მიღებამ მნიშვნელოვნად
შეუწყო ხელი ამ დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას. მიუხედავად
მიღწეული პროგრესისა, ტრეფიკინგი კვლავ რჩება თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან
გამოწვევად. ამიტომ აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება, საერთაშორისო
თანამშრომლობის გაღრმავება, მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების განვითარება და საზოგადოების
ცნობიერების ამაღლება, რათა ადამიანით ვაჭრობის შემთხვევები მაქსიმალურად შემცირდეს
და დაცული იყოს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
ბიბლიოგრაფია
4.
კვინიხიძე შალვა, ,,საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის
სამართალი“, 2022, 12
[4] კვინიხიძე შალვა, ,,საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის
სამართალი“, 2022, 12