ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობა

8
უფლების ცნება, პირთა უფლებაუნარიანობა და მათი ურთიერთკავშირი. ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობა.
რა არის უფლებაუნარიანობა? საზოგადოება იყოფა ორ ნაწილად. ერთს ამ ტერმინის სამართლებრივად გააზრება, გაგება და გაცნობიერება სურს, ხოლო მეორეს ეტიმოლოგიური მნიშვნელობა აინტერესებს. ჩემი აზრით, ერთიცა და მეორეც მნიშვნელოვანია. პირდაპირი მნიშვნელობით უფლებაუნარიანობა არის უფლებების ქონის უნარი/შესაძლებლობა. ისმის კიდევ ერთი კითხვა: რა არის უფლება? "უფლება არის სინამდვილე, რეალური ფაქტი, არსი, რაც ქმნის უფლებაუნარიანობას " . თუ არ გვაქვს "რაღაცის" უფლება, არ ვართ უფლებაუნარიანები.  ("რაღაცაში" იგულისხმება მემკვიდრეობის უფლება, საკუთრების უფლება, სიცოცხლის უფლება, აზრის გამოხატვის უფლება და ა. შ)  ადამიანებს დაბადებიდანვე გვაქვს უფლებები. გერმანელი იურისტის, იურიდიული პოზიტივიზმის წარმომადგენლის, გეორგ ელინეკის აზრით, "ადამიანის უფლებები ხალხის ისტორიული ევოლუციის ის დანალექია, რომელიც მყარად აღიბეჭდება სამართლებრივ ინსტიტუტებში, როგორც ხალხის მთელი ოსტორიული ყოფიერების აუცილებელი პირობა". ჩემი ყურადღება მიიპყრო ზემოთ მოყვანილი ციტატის ბოლო სტრიქონმა "ადამიანის უფლებები ხალხის მთელი ისტორიული ყოფიერების აუცილებელი პირობა". ფაქტობრივად, ელინეკს სურს მიგვახვედროს, რომ ჩვენი, ადამიანების, ყოფა/არსებობა ჩვენს უფლებებზეა დამოკიდებული. ხშირ შემთხვევაში საზოგადოების გარკვეულ კატეგორიას ჰგონია, რომ უფლება და თავისუფლება ორი სრულიად ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ცნებებია, რაც სულაც არაა ასე. დავაკვირდეთ სიტყვა "თავისუფლების" ეტიმოლოგიას - "თავის უფლება", ანუ ჩვენ გვაქვს საკუთარ თავზე, აზრზე, სხეულზე და ა. შ უფლება. ჩემი აზრით, უფლება უფლის/ბუნების მიერ ბოძებული ტალანტია (სადავო საკითხია). სწორედ უფლის მიერ ბოძებულ ტალანტებს შეისწავლის და იცავს ე.წ "ბუნებითი სამართალი" - სამართალი, რომელიც გვეძლევა. თუმცა, ჩვენდა საუბედუროდ, ეს უფლებებიც ირღვევა. ამ უფლებებს არღვევს ტოტალიტარიზმისკენ მიდრეკილი ადამიანი, რომელსაც აბსოლუტური ძალაუფლება სწყურია. მსგავსი ადამიანები ივიწყებენ სამართალს, მორალს, ზნეობას. სხვები  სამართლის ობიექტებად - ნივთებად მიაჩნიათ, საკუთარი თავის გარდა.  მაგალითად, ძველ რომში მონებს ადამიანებად, სამართალსუბიქტობის მქონე პირებად კი არა "მოლაპარაკე ინსტრუმენტებად" ("instrumentum vocale") მიიჩნევდნენ. კაცობრიობის ისტორიის გარკვეულ პერიოდებში ეს მარაზმი გრძელდებოდა, ხალხი საკუთარი უფლებების, სამართალსუბიექტობის, სამოქალაქო უფლებებისა და მშვიდობისთვის მზად იყო იმგვარი ხელისუფლებისთვის გაეძლო, რომელიც უკანონოდ, ან თუნდაც რეპრესიებით განხორციელდებოდა არსებული ქაოსის აღმოსაფხვრელად. სხვა ფაქტორებთან ერთად ესეც ხსნის, თუ რატომ დაეთანხმა გერმანელთა უმრავლესობა ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლას. სამწუხაროდ, გვავიწყდება, რომ "ადამიანის ბუნება ატლანტიკის ორივე მხარეს ერთნაირია, არასდროს არ უნდა გვჯეროდეს, რომ შეუზღუდავი ძალაუფლება არასდროს იქნება ბოროტად გამოყენებული." (თომას ჯეფერსონი) ჰიტლერმა დაივიწყა, "მეხსიერებიდან ამოიშალა" ადამიანის უფლებები, სამართლის სუბიექტის ცნება, ყველაფერი, რაც ებრაელებს გადაარჩენდა "ეთნიკური წმენდისგან". ამ მაგალითმა ნათლად გვიჩვენა, რომ უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის, რომლებიც ხშირად "კვაზიუსაფრთხოებად" და "კვაზიმშვიდობად" გადაიქცევიან, არ ღირს ადამიანის უფლებების უარყოფა და აბუჩად აგდება. ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლა არაა სათაკილო საქმე, პირიქით, აუცილებელია მანკიერი სისტემების დასაშლელად. ჩვენი უფლებების დასაცავად სადარაჯოზე მყოფებს "არ უნდა გვდევნიდნენ სოციალური მშვიდობიდან." (ჰანა არენდტი) ადამიანმა ყოველთვის უნდა იგრძნოს თავი ადამიანად, სამართლის სუბიექტად. 
  უფლებების დამცველად გვევლინება "შიშის პირმშო" - კონსტიტუცია (ანდრაშ შაიო). საინტერესოა, რატომ უწოდებს შაიო კონსტიტუციებს შიშის ნაყოფებს". "კონსტიტუციური ტექსტები სახალხო შიშის არქეოლოგიურ მონაცემებს წარმოადგენს".  ხალხს ადამიანის უფლებების გაუფასურების, წარსული დროის დაბრუნების ეშინია, როცა ადამიანი ნივთი იყო. აგრეთვე, არ შემიძლია არ აღვნიშნო სახელმწიფოს მეთაურის როლი ადამიანის უფლებების დაცვისა და განხორციელების საქმეში. გონიერი ხელისუფალი  ინსტრუმენტად იყენებს კონსტიტუციასა და სხვა სამართლებრივ აქტებს, რითაც თავის აბსოლუტურ ძალაუფლებას ზღუდავს ადამიანთა უფლება/თავისუფლებების სასრგებლოდ. ვეთანხმები ალექსის დე ტოკვილს, რომელმაც უარყო იაკობინელებისა და უტილიტარისტების აღმოჩენა - "მთავარია უმრავლესობის აბსოლუტური ძალაუფლება", "მაქსიმალურად მეტი სიკეთე მაქსიმალურად მეტი ადამიანისთვის"... რადგან მორალის სამყაროში ჰუმანიზმი, სამართლიანობა და გონიერება დგას უმრავლესობაზე მაღლა, ხოლო პოლიტიკურ სამყაროში - თითოეული ადამიანის განუყოფელი უფლებები. 
ახლა კი  ვისაუბროთ უშუალოდ უფლებაუნარიანობაზე, უფლებების ქონის შესაძლებლობაზე. ვინაიდან და რადგანაც, ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა კერძო სამართლის ბირთვის, სამოქალაქო სამართლის მოწესრიგების საგანს წარმოადგენს, აუცილებელია კერძო სამართლის არსისა და როლის გაცნობიერება. ავსტრიელი ეკონომისტი და საზოგადო მოღვაწე ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ჰაიეკი ამბობს: "კერძო სამართალზე დაფუძნებული წეს-წყობილება თავისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტიაა". სამოქალაქო სამართალი შესაძლოა მივიჩნიოთ მარადიულ სამართლად. რატომ? ნათქვამია, მთელი კანონმდებლობა, სამართლებრივი სისტემები რომ ჩამოიშალოს და დაინგრეს, კერძო სამართალი მაინც იარსებებს. სანამ ადამიანი იარსებებს, იქამდე იქნება ყოფითი ურთიერთობები. მართებული იქნება თუ სამოქალაქო სამართალს ყოფით, ცხოვრებისეულ სამართალს ვუწოდებთ.
ქვემოთ მოცემული მასალა კომპილაციური ხასიათისაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლი ეთმობა უფლებაუნარიანობის ცნებას, არსსა მახასიათებლებს. სსკ-ს მე-11 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირის უფლებაუნარიანობა- უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა ჩასახვისთანავე. სსკ-ს მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახნად, მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვისთანავე. ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია დაბადებაზე. სსკ-ს მე-11 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა წყდება მისი გარდაცვალებით. გარდაცვალების მომენტად ითვლება თავის ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტა. სსკ-ს მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება ფიზიკურ პირს წაერთვას უფლებაუნარიანობა.
უფლებაუნარიანობა წარმოიშობა იმ მომენტიდან, როცა ნაყოფი გამოეყოფა დედის ორგანიზმს. ამ მომენტიდან მას აქვს უნარი იყოს სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების მატარებელი, მიუხედავად მისი სიცოცხლის ხანგრძლივობისა. უფლებაუნარიანობა ნიშნავს ნებისმიერი ადამიანის უნარს იყოს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. საყურადღებოა ჩანასახის სამართლებრივი მდგომარეობა. არსებობს ჩანასახის სამართლებრივი დაცვის ფორმები. 
  • სისხლის სამართალი - აბორტის აკრძალვის გზით იცავს ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვის ინტერესებს.
  • საკონსტიტუციო სამართალი - ჩასახული ბავშვის ძირითად უფლებებს აღიარებს. 
  • სამოქალაქო სამართალი - იცავს ჩანასახის იმ ქონებრივ უფლებებს, რომლებიც მას დაბადების შემთხვევაში წარმოეშობა. 
ქართულ სამართალში "მემკვიდრედ ყოფნის უფლება" ჩასახვის მომენტს უკავშირდება, იგულისხმება კვერცხუჯრედების შერწყმა. არსებობს შეზღუდული და პირობითი უფლებაუნარიაონობა. შეზღუდულია იმიტომ რომ, იგი მხოლოდ მემკვიდრედ ყოფნის უნარს განამტკიცებს. პირობითია თუ ნაყოფი ცოცხალი არ დაიბადა, მაშინ არც ეს უფლება ჰპოვებს პრაქტიკულ განხორციელებას. უფლებაუნარიანობის პირობითობა ბავშვის დაბადებაზეა დამოკიდებული.  ევროპულ ქვეყნებში ჩანასახის უფლებებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც დაემატა. ზიანი შეიძლება წარმოიშვას ავტოავარიისა ან დედისთვის არასწორად დანიშნული მედიკამენტების გამო. 
სამოქალაქო სამართლის უზოგადესი პრინციპის თანახმად, ყველა ადამიანი უფლებაუნარიანია ე.ი. ყველას აქვს უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. თუმცა არის უთანსაწორობის ასოციაციის გამომწვევი ფაქტორები : მოქალაქეობა, რწმენა და სქესი. 
მოქალაქეობა და უფლებაუნარიანობა. არენდტის აზრით, "მოქალაქეობა - სახელმწიფოსადმი მიკუთვნება, ადამიანის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი უფლებაა. ამ უფლების გარეშე ადამიანი სოციალური მშვიდობიდან არის განდევნილი", თუმცა უფლებაუნარიანობის განსაზღვრისას, სამოქალაქო სამართალში მოქალაქეობას არა აქვს მნიშვნელობა. სამოქალაქო კოდექსი უფლებაუნარიანობას ადამიანის დაბადების ფაქტს უკავშირდება და არა მოქალაქეობის მიღებასა ან დაკარგვას. კერძოსამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა. 
პოლიტიკური შეხედულებები და უფლებაუნარიანობა. პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, არც რასა და არც რელიგია თამაშობენ უფლებაუნარიანობის განსაზღვრისას რაიმე როლს. ადამიანი, მიუხედავად რწმენისა ან რომელიმე რელიგიური გაერთიანებისადმი კუთვნილებისა, სამოქალაქო სამართლისთვის - შეუზღუდავად უფლებაუნარიანია. პირიქით იყო ტოტალიტარულ სახელმწიფოებში, სადაც ადამიანებს უფლებაუნარიაონიბას ართმევდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო. 
სქესის მნიშვნელობა უფლებაუნარიანობის განსაზღვრისას. ქალები და კაცები თანასწორნი არიან ("ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია") ქალისა და კაცის თანასწორუფლებიანობა კონსტიტუციითა დადგენილი. თანამედროვე და, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსიც ეთანხმება შეხედულებას, რომ ადამიანი ან ერთ სქესს მიეკუთვნება ან მეორეს. არ არსებობს არც უსქესო და არც ორსქესიანი ადამიანი. თუმცა რეალურ ცხოვრებაში გვხვდებიან ინტერსექსუალები. ამ შემთხვევაში ყურადღება გადატანილია პირთა სულიერ მდგომარეობაზე.
უფლებაუნარიანობა და უფლება. ყველა ცოცხალი ადამიანი უფლებაუნარიანია. უფლებაუნარიანობა ზოგადი ცნებაა, ხოლო უფლება კონკრეტული , რადგან ის კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოიშვება. მაგალითად, მესაკუთრე შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, მაგრამ საკუთრება აქვს ყოველთვის კონკრეტულ პირს კონკრეტულ საგანზე. 
უფლებაუნარიანობის დასასრული. მე-11 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა წყდება მისი გარდაცვალებით, იხსნება სამკვიდრო და წყდება ვალდებულება. ადამიანის გარდაცვალების მომენტად ითვლება თავის ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტა, აგრეთვე გულის შეუქცევადი გაჩერება და სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ადამიანს უფლებაუნარიანკბა ვერ შეუწყდება და ვერ წაერთმევა. 
ავტორი - ლანა რასოევი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი. 
გამოყენებული ლიტერატურა
  • ვალერიან მეტრეველი "რომის სამართლის საფუძვლები"
  • ანდრაშ შაიო "ხელისუფლების თვითშეზღუდვა"
  • ლადო ჭანტურია "სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი"- 2011 წელი
  • სამოქალაქო კოდექსის კომენტარი - წიგნი 1 სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებები.
8