რა არის ბალანსი
ბალანსი არის სხეულის უნარი, უზრუნველყოს მშვიდი, ვერტიკალური პოზა და მიზანმიმართული მოძრაობები ყველა პოზიციაში (მაგ. თავისუფალი ჯდომა, დგომა) ან მოქმედება (მაგ. სიარული, სირბილი). ისეთი აქტივობის შესრულებისას, რა დროსაც ადამიანს უწევს ბალანსის დაცვა, ის ამ დროს საკუთარი შეზღუდვების საზღვრებს აღიქვამს და აუმჯობესებს ბალანსის გრძნობის ორგანოს ან მეცნიერულად: ვესტიბულურ სისტემას.
ვესტიბულური სისტემა გვაწვდის ინფორმაციას ჩვენი სხეულის პოზისა და მოძრაობის შესახებ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს წონასწორობის, კოორდინაციის, თვალის კონტროლისა და ყურადღების განვითარებაში. იგი პასუხისმგებელია, ორიენტაციაზე სივრცეში, გვეხმარება სხეულის სიმძიმის/წონის გადაადგილებაში და გვაძლევს საიმედოობისა და უსაფრთხოების შეგრძნებას. ფუნქციის შესასრულებლად ის იღებს მოძრაობის შემდეგ იმპულსებს — შიდა ყურის (ვესტიბულური), სხეულის პოზის შეგრძნების (პროპრიოცეფცია), ვიზუალურ და ნებით მოძრაობის (მოტორული).
ცენტრალური ვესტიბულური სისტემის მოძრაობა გამოიხატება თვალისა და სხეულის სამ მარტივ რეფლექსში. ესენია ვესტიბულურ-მხედველობითი რეფლექსი (VOR), ვესტიბულო-კოხლეარული (VCR) რეფლექსი და ვესტიბულო-სპინალური რეფლექსი (VSR).
VOR უზრუნველყოფს თვალის მოძრაობას სუფთა სურათის შესანარჩუნებლად თავის მოძრაობის პირობებში. VCR ზემოქმედებს კისრის კუნთებზე თავის დასასტაბილურებლად. VSR უზრუნველყოფს სხეულის კომპენსატორულ მოძრაობებს თავისა და პოზიციის სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ამავდროულად იცავს მას დაცემისგან.
ბალანსის ვარჯიშები
ბალანსის ვარჯიშები არის აქტივობები, რომელსაც ფიზიკური თერაპევტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს თითოეული პაციენტისთვის, წონასწორობის გაუმჯობესების მიზნით. ინდივიდუალურად შექმნილი პროგრამები ავითარებს ვესტიბულურ და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას, აუმჯობესებს სხეულის პოზას, სიმძიმის ცენტრის შენარჩუნების და კუნთების რეაქციის დროს და ერთობლივ პროპრიოცეფციას (სხეულის უნარს აღიქვას სახსრები და კიდურები სივრცეში).
რა სარგებლობა მოაქვს ბალანსის ვარჯიშებს?
ბალანსის ვარჯიშები აუმჯობესებს შემდეგ პარამეტრებს:
- სტატიკური ბალანსი
- დინამიური ბალანსი
- ზოგადი პროპრიოცეფცია
- კუნთების რეაქციის დრო
- დაცემის რისკის შემცირება
- გაუმჯობესებული ფუნქციონირება — საყრდენი ზედაპირის გარეთ ამოცანების შესრულება
- კუნთის დატვირთვის შემცირება
- მობილობის გაუმჯობესება
რას მოიცავს ბალანსის ვარჯიშები?
ბალანსის გაუმჯობესების მიზნით შესაძლებელია შესრულდეს შემდეგი ტიპის ვარჯიშები:
- ვარჯიშები სხვადასხვა რელიეფზე
- აქტივობები სხვადასხვა საყრდენ ზედაპირზე, მაგ. ცალ ფეხზე დგომა ბალანსის დაფაზე
- ვარჯიშები ვიზუალური უკუკავშირის გარეშე
- სავარჯიშოები, რომლებიც ცდება თქვენს საყრდენ ზედაპირს, მაგ. მიწვდომა
- სავარჯიშოები, რომლებიც სცდება თქვენს საყრდენ ზედაპირს მოძრაობაში (დინამიური ვარჯიშები)
ვარჯიშების ტიპის შერჩევა ხდება დეტალური შეფასების შემდეგ. პროგრამა მოიცავს შეფასებას, მონიტორინგს და ინსტრუმენტის მეშვეობით პროგრესის გაზომვას.
რა დროს გამოიყენება ბალანსის ვარჯიშები?
სპეციალურად შექმინილი ბალანსის პროგრამები გამოიყენება შემდეგი დაავადებებისა და დაზიანებებისას:
- პრეოპერაციული პერიოდი — პოსტოპერაციულ პერიოდში შეიძლება გამოხატული იყოს დისბალანსი, ამიტომ მნიშვნელოვანია სხეულის პრეოპერაციულ პერიოდში მომზადება
- პოსტოპერაციულ პერიოდი — უმოძრაობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ვესტიბულურ სისტემაზე
- იოგების დაჭიმვა და კუნთების დაძაბულობა (განსაკუთრებით სახსრების მახლობლად) — არსებული პრობლემები ხშირ შემთხვევაში გავლენას ახდენს ორგანიზმის პროპრიოცეპტულ რეცეპტორებზე და ბალანსზე
- ხანდაზმული მოსახლეობა — ბალანსის ვარჯიშების გამოყენება ხდება ადინამიურობის შემცირების მიზნით
- ნევროლოგიური დარღვევები — მაგ.: პარკინსონის დაავადება
- თავის ტრავმები და სხვა…
ფიზიკური თერაპევტის შეფასება და წონასწორობისთვის განკუთვნილი ინდივიდუალურად შექმნილი პროგრამა დაგეხმარებათ წონასწორობისა და ფუნქციონირების გაუმჯობესებაში.