განათლების სისტემაში მასშტაბური რეფორმა იწყება

1
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის, განცხადებით, უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმა იწყება, რომლის ფარგლებში , , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი" და "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი" გაერთიანდება.
მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზსა და საერთაშორისო პრაქტიკას. როგორც მან აღნიშნა : „განხორციელებული შედარებითი კვლევისა და რექტორებთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ“.
გივი მიქანაძის განცხადებით, გაერთიანება მიზნად ისახავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეგიონულ აკადემიურ და სამეცნიერო ლიდერად ჩამოყალიბებას. „ეს იქნება საწინდარი, რომ თსუ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საერთაშორისო რეიტინგებს და გახდება რეგიონში წამყვანი ცენტრი, “ - აღნიშნა მინისტრმა.
რეფორმის განხორციელების მიზნით შეიქმნება დროებითი მმართველი ორგანო - „საბჭო“, ხოლო რეორგანიზაციის პროცესს რექტორისა და მისი მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები წარმართავენ.
მინისტრის განცხადებით, მიმდინარე რეფორმა არ ითვალისწინებს აკადემიური კადრების შემცირებას.
მაქსიმალურად შევინარჩუნებთ აკადემიურ პერსონალს და არ ვამცირებთ სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტებს..." - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ამასთან, უმაღლესი განათლების სისტემაში შეიქმნება „წამყვანი პროფესორის“ ახალი აკადემიური თანამდებობა, რომელიც სასწავლო და კვლევითი საქმიანობის ხარისხის ზრდაზე იქნება ორიენტირებული.
ამავდროულად, გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა ზოგადი განათლების სისტემის რეფორმაზეც. მისი თქმით, ახალი ინიციატივის თანახმად, პირველ კლასში ჩარიცხვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება 6 წელი.
„ცვლილება ამოქმედდება 2026–2027 სასწავლო წლიდან..." - აღნიშნა მინისტრმა.
ახალი კონცეფციის მიხედვით, სრული ზოგადი განათლება 11 წელს მოიცავს, ხოლო მე-12 კლასის არჩევა ნებაყოფლობითი იქნება. ამასთან, 2027–2028 სასწავლო წლიდან მე-11 კლასში ამოქმედდება სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რომელიც მოსწავლეებს ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში დაეხმარება.
მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო გადადის „ერთი კლასის - ერთი სახელმძღვანელოს“ პრინციპზე.
„სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას შექმნას ერთ კლასში, ერთ საგანში ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო..." - აღნიშნა მან და დაამატა, რომ პროცესი 2028 წლის სექტემბრამდე დასრულდება.
გარდა ამისა, 2026–2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმა და განისაზღვრება ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების წესი.
მინისტრის თქმით, რეფორმები განხორციელდება გამჭვირვალედ და საზოგადოების ჩართულობით.
1