გეშტალტის ლოცვა

9
გეშტალტთერაპევტის ლოცვა”, რომელშიც გადმოცემულია ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი თავისა და რეალობისადმი:
მე ეს მე ვარ, შენ კი შენ ხარ.
მე ჩემსას ვაკეთებ, შენ კი _ შენსას.
მე იმისთვის არ ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე,
რომ შენს მელოდინებს შევესატყვისებოდე.
შენ იმისთვის არ ცხოვრობ ამ ქვეყანაზე,
რომ ჩემს მოლოდინებს შეესატყვისებოდე.
შენ ხარ შენ, მე კი მე ვარ.
თუკი მოხდა ასეთი რამ, რომ
ჩვენ ვიპოვეთ ერთმანეთი _ ეს მშვენიერია.
თუკი არა _ ამას ვერაფერს უშველი.
ამ ტექსტის ფილოსოფიური აზრი არაერთგვაროვან ინტერპრეტაციას მოითხოვს. მასში ხაზგასმულია, რომ პიროვნებამ საკუთარი თავი თვითონ უნდა გააცნობიეროს და საკუთარ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობაც თავად უნდა აიღოს. ეს ერთგვარი პროტესტი და პასუხია იმ ზეწოლაზე, რომელიც ხორციელდება კულტურის, რელიგიის, საზოგადოების, პოლიტიკის, მასის, ოჯახის მხრიდან.
ამავე დროს მასში ნაჩვენებია ურთიერთობის, კონტაქტის მნიშვნელობა და სპეციფიკა. თუ რამდენად დიდი ცვლილების, შთაბეჭდილების მომტანია ღრმა კონტაქტის მქონე ურთიერთხედვა. მეორე მხრივ, რამდენად დამთრგუნველი და დამანგრეველია თავსმოხვეული, იძულებითი დამოკიდებულებანი, რომელთა მნიშვნელობის გამართლებასაც ახდენს ტოტალიტარული, არატოლერანტული საზოგადოება.
ტექსტში ნაჩვენებია პასუხისმგებლობის მნიშვნელობა, სიცოცხლესთან, საკუთარ თავთან და სამყაროსთან ურთიერთობაში. ის არსებობის საზრისს ბადებს და პიროვნული ზრდისა და განვითარების საფუძველია.
გეშტალტ თერაპიის კონცეფცია ადამიანის ჰოლისტურ გაგებას ეყრდნობა. მისთვის მიუღებელია ადამიანის დანაწევრებითი შესწავლა როგორც გონების-ორგანიზმის, სულის-სხეულის, გრძნობა-აზროვნების, ნებელობა-მოქმედებისა და სხვა. ჰოლისტური მიდგომა უარყოფს როგორც დუალიზმს, ისე მთელისა და მისი ნაწილების მექანიკური ჯამის ტოლობას. სხეული, გონება და სული მთლიანი ორგანიზმის ასპექტებია. გეშტალტ თერაპია ეფუძნება ვერტჰაიმერის დებულებას: `არსებობს მთელი, რომლის ქცევა არ განისაზღვრება მისი ცალკეული ელემენტებით. ასეთი მთელის ნაწილში მიმდინარე პროცესები თავადაა განსაზღვრული მთელის შინაგანი ბუნებით. ადამიანი ერთიანი ორგანიზმია და ის ყოველთვის ფუნქციონირებს, როგორც მთელი. არ არსებობს მე, რომელსაც აქვს სული, სხეული და გონება. ამის სანაცვლოდ არსებობს მე, როგორც ორგანიზებული მთელი. ჯანმრთელი ორგანიზმი არის არსება, რომელიც გრძნობს, აზროვნებს, მოქმედებს.
გეშტალ თერაპია თანამედროვე ფსიქო-კონსულტრიების, ფსიქოთერაპიის მიმართულებაა. იგი ფართოდ გამოიყენება ინდივიდუალური, ოჯახის, წყვილების, ბავშვების, მოზარდების, ორგანიზაციებისა და ბიზნესის ფსიქოლოგიურ კონსულტირებასა და ფსიქოთერაპიაში.
გეშტალტ თერაპია გასცდა „ფსიქოლოგიური მკურნალობის“ საზღვრებს. იგი მიმართულია პიროვნული განვითარებისა და ზრდის პროცესზე. ამ მხრივ ის ფსიქიგოლოგიური მეცნიერების, მედიცინის, ფილოსოფიის მონაცემებს ემყარება. ამასთან გეშტალტ თერაპია, გარკვეულწილად ხელოვნების სფეროსაც განეკუთვნება, რადგან ფსიქოთერაპევტის შემოქმედებითი მიდგომა აუცილებელია კლიენტის წარმატებით დახმარებისთვის.
„გეშტალტი“ (Gestalt), ქართულად – მთლიანობა, გერმანული სიტყვაა. იგი ფართო მნიშვნელობით გამოიყენება (აღნიშნავს სრულყოფილ ფორმას, ინტეგრაციას). ფსიქოთერაპიასა და ფსიქო-კონსულტირებაში, ტერმინს „გეშტლალტი“პიროვნების გამთლიანობის მნიშვნელობა ენიჭება. მეთოდის საფუძველია ადამიანის მიმართ ჰოლისტიკური (მთლიანობითი) ხედვა. გეშტალტ თერაპია „ნაწილებად დაშლილი პიროვნების“ გამთლიანებას ისახავს მიზნად. იგი საკუთარ თავთან, თუ გარემოსთან დაპირისპირების გადალახვაზე, ადამიანის ინტელექტუალური, ემოციური და ფიზიკური სფეროების ჰარმონიზაციაზეა მიმართული.
გეშტალტთერაპია უაღრესად ეფექტური, სწრაფმოქმედი მეთოდია. იგი ეხმარება ადამიანს კონფლიქტების გადაჭრაში, უცვლელი პრობლემური რეალობის მიმართ განწყობის შეცვლაში, ნევროზული სიმპტომების (შფოთვა, პანიკა, ფობია, დეპრესია, აკვიატება, რიტუალური მოქმედებები, დეპერსონალიზაცია – დერეალიზაციის განცდა, ძილის პრობლემები) დაძლევაში, შინაგანი სისუსტის აღმოფხვრაში, პიროვნული რესურსების აქტივაციასა და მიზნების მიღწევაში. გეშტალტ თერაპიის საშუალებით ადამიანი სწავლობს სტრესის მართვას, ემოციური დისკომფორტის გადალახვას, „კონტაქტის ტექნიკას“, წარმატებულ კომუნიკაციას, კონფლიქტეიბის თავიდან აცილებისა და მოგვარების ტაქტიკას. გეშტალტ თერაპია ახდენს თვითრეგულაციის უნარის განვითარებას; ადამიანს გამოცდილებაში ეძლევა, თუ როგორ დაძლიოს შფოთვა, დისკომფორტი და შეუწყოს ხელი თავის ბედნიერების განცდას და ჰარმონიით ცხოვრებას..
9