გიგო - საწყისი ქართული მხატვრობის

22
„...იმდენი ნიჭიც ეტყობა მის ნაწარმოებებს, რომ მას შეუძლია შექმნას მთელი ეპოქა მხატვრობაში...“
მე-19 საუკუნეში ვითარდება ახალი ქართული მხატვრობა და მეორე ნახევარში სრულიად ჩამოყალიბებულ სახეს იძენს, თუმცა, რეალიზმის ჩამოყალიბება ცოტა მოგვიანებით 80-იან წლებში მოხდა. ვფიქრობ, გიგო გაბაშვილი ის ერთ-ერთი მათგანი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელმაც ხელი შეუწყო რეალისტური ფერწერის დამკვიდრებას, რადგან მისი შემოქმედება არ მოიცავს რომელიმე კონკრეტულ ერთ ჟანრს და მისი დიაპაზონი ძალიან ფართოა, მეტიც, ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც დაამკვიდრა ბატალური ჟანრი და ნატურმორტი. ჩემთვის, როგორც მნახველისათვის მისი შემოქმედება მრავალფეროვანია, რომელიც გაჟღენთილია სხვადასხვა ფერებითა და გრადაციებით.
მას მხატვრობისადმი ინტერესი ბავშვობიდანვე ქონდა და თავდაპირველად თბილისის ძველ უბნებში კედლებზე ხატავდა. ვერ წარმოედგინა ცხოვრება მუშაობის გარეშე. ხატავდა მუდმივად, ხანდახან ორ ნამუშევარზე ერთად მუშაობდა, ხოლო მისი მოღვაწეობა იწყება 1881 წლიდან, როდესაც მან სწავლა დაიწყო და ნახატების გაყიდვა თავის სარჩენად. მისი ცხოვრებისა და ხელოვნების პერიოდი რამდენიმე ეტაპად იყოფა.
გიგო პეტერბურგში სასწავლებლად ჩავიდა, თუმცა, ჯანრმთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მან ვერ შეძლო დაეკმაყოფილებინა სასწავლებლის პირობები, მიუხედავად ამისა, იგი რჩება პეტერბურგში და აგრძელებს იქ ხატვას, 1877-78 წლის ომმა განაპირობა მისი სურვილი, რომ სწავლა გაეგრძელებინა ბატალურ კლასში. 1886 წელს მიაღწია მიზანს და ჩაირიცხა თავისუფალ მსმენელად აკადემიაში. სწორედ ამ დროს ქმნის იგი აკადემიურად შესრულებულ და დამუშავებულ ნამუშევრებს ისეთს, როგორიცაა „ცხენოსანი ქურთი“.  ჩვენამდე მოაქვს რეალური წამიერი კადრი. თითქოს გვესმის ბალახის შრიალი, მხედრისა და ცხენის ხმაური. შექმნილი აქვს დინამიკური ფერადოვანი ნამუშევარი.
1888 წელს ვერცხლის მედალზე დაამთავრა სასწავლებელი, ჩამოდის საქართველოში და მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო ვერ იღებს ატესტატს და რჩება სამშობლოში.
მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. გადიოდა დღეები ისე რომ მხოლოდ პურითა და ჩაით იკვებებოდა და ზამთრის ყინვაში საზაფხულო პალტოთი დადიოდა. როგორც მისი წერილიდან ირკვევა დახმარებას ილია ჭავჭავაძე უწევდა, რომელთანაც მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდა. გაზეთ „ივერიაში“ სისტემატურად იბეჭდებოდა წერილები გაბაშვილის ნაწარმოების შესახებ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, გაბაშვილი მწერლის ხშირი სტუმარი იყო. ილიას ოთახში, ძირითადად, სპეციალურად მისთვის დახატული ისტორიული სურათები ეკიდა. („ქართული მხატვრობა-გიგო გაბაშვილი“, 2011 :18)
გაბაშვილის სტილის განვითარებას და ახალი სახეების შექმნას ხელი შეუწყო „პერედვიჟინკებმა“ , რომელიც იყო მოძრავ მხატვრულ გამოფენათა გაერთიანება. ამისგამო ხშირად აკრიტიკებდნენ მას და ადანაშაულებდნენ სუბიექტური აზრის არქონაში, თუმცა, აშკარაა, რომ მან მაინც მოახერხა განესხვავებინა რუსულ-ქართული სტილი და შეექმნა ინდივიდუალური. 
მხატვრის ხელს ეკუთვნის ვარძიის გეგმა და ეკლესიის მხატვრობის პირები. მან, ასევე, მოხატა ილია ჭავჭავაძის სამუშაო ოთახის ჭერი.
პერსონალური გამოფენა 29 წლის ასაკში მოეწყო. მას ეხმარებოდა დავით სარაჯიშვილი, რომელმაც იცოდა ფასი გიგო გაბაშვილის. „გამოფენის გახსნის დღეს ძალზე ვნერვიულობდი. მე გამოფენაზე არ წავსულვარ, სახლში ვიყავი. თუ გამოფენას ხალხი ცუდად შეხვდებოდა, გადაწყვეტილი მქონდა თავის მოკვლა. დავმშვიდდი მხოლოდ საღამოს, როდესაც პაგარელოვამ(მხატვარი, მეგობარი, ხელმძღვანელი) მომიტანა სასიამოვნო ცნობა გამოფენის გამარჯვების შესახებ“ -გიგო.
გაბაშვილმა შეასრულა შუა აზიისა და კავკასიის ხედების ამსახველი 12 სურათი და ცნობილი ნამუშევარი „ბაზარი სამარყანდში“, რომელიც 2006 წელს 1 136 00 დოლარად გაიყიდა. 
სურათებისთვის აგროვებს მასალას, ასრულებს უამრავ ჩანახატს. მხატვარი ქმნის სხვადასხვა ვარიანტებს მრავალფიგურიანი კომპოზიციებისათვის. ამკგვარად შეიქმნა ციკლი შუა აზიის ცხოვრებიდან. 
ჩემთვის და, ალბათ, ყველასათვის, ვინც გიგო გაბაშვილის შემოქმედებას იცნობს, საუკეთესო საქართველოს პერიოდია . იგი წარმოაჩენს ქვეყნის მშვენიერებას. განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ხევსურეთზე („მძინარე ხევსური“, „მთვრალი ხევსური“...) კახეთსა და ახალციხეზე(„ახალციხელი ებრაელები“, „ვარძიის ტაძარი“, „ალავერდობა“...) მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი გაბაშვილის შემოქმედების შემდეგ შეიცნობს ტრადიციულ სამოსს, არქიტექტურას, ბუნებასა და სილამაზეს.
ხშირად „იდეურობის“ არქონას აბრალებდნენ, მაგრამ, გიორგი წერეთელი ერთ-ერთ წერილში წერს: „პირველივე ნახვა მისი მხატვრობის, ვისაც კი ოდნავ მაინც ესმის, რაში მდგომარეობს ამა თუ იმ მხატვრობის ღირსება, ცოტა არ იყოს განცვიფრებაში მოიყვანს მას. უნებურად ეკითხება შენს თავს, ნუთუ ქართველებში შესაძლებელია ისეთი ნიჭი განვითარდეს და, თუ განვითარდა, რატომ აქამდე არშეგვინიშნავს...“ და იქვე: „...იმდენი ნიჭიც ეტყობა მის ნაწარმოებებს, რომ მას შეუძლია შექმნას მთელი ეპოქა მხატვრობაში...“
იმდენად ქართულია მისი ნახატები და პორტრეტები, რომ მარტივია შეიცნო პერსონაჟის ბუნება, განწყობა, ემოცია და გარემო, რომელშიც ისინი იმყოფებიან. ვფიქრობ, რომ არა გიგო რთული იქნებოდა ასეთი მრავალფეროვანი ნამუშევრების შექმნა საქართველოში, რეალისტურ შემოქმედებას სათავეც ხომ სწორედ მან დაუდო.
თუმცა, სამწუხარო რეალობაა ის, რომ მისი საკმარისად დაფასება სიცოცხლეში ვერ მოხერხდა. 1920იან წლებში ახალი თაობის წარმომადგენლები მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ „დრომოჭმულ და ისტორიის საკუთრებაში გადასულ მხატვრდად“ მოიხსენიებდნენ და, გარდა ამისა, მისი ნამუშევრებისათვის არაა მუდმივი კუთხე გამოყოფილი და სარდაფში ინახება, მიუხედავად მისი ანდერძისა და ერთადერთი სურვილისა: „უსაზღვრო ერთგულებითა და სიყვარულით ვუძღვნი საჩუქრად ჩემს ხალხს მრავალწლიან შრომას. ვთხოვ არსებულ მთავრობას კეთილ ინებოს მიღება ამ საჩუქრისა და , თუ შესაძლებელი იქნება, ერთი დარბაზი ან ოთახი გამოჰყოს ჩემი სურათებისათვის, რომლებიც ახლა სხვადასხვა გალერეასა და დაწესებულებებშია გაფანტული“.
გიგო 1936 წელს გარდაიცვალა, თუმცა, მისი შემოქმედება იყო საწყისი ქართული მხატვრობისა.
22