ელენე ახვლედიანი

25
„ქართველი ქალი ბუნებით მხატვარია. აბა დააკვირდით ჩვენი წინაპრების ნაქსოვ-ნაქარგებს. მათი შემქმნელები დიდებული მხატვრები იყვნენ, მაგრამ, ისე გაქრნენ, რომ მათი ვინაობა მხოლოდ ნაქსოვზე მიწერილი ამონაქარგითღა ვიცით. შენ კი ელენე, ხატე, ხშირად ხატე... თელავი და ალაზნის ველი თავის მხატვარს ელოდება“-იხსენებს მხატვარი, თუ როგორ უთხრა ბარნოვმა კლასის თანდასწრებით მას.
ელენე ახვლედიანი დიდი მხატვარი იყო, ევროპული მასშტაბისა, ქართული ეროვნული პეიზაჟის დიდოსტატი, თუმცა, გარდა ამისა, იგი გამოირჩეოდა ადამიანური თვისებებით.
თავისუფალი ენციკლოპედიიდან ვიგებთ, რომ 1922 წელს სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. იყო გიგო გაბაშვილის მოწაფე. იმავე წელს, როგორც აკადემიის სტიპენდიანტი, საზღვარგარეთ მიავლინეს და სწავლა გააგრძელა პარიზში, სადაც იგი იმყოფებოდა 1927 წლამდე. შემდეგ იგი ბრუნდება სამშობლოში და მისი მკაფიო ინდივიდუალურობა და თვითმყოფადობა ყველა ჟანრში გამოავლინა. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართული პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით, ზოგჯერ ხაზგასმული დეკორატიულობით, კომპოზიციის აგების სიმახვილით, ხალისიანი და სადღესასწაულო ან სევდიანი, დრამატული განწყობით.
განსაკუთრებული სიყვარულით არის შესრულებული თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი მიძღვნილი პეიზაჟები. ერთ-ერთი რეპორტაჟიდან ვისმენთ: „მისი ნამუშევრებიდან განსაკუთრებით „კახეთის ზამთარი“ პიკასოს მოსწონებია, რომელიც მხატვრის პერსონალურ გამოფენაზე ნახა, თუმცა, ელენემ პაბლოს ნახატის გაცემაზე უარი უთხრა“
ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული სცენოგრაფიის განვითარებას. თეატრის მხატვრად მუშაობა 1928 წლიდან დაიწყო, არ შეუწყვეტია მთელი სიცოცხლის მანძილზე და სულ გააფორმა 72 სპექტაქლი.
როგორი ადამიანი იყო თავად ელენე? მისი ერთ-ერთი მეგობარი ზაზა აბაშიძე გვიყვება ელენეს შესახებ: „ელენე ძალიან ხელგაშლილი ადამიანი იყო. ქველმოქმედი. ხელოვან ბავშვებს საახალწლოდ თავის დარბაზს უთმობდა. თვეობით მასთან ცხოვრობდნენ ნათესავები ან მეგობრის მეგობრები. მისი კარი არასდროს იკეტებოდა და, ამიტომ, მარტო არასდროს იყო. საკმარისია ვინმეს ნახატი ეთხოვა, რომ მაშინვე ჩუქნიდა“. ერთხელ, გამოფენაზე ცოლ-ქმარი, რომლებიც დიდხანს იდგნენ ერთ ნახატთან და ფულს ითვლიდნენ, თუმცა, არ ჰყოფნიდათ, ელენე მივიდა და ჰკითხა: - რა იყო, მოგწონთო? მათ კი უპასუხეს, რომ მოსწონდათ, მაგრამ ვერ ყიდულობდნენ. როდესაც ელენემ დაინახა, რომ ისინი მზად იყვნენ, ბოლო კაპიკები ხელოვნებაში დაეხარჯათ, მან აიღო და ისე აჩუქა.
ელენეს მეგობრის ირინა კალანდაძის მიერ მონათხრობ ისტორიაში ვკითხულობთ: „მე ხშირად ვყოფილვარ ელენესთან, როცა ის ხატავდა. ამ დროს ის მძლავრად აღიქვამდა თვალით ხილულს. მის ნამუშევრებში იყო ხასხასა მთების ფერი, ოქროსფერი ცა, იასამნისფერი ხეები. ჰქონდა არაჩვეულებრივი ნიჭი, გამოესახა ნაკლოვანი ადამიანი ისე, რომ უნაკლოდ მოგჩვენებოდა.“ ელენემ კარგად იცოდა, რომ ის ხალხს ეკუთვნოდა და ფიქრობდა, თავისი ნამუშევრები ხალხისთვის დაეტოვებინა. ნახატების ყურებისას, რომლებზეც ხატია სახლები, აგიზგიზებული ცეცხლი და თოვლით დაფარული არემარე, არ შეიძლება სიხარული არ დაგეუფლოს.
საბოლოოდ, ელენე საოცრად სამაგალითო ადამიანი იყო, როგორც დიდი ხელოვანი, ასევე დიდი სულის მქონე პიროვნება, მუდამ ხალხისთვის არსებობდა და მუშაობდა, რადგან სწორედ ეს ჰგვრიდა დიდ სიხარულსა და ბედნიერებას, ამიტომ, მგონია, რომ ის საქართველოში ყველა დროის ერთ-ერთი წამყვანი მხატვარია. ელენე ახვლედიანი ისტორიას დარჩა არა მხოლოდ როგორც გენიალური მხატვარი, არამედ განსაკუთრებული და გამორჩეული ადამიანი. თანამედროვეები ხშირად იხსენებდნენ მის განსაკუთრებულ სიყვარულს და ზრუნვას ძველი თბილისისადმი, მისი სახის შენარჩუნებისთვის. მხატვრის უშუალო ჩარევის შედეგად არაერთი ძველი შენობა გადაურჩა ნგრევას.
25