ერთი კონკრეტული ამინომჟავის რაოდენობის შემცირებამ თაგვების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზარდა

3
თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ერთი კონკრეტული ამინომჟავის შეზღუდული მიღება ანელებს დაბერების პროცესს და ახანგრძლივებს მათ სიცოცხლეს 🐭🤔
• ScienceAlert-ის თანახმად, მეცნიერები ცდილობდნენ გაეგოთ იქონიებდა თუ არა ეს მეთოდი იგივე გავლენას ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ხარისხზე.
იზოლეიცინი სამი განშტოებული ჯაჭვის ამინომჟავებიდან ერთ-ერთია, რომელსაც ჩვენს ორგანიზმში ცილების წარმოსაქმნელად ვიყენებთ.
ის აუცილებელია ჩვენი გადარჩენისთვის, მაგრამ რადგან ჩვენს უჯრედებს არ შეუძლიათ მისი ნულიდან წარმოება, გვიწევს მივიღოთ ისეთი წყაროებიდან, როგორებიცაა კვერცხი, რძის პროდუქტები, სოიოს ცილა და ხორცი.
ადრე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რაციონში იზოლეიცინის დონე ასოცირდება მეტაბოლურ ჯანმრთელობასთან და რომ სხეულის მასის უფრო მაღალი ინდექსის (BMI) მქონე ადამიანები მიდრეკილნი არიან მოიხმარონ ამინომჟავების გაცილებით მაღალი რაოდენობა.
თაგვების გენეტიკურად მრავალფეროვან ჯგუფს შეუდგინეს რაციონები:
- რაციონი, რომელიც შეიცავდა ოც ამინომჟავას;
- რაციონი, რომელშიც თითოეული ამინომჟავა შემცირებული იყო დაახლოებით ორი მესამედით;
- რაციონი, რომელშიც მხოლოდ იზოლეიცინი იყო შემცირებული ორი მესამედით.
კვლევის დასაწყისში, თაგვები დაახლოებით ექვსი თვის იყვნენ, რაც 30 წლის ადამიანის ასაკის ექვივალენტია.
მათ შეეძლოთ ეჭამათ იმდენი, რამდენიც სურდათ, მაგრამ მხოლოდ იმ საკვებიდან, რომელიც მათი ჯგუფისთვის იყო განკუთვნილი.
რაციონში იზოლეიცინის შეზღუდვამ გაზარდა თაგვების სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანმრთელობის ხარისხი, შეამცირა მათი სისუსტე, ხელი შეუწყო სიგამხდრესა და გლიკემიის კონტროლს.
მამრი თაგვების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა 33 პროცენტით, ხოლო მდედრების 7 პროცენტით, იმათთან შედარებით, რომელთა რაციონშიც იზოლეიცინი არ იყო შეზღუდული.
ამ თაგვების შემთხვევაში, ჯანმრთელობის 26 ინდიკატორიც უკეთესად გამოიყურებოდა, მათ შორის კუნთების სიძლიერე, მედეგობა, სისხლში შაქარი, კუდის გამოყენება და თმის ცვენა.
ამ ჯგუფის მამრ თაგვებს ასევე ნაკლებად აღენიშნებოდათ პროსტატის ასაკთან დაკავშირებული გადიდება, ასევე ნაკლებად ჰქონდათ სიმსივნეების განვითარების ალბათობა, რაც ხშირია თაგვებში.
თაგვები, რომელთა რაციონიც შეიცავდა იზოლეიცინის დაბალ რაოდენობას, მოიხმარდნენ ბევრად მეტ კალორიას, ვიდრე სხვები.
მაგრამ, წონის მატების ნაცვლად, ისინი ხარჯავდნენ მეტ ენერგიას და შეინარჩუნეს უფრო გამხდარი სხეული, მიუხედავად იმისა, რომ მათი აქტივობის დონე არ განსხვავდებოდა სხვებისგან.
მკვლევრები თვლიან, რომ იზოლეიცინის შეზღუდვამ ადამიანებში, რაციონით ან ფარმაცევტული საშუალებების მეშვეობით, შეიძლება გამოიწვიოს დაბერების საწინააღმდეგო ეფექტები.
მათივე თქმით, სანამ მეთოდი ადამიანებზე არ გამოიცდება, დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით.
მაგრამ, ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე განხორციელება, რადგან ზოგადად, ცილების მიღების შეზღუდვა საზიანო გავლენას ახდენს სხეულზე, როგორც თაგვების შემთხვევაში, ისე ადამიანის შემთხვევაშიც.
ამ კვლევის ადამიანის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ მაღალი ცილოვანი საკვების შემცირება, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი იზოლეიცინის მიღების შეზღუდვის უმარტივესი გზაა.
კვლევა Cell Metabolism-ში გამოქვეყნდა.
3