"ვოიაჯერ 1" იმ გადამცემით გამოვიდა სახლთან კონტაქტზე, რომელიც 1981 წლიდან არ გამოიყენებოდა

1
სარეზერვო რადიო გადამცემი დაახლოებით 43 წლის განმავლობაში მიძინებული იყო 🛰️
✦ 16 ოქტომბერს "ნასას" ღრმა კოსმოსური კომუნიკაციების ქსელმა (დედამიწაზე არსებული დიდი რადიო ანტენების სისტემა) "ვოიაჯერ 1-ს" ბრძანება გაუგზავნა, რომ ჩაერთო მისი ერთ-ერთი გამათბობელი.
18 ოქტომბრისთვის მისიის გუნდმა შენიშნა, რომ "ვოიაჯერ 1" არ პასუხობდა ამ ბრძანებას.
ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ჩვენმა ვარსკვლავთშორისმა მკვლევარმა თავისი ძირითადი რადიო გადამცემი გამორთო და ავტომატურად სარეზერვო გადამცემზე გადაერთო, რომელიც ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.
ეს გადართვა მას ენერგიის დაზოგვაში და უსაფრთო რეჟიმში დარჩენაში ეხმარება.
ამ გენიალურ "ვოიაჯერებს" (კოსმოსში სულ 2 ვოიაჯერია) ხარვეზებისგან დამცავი სისტემა აქვთ, რომელიც შეიძლება პრობლემის არსებობის შემთხვევაში ჩაირთოს, მაგალითად, თუ აპარატები ენერგიის ძალიან დიდი რაოდენობით მოხმარებაზე გადავლენ.
როდესაც ეს ხდება, აპარატი თიშავს ყველა არაარსებით სისტემას, რათა დაზოგოს ენერგია და არ გახდეს უფუნქციო.
ამ შემთხვევაშიც ეს მოხდა - "ნასას" გუნდმა 18 ოქტომბერს ვერ შენიშნა აპარატიდან მომავალი სიგნალი, რადგან სიგნალების მიმოცვლის სიჩქარე მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, თუმცა, მოგვიანებით, მეცნიერებმა აპარატიდან მომავალი ძალიან სუსტი სიგნალი მაინც ამოიცნეს.
ირკვევა, რომ Voyager 1-ის ხარვეზებისგან დამცავი სისტემა რამდენჯერმე გააქტიურდა, რის გამოც აპარატი გადავიდა ნაკლებად მძლავრ გადამცემზე, რომელიც არ გამოუყენებიათ 1981 წლიდან.
შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, მეცნიერებს არ უცდიათ, რომ ხომალდი ისევ მძლავრ გადამცემზე დაებრუნებინათ.
ამის ნაცვლად, მათ ბრძანება გაუგზავნეს 22 ოქტომბერს და ორი დღის შემდეგ, 24 ოქტომბერს, საბოლოოდ აღადგინეს კავშირი კაცობრიობის მიერ შექმნილ ვარსკვლავთშორის მოგზაურთან.
აღნიშნული კოსმოსური აპარატი ვარსკვლავთშორის სივრცეში, ჩვენგან 24 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული და სიგნალების მიმოცვლას დაახლოებით 23 საათი სჭირდება.
მომზადებულია Space.com-ზე დაყრდნობით.
1