,,ვოიაჯერ 2’’-ის სულისშემძვრელი მარცხი და მაინც გაგრძელებული გზა

5
ცხადია, კოსმოსის კვლევის ისტორიას მარცხიც არაერთი ახსოვს და ეს სრულებით ნორმალურია, რადგან შეცდომებზე სწავლა ძალზედ ეფექტური გზაა უკეთესი მომავლის ან უკეთესი შედეგის გამოსაძერწად.
კოსმოსური აპარატების, "ვოიაჯერების" ისტორიაში, მარცხის შესახებ ცნობების უმეტესობა "ნასას" კულისებში დარჩა და დედამიწის მოსახლეობამ დიდწილად ამ აპარატების ტრიუმფალურ მიღწევებზე შეიტყვეს.
ამ სტატიაში სწორედ ერთ სულისშემძვრელ მარცხზე მოგიყვებით, რომელიც "ვოიაჯერ 2"-მა განიცადა.
• 1981 წლის აგვისტოში, "ვოიაჯერ 2" სატურნის უკანა მხრიდან „ამოვიდა“ (როგორც დედამიწიდან ჩანდა).
კამერების პლატფორმა უწყვეტად მოძრაობდა, ხან ერთ, ხან მეორე მხარეს სწრაფად ტრიალდებოდა, რათა ამ ხანმოკლე სიახლოვის განმავლობაში ყველაფრის დანახვა მოესწრო - რგოლები იქნებოდა, მთვარეები თუ თვით პლანეტა.
უეცრად პლატფორმა „გაიჭედა“.
ეს ძალზე არასასურველი მოულოდნელობა იყო: აპარატის მმართველმა გუნდმა იცოდა, რომ ხომალდი მალე ისეთ სასწაულებრივ ობიექტებს ჩაუფრენდა, რომლებიც არავის არასდროს უნახავს და რომლებსაც მრავალი წლის, შესაძლოა, ათწლეულების შემდეგაც ვერ ვიხილავდით.
ეს „გულგრილი" საფრენი აპარატი კი ამ დროს ჯიუტად მხოლოდ ცარიელ სივრცეს მიშტერებოდა და სხვა არაფერი აინტერესებდა.
პლატფორმას აბრუნებდა ამძრავები, რომლებშიც კბილანები გამოიყენებოდა.
ამიტომ, ლაბორატორიის ინჟინრებმა მაშინვე შექმნეს ამძრავის ასლი და მას მისიის მსგავსი პირობები შეუქმნეს.
ამ დანადგარმა მხოლოდ 348 ბრუნი შეასრულა და გაჩერდა.
"ვოიაჯერ 2-ის" ამძრავმა კი 352-ჯერ შემობრუნება მოასწრო.
აღმოჩნდა, რომ პრობლემის გამომწვევი მიზეზი საპოხი საშუალების ნაკლებობა იყო. 😃😬
მიზეზი კი დადგინდა, მაგრამ გუნდს რა უნდა ექნა?
ცხადია, კოსმოსურ აპარატს ვერ დაზეთავდნენ.
ინჟინრებმა გადაწყვიტეს, გაერკვიათ, გაჩერებული ამძრავის ამუშავება გათბობა-გაცივების მონაცვლეობით ხომ არ შეიძლებოდა.
იქნებ, ტემპერატურის ცვლილებებს ამძრავის შემადგენელი ნაწილების ურთიერთგანსხვავებული სიჩქარით გაფართოება-შეკუმშვა გამოეწვია და, შედეგად, მწყობრიდან გამოსული სისტემა ამოძრავებულიყო?
ინჟინრებმა ეს იდეა საგანგებოდ დამზადებულ ამძრავის პროტოტიპზე გამოცადეს და გახარებულებმა აღმოაჩინეს, რომ ამ გზით კოსმოსში „გაჭედილი“ ამძრავის ხელახლა ამუშავებას შეძლებდნენ.
ამასთან ერთად, პროექტის თანამშრომლებმა ამძრავის სავარაუდო პრობლემების წინასწარი დადგენის მეთოდებიც შეიმუშავეს, რათა შესაძლო სირთულეებს მომზადებულნი შეხვედროდნენ.
ამის შემდეგ, "ვოიაჯერ 2-ის" მოძრავი პლატფორმა იდეალურად მუშაობდა.
სწორედ ამ ძალისხმევის ნაყოფია ურანისა და ნეპტუნის სისტემებში გადაღებული საოცარი ფოტოსურათები.
ინჟინრებმა მისიის გადარჩენა კიდევ ერთხელ შეძლეს.
თუ რატომ ვახსენე, რომ კიდევ ერთხელ შეძლეს, ამას მომდევნო სტატიაში გიამბობთ.
სხვა დეტალები აპარატის შესახებ:
• ენერგიის წყარო: აპარატებს გააჩნიათ გენერატორები, რომლებიც რადიოაქტიურ პლუტონიუმს ელექტროობად გარდაქმნის.
ისინი მზის ენერგიაზე რომ ყოფილიყვნენ დამოკიდებულნი, მიღებული ელექტროსიმძლავრე მზისგან მათი დაშორების კვალდაკვალ შემცირდებოდა.
ბირთვული ენერგია რომ არა, აპარატები გარე მზის სისტემიდან დედამიწაზე მონაცემების გამოგზავნას საერთოდ ვერ შეძლებდნენ.
• გაშვების თარიღი: 1977 წლის 20 აგვისტო;
• დისტანცია დედამიწიდან: 2023 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, აპარატი ჩვენგან 20 მილიარდი კოლომეტრის დაშორებით იმყოფება და კვლავაც აგრძელებს გზას.
• 46 წელი კოსმოსში.
მეცნიერების ვარაუდით, "ვოიაჯერებთან" კონტაქტი 2025 წლამდე გაგრძელდება.
facebook | ჩვენი ვებგვერდი 🚀
5