ვცადოთ

7
ჩემთვის ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებისა და ფრაზებისგან შედგებოდა, რადგან არაფერი გამეგებოდა ამ წუთისოფლისა. ფრაზები, რომლებიც ჩემში იწვევდა გაურკვეველ ფიქრთა კორიანტელს, რომელშიც წამდაუწუმ ვიკარგებოდი, ჩემში აღძრავდა ბუნდოვან, ღრმა წარმოდგენებს. ადამიანების ზედაპირულმა დაკვირვებებმა წუთისოფელზე აღმიძრა ორი უკიდურესობის მოლოდინი , მე მოველოდი თვალწარმტაც სიმშვენიერესა და ღვთიურ სიკეთეს, ან მე მოველოდი შემაძრწუნებელ ბოროტებასა და სიმახინჯეს სამყაროსგან. ამბობდნენ თუ გამართლდა პირველი მოლოდინი, მაშინ გაგიმართლაო, თუ არა აქაც და იქაც სამუდამო ტანჯვა გელისო....რა თქმა უნდა, როგორც ყველა ბავშვი მეც შემიბყრო შიშნარევმა სწრაფვამ რეალობისკენ, განცდისკენ, სულერთია ეს ენით აღუწერელი ღვთიური ბედნიერება იქნებოდა თუ საშინელი ტანჯვა...სხვათაშორის მოლოდინი მეორისა მუდამუფრო დიდი მქონდა, ბოლომდე არ ვყოფილვარ ჩაფლული ბავშვობის ვარდისფერ ჭაობში.
პირველი წარმოუდგენლად საშინელი ტანჯვა, დიდი უბედურების დასაწყისი: ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როდესაც გვიან ღამით, ზამთარში, ყინვაში, მამისეულ სახლში დაბრუნების ჟამს გზად კივილი მომესმა. მამისეულ სახლში იმ ღამით გვარის გამგრძელებლის, ბიჭი შვილის სიკვდილის ამბავი მიიტანეს და სხეულიც მიასვენეს, სული ჩეთან იყო, ჩემი ძმა ჩემთან ძალიან ახლოს იყო, ისე ახლოს რომ ვგრძნობდი... ზუსტად მახსოვს ის კივილი და რა გრძნობაც ედო მას საფუძვლად, მაგრამ მაშინ გააზრების თავი ვის ჰქონდა? ეს არის ტკივილის ტალღა სხეულიდან ბგერებად გამომდინარი, აი უკვე განვიცდი მას, მაგრამ ნუთუ ტკივილი ამაზე საშინელი არ არის? ნუთუ სულ ეს არის? მაგრამ თურმე ესეც საკმარისია სულის ასაკივლებლად.
მან ხომ იცის, რომ ეს უმნიშვნელო ამბავი არ ყოფილა? ვფიქრობ, სწორი არ იქნებოდა იმის თქმა, რომ ჩემს ფანტაზიაში ეს უფრო შემაძრწუნებლად იყო დახატული, ჩემს სხეულში იყო ჩასახული გაურკვეველი წინათგრძნობა, უსხეულო წარმოდგენა, წარმოუდგენლად საშინელი ტანჯვა, რაღაც ამაზე უფრო დიდი და მტკივნეული. არ დააყოვნა ამ ტანჯვამაც და სისხამ დილით ისევ გაისმა გულის განგმირავი კივილი მამისეულ სახლში და ჯერ კიდევ სანახევროდ ჩაფლული გოგონა ვარდისფერ ჭაობში, ერთიანად აღმოჩნდა შავ-თეთრ სამყაროში, იმ ცივ ზამთრიან დილას დედა გარდაიცვალა. იაკოს წასვლა იყო პირველი დიდი განცდა, რომელმაც გააქრო უკიდურესად მტკივნეული საშინელების მოლოდინი, რადგან ის უკვე მოხდა....
და მაინც დიდი მოლოდინი მაქვს იმ თვალწარმტაცი სიმშვენიერისა და ღვთიური ბედნიერებისა, ვფიქრობ, რომ ჯერ ყველაფერი წინაა. თუ მოისურვებ და შენში აღძრავ სურვილს, რომელსაც ნამდვილად დიდი ძალისხმევა სჭირდება, დაანახო შენს პატარა მეს, რომ წინ ვარდებით მოფენილი გზაა, სადაც ეკალზე მეტი ვარდია, ვარდები ბევრი ეკლებით უკან მოიტოვე, წინ ბედნიერებაა, რომელსაც შენ წუთისოფლის თვალწარმტაც მშვენიერებას უწოდებ მაშინ ყველაფერს შეძლებ. ეგზიუპერმა თქვა : „ბევრი რამ უნდა გადაიტანო ადამიანი რომ გახდე.“ რამდენიც არ უნდა ვარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ უდანაშაულოდ, დაუმსახურებლად დაგვატყდა უბედურება, მაინც უმეტეს შემთხვევაში ჩვენ განცდილი უბედურების გამო გვიჩნდება ზიზღნარევი ფიქრები საკუთარი თავის მიმართ და უპატივცემულობას ვიჩენთ სულის მიმართ, ამის დასაბლოკად კი უნდა გაგვაჩნდეს ოდნავი მიმნდობლობა წუთისოფლის მიმართ და საკუთარი თავის მიმართ, რადგან ადამიანო, სულით მშვენიერებავ, შენ ძალგიძს შეცვალო შენი ცხოვრება უკეთესობისკენ, უბრალოდ ცადე, ჩემთან ერთად, წამზომი ჩაირთო...
7