თბილისის ბუტიკის ტიპის საუკეთესო სასტუმროები

9
თუ თქვენც ჩემსავით გიყვართ სასიამოვნო გარემოს აღმოჩენა და დასვენება, გთავაზობთ Forbes-ის სიას, სადაც წარმოდგენილია თბილისის ბუტიკის ტიპის სასტუმროები, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა ინტერიერით.
Unfound Door
მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი 111, თბილისი, საქართველო
დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ეს სასტუმრო, რომლის ინტერიერს ბუნებრივად ერწყმის შენობის კედლებზე შემორჩენილი ძველებური ფრესკები, ერთგვარი ნაბიჯია წარსულში. Unfound Door-ი არის ადგილი, სადაც თავის დროზე კულტურული ელიტა იკრიბებოდა – თანაც, ეს ენერგია დღესაც იგრძნობა. სასტუმროში სულ შვიდი ნომერია და თითოეული მათგანი – უნიკალურია.
Communal Plekhanovi
მისამართი: ეგნატე ნინოშვილის ქ. 22, თბილისი, საქართველო
შენობა, რომელშიც Communal Plekhanovi-მა ბინა დაიდო, ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ნაგებობაა მთელ ჩუღურეთში. თუმცა, უნიკალური სტილის გარდა, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ამ სასტუმროს, თბილისის ბუტიკის ტიპის სხვა სასტუმროებისგან ბრენდის ესთეტიკა და იქ მდებარე რესტორანი, Weller-ი გამოარჩევს.
Bazzar Boutique Hotel
მისამართი: ფხოვის ქ. 3, თბილისი, საქართველო
Bazzar Boutique Hotel-ი თბილისის ერთ-ერთი უახლესი სასტუმროა, რომელიც იდეალურად ერწყმის მთაწმინდის მდიდარ და გამოუცნობ ისტორიას. სასტუმროს ცისფერი კედლები და ხასხასა სტაფილოსფერი და თეთრი ფერები, რომლებითაც აბაზანები არის გაწყობილი, საქმითა და სიცოცხლით მჩქეფარე ორბელიანის მოედანს გადაჰყურებს. აღნიშნული ოცნომრიანი სასტუმრო ისეთივე ცოცხალია, როგორიც ის უბანი, რომელშიც ის მდებარეობს.
The House Hotel Old Tbilisi
მისამართი: ჩახრუხაძის ქ. 15, თბილისი, საქართველო
ძველი თბილისის უახლესი სასტუმრო – The Hose Hotel Old Tbilisi, ის მომხიბვლელი ადგილია, სადაც ღამისა და დღის გატარება ერთი დიდი სიამოვნებაა. ამ ჩვიდმეტნომრიანი სასტუმროს თითოეული ნომერი უნიკალურია, რადგან ისინი ადგილობრივი ხელოვანის, მუსია ქებურიას მიერ შესრულებული კედლის ნახატებითაა შემკული. ამასთანავე, სასტუმროში დარჩენისას, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ეზოში მდებარე საუცხოო რესტორანს, სახელწოდებით Blue Fox-ს.
The 10
მისამართი: ზურაბ ჟვანიას ქ. 10, თბილისი, საქართველო
მთაწმინდაზე მდებარე ეს სასტუმრო და რესტორანი ნამდვილი განძია, რომელიც ადამიანების მიერ მის აღმოჩენას ელის. ამასთანავე, ის იმდენად კომფორტულია, რომ იქ ღამის გატარება მეგობართან დარჩენას მოგაგონებთ. ცხადია, სტუმარმასპინძლობაც ისეთია, როგორიც მეგობრულ გარემოს შეეფერება.
g.Vino City Wine Hotel
მისამართი: დიმიტრი უზნაძის ქ. 82, თბილისი, საქართველო
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ეს სასტუმრო ბუნებრივ ღვინოს ეძღვნება – ეს აისახება როგორც სასტუმროში არსებულ გარემოზე, ასევე მის დევიზზეც. g.Vino City Wine Hotel-ი ღვინის მოყვარულების საყვარელი ადგილია, სადაც ისინი უნიკალური ღვინოების დასაგემოვნებლად იკრიბებიან.
Kisi Boutique Hotel
მისამართი: ბოტანიკური ქ. 17, თბილისი, საქართველო
ნარიყალას ციხესიმაგრესა და აბანოთუბანს შორის, გოგირდის აბანოების სახელგანთქმულ უბანში მდებარე Kisi Boutique Hotel-ი ის სასტუმროა, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ. დილა აივანზე, თბილისის უძველესი უბნის უნიკალური ხედებით ტკბობაში გაატარეთ, საღამოს კი ბოტანიკურ ბაღში აისეირნეთ.
Shota @ Rustaveli Boutique Hotel
მისამართი: ტარას შევჩენკოს ქ. 1, თბილისი, საქართველო
შოთა რუსთაველის სახელთან დაკავშირებული ბუტიკის ტიპის ეს სასტუმრო არა მხოლოდ საოცრად გემოვნებიანია, არამედ იმ რამდენიმე სასტუმროდან ერთ-ერთია, რომელსაც აუზი და საუნა აქვს – თბილისში ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. დილით აუზს ენერგიული მუხტის მისაღებად ესტუმრეთ, საღამოს კი – რელაქსაციისთვის, მაგრამ მოგვიანებით აუცილებლად დააგემოვნეთ სასტუმროში მდებარე რესტორნის, Melograno-ს უგემრიელესი კერძები.
Sandali Metekhi Boutique Hotel
მისამართი: ვიქტორ ჯორბენაძის ქ. 23, თბილისი, საქართველო
მდინარე მტკვარზე, ევროპის მოედანსა და რიყის პარკზე გამავალი ხედების მქონე Sandali Metekhi Boutique Hotel-ი ის სასტუმროა, რომელიც საკუთარი ნომერ-ლუქსებითაა განთქმული. სასტუმროს განსაკუთრებულ ნომრებს შორის, აუცილებლად უნდა გამოვყოთ ტერასის მქონე ნომერ-ლუქსი, შუშის ნომერ-ლუქსი და გარეთა აბაზანის მქონე ნომერ-ლუქსები.
Timber Boutique Hotel
მისამართი: ალექსანდრე ხახანაშვილის ქ. 37, თბილისი, საქართველო
ინდუსტრიულ გარემოში მდებარე ეს ოცდათექვსმეტნომრიანი სასტუმრო ქალაქის ტურისტული აჟიოტაჟის კერებისგან მოშორებით, ხახანაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, რაც მას მეტად მშვიდი, საცხოვრებელი უბნისთვის დამახასიათებელი აურით აღავსებს. სასტუმროსთან ახლოს არაერთი საინტერესო ადგილი მდებარეობს, მათ შორის იოსებ სტალინის საიდუმლო სტამბა, Battleground-ის სასროლეთი და ლეხ კაჩინსკის სახელობის ბაღი.
Hotel Abanotubani
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის ქ. 3/9, თბილისი, საქართველო
აღნიშნული სასტუმრო მის სტუმარს გოგირდის აბანოებისა და თბილისის ულამაზესი ხედების უნიკალური კომბინაციის გამოცდის საშუალებას აძლევს – თანაც, არა მხოლოდ მზიან ზაფხულში, არამედ სუსხიან ზამთარშიც კი. გოგირდის აბანოებით დაინტერესებულებს ორ ვარიანტს შემოგთავაზებთ – „გულოს თერმულ აბანოსა“ და „ჭრელ აბანოს“, რომელთა გამოცდის შემდეგ, „კულინარიუმ ხაშერიაში“ სტუმრობა არ უნდა დაგავიწყდეთ.
Alphabet Hotel
მისამართი: თელავის ქ. 3, თბილისი, საქართველო
Alphabet Hotel-ი ერთ-ერთი ის სასტუმროა, რომელიც მომხმარებლებს უნიკალურ ლოკალურ გამოცდილებას სთავაზობს. ავლაბრის მეტრომდე ათი წუთის სავალზე მდებარე ამ სასტუმროში ინდუსტრიული ელეგანტურობა ხვდება რეტროს, მაგრამ ყველაფერი ეს სახლის მსგავს თბილ შთაბეჭდილებას ქმნის.
TbiliSee Hotel
მისამართი: ბეთლემის ქ. 24, თბილისი, საქართველო
ძველი თბილისის შუაგულში, ბეთლემის ქუჩაზე მდებარე ეს სასტუმრო მართლაც იმ სასტუმროების კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ – სასტუმროს სახელწოდებაში არსებული სიტყვა „see”-ც ხომ ამის მანიშნებელია. TbiliSee Hotel-ში დარჩენისას გასართობი ნამდვილად არ მოგაკლდებათ, რადგან ახლოს არის როგორც „ილუზიების მუზეუმი“, ასევე „გალერეა 27“ და „ფრიდას კაფე“.
Stamba Hotel
მისამართი: მერაბ კოსტავას ქ. 14, თბილისი, საქართველო
არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ თბილისის საუკეთესო სასტუმროების არც ერთი რეიტინგი სრულყოფილი არ არის, თუ მასში სასტუმრო Stamba არ შედის. თავისთავად Stamba, რომელიც ქალაქის ცენტრში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, ყოფილი ინდუსტრიული სტამბის შენობაში მდებარეობს, თბილისური შიკის მწვერვალად ითვლება. Stamba-ში რომ მოხვდებით, აუცილებლად ესტუმრეთ კაფეს, ღია ცის ქვეშ მდებარე ამფითეატრსა და ვერტიკალურ ბაღებს.
* სტატიაში გამოყენებული აღწერები ინგლისურენოვანი მასალის მოკლე შინაარსს წარმოადგენს.
**სტატია ეკუთვნის BM.GE-ის
***სტატიაზე იმუშავა ამერიკულმა Forbes-მა.
9