თბილისის კულტურული მემკვიდრეობა - მნიშვნელოვანი, ღირებული, გადასარჩენ

7
ძმები კაკაბაძეების 7 ნომერში პატარა კარის გავლით მოხვდებით. იქ ცასთან შერწყმული ცისფერი კიბე დაგხვდებათ უამრავი წითელი საფეხურით. ყველა მხრიდან დააკვირდებით, ხელს შეახებთ და დაიწყებთ ასვლას უფრო და უფრო მაღლა. მიდიხართ, მიუყვებით მრგვალ კიბეს, თუმცა, თავბრუსხვევა სულაც არ გაწუხებთ. სულ ზედა საფეხურს გინდათ შეხვდეთ რაც შეიძლება მალე. მერე იქიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს. იყურებით და ხედავთ ანძას, რომელიც ახლა ლამის თქვენ სიმაღლე გამხდარა. თბილისური ეზო კი თითქოს ხელის გულზე დაგეტევათ.
პროექტი „კიბე“ ალტრუისტული წამოწყებაა, რომლის მონაწილეებმაც შეძლეს და ვარსკვლავი ფილმიდან „დღე პირველი დღე უკანასკნელი“ ხელახლა ააკაშკაშეს. ნიკა გაბისკირია ამ პროექტის მონაწილეა. უნივერსიტეტში არქიტექტურას სწავლობდა, თავისი ინტერესის სფეროს. სწავლის დასრულების შემდეგაც მიჰყვა არჩეულ პროფესიას და თავისი მეგობრის, ეზოს მაცხოვრებლის ტომას იბრაჰიმის გაცნობის შემდეგ მისი გზა კიბესთან გადაიკვეთა.
“ზედა სართულზე ცხოვრობდა ტომასი, ყოველდღე უყურებდა კიბეს. მასაც ძალიან უყვარს არქიტექტურა და გული წყდება, რომ  რაღაცები ქრება და ნადგურდება. ძალიან მოტივირებული ადამიანია და ძალიან უნდოდა ამის გაკეთება. ასე გავიცანით კიბეც”. - ყვება ნიკა.
პროექტზე ძირითადად ახალგაზრდა არქიტექტორები მუშაობდნენ, რომლებსაც რესტავრირების სფეროში ნაკლებად ჰქონდათ გამოცდილება. სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრი კონსულტაცია გაიარეს დურგლებთან, კულტურული მემკვიდრეობის დარგში არსებულ პროფესიონალებთან და ამის შემდეგ შეადგინეს გეგმა. საჭირო იყო საბუთების მობილიზება, ნებართვის აღება, რაც საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა. 
კიბე ეზოს მოსახლეობას ეკუთვნის და არავის საკუთრებაში არ შედის, შესაბამისად, მთელი ეზო უნდა შეთანხმებულიყო რესტავრაციაზე და ენთუზიასტებისთვის მინდობილობა გაეფორმებინა.
„თავიდანაც საკმაოდ რთული იყო მეზობლებთან შეთანხმება. ამიტომ ეს პროცესი გაიწელა. თვეზე მეტი მაინც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მეზობლებთან”. - იხსენებს ნიკა.
კიბე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო, გუნდის წევრებს დაზუსტებით ვერავინ ეუბნებოდა, შეძლებდნენ თუ არა მის გადარჩენას. დაშლას და ხელახლა აღდგენას. ბევრისგან მოისმინეს ფრაზა „იცი, ამას თუ დაშლი, ვეღარ ააწყობ...“ 
თუმცა, გამოჩნდა დათო ლილუაშვილი, რომელიც იყო ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, ვინც თქვა, რომ კიბის პროექტის განხორციელება შეიძლებოდა. 
კიბეზე აქტიური მუშაობა დაიწყო. დაინომრა ყველაფერი, რათა ხელახალი აწყობისას ყველა დეტალი თავდაპირველ ადგილს დაბრუნებოდა. ამის შემდეგ კიბის დეკონსტრუქციის ჯერი დადგა.
„დეკონსტრუქცია, სხვათა შორის, ძალიან რთული გვეგონა და გრაფიკში, ალბათ, ორი კვირა მაინც გვქონდა გაწერილი. თავიდან დათოსთან ერთად ავედით ზემოთ სახურავის შესამოწმებლად და ნელ-ნელა, მოდი, აბა ეს ავწიოთ, მოდი აბა ის მოვხსნათ და ნახევარ დღეში ნახევარი კიბე დაშლილი გვქონდა. რაღაც ძალიან აღფრთოვანებულები ვიყავით მაგ პერიოდში. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ სამ დღეში დავშალეთ მთლიანი კიბე”. - ამბობს ნიკა.
დეკონსტრუქციაზე გუნდთან ერთად მათი მეგობრები და მოხალისეები მუშაობდნენ. დეკონსტრუქციას დეტალური ანალიზი მოჰყვა. არკვევდნენ, რომელი დეტალის შენარჩუნება შეიძლებოდა, რომელი იყო იმდენად დაზიანებული, რომ ვეღარ შეძლებდნენ გამოყენებას.
ოფიციალური მუშაობის პირველ დღედ ნიკა სწორედ დეკონსტრუქციას აღიქვამს.
„რასაც უფრო მუშაობად აღვიქვამდით, იყო დეკონსტრუქცია. უცებ გუნდურად, ერთად, ყველანი რომ მივადექით, ერთი-მეორეს თოკებით რომ ვაწვდიდით ქვემოთ რაღაცებს, ვიღაცები ზემოთ წევდნენ და ა.შ. ეგ იყო.“ - ყვება ის.
კაკაბაძეების შვიდ ნომერში მყუდრო, თბილისური ეზოა. გუნდის წევრები სამეზობლოს ახალი ბინადრები გახდნენ. საბოლოოდ, მეზობლებთან მეგობრული ურთიერთობაც ჩამოაყალიბეს, თუმცა თავდაპირველად მათგან ნეგატიურ დამოკიდებულებასაც გრძნობდნენ.
„არავინ გვენდობოდა, რომ მართლა ამას დავშლიდით და ავაწყობდით. ვიღაცებს ეგონათ, რომ უბრალოდ ფულის მოსატეხად ვიყავით აქ მოსულები და მეუბნებოდნენ „ნიკა, იცი რა? ოღონდ შენ ეს კიბე აღადგინე და იმ ფულს რომ მოტეხავ, მე არავის არ ვეტყვი...“ - იხსენებს ნიკა.
თუმცა, დროსთან ერთად მეზობლები და კიბის გუნდის წევრები ერთმანეთს მიეჩვივნენ. მერე, ხან ყავა გამოჰქონდათ მათთვის, ხან კანფეტები.
„საბოლოო ჯამში, საკმაოდ საყვარელი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ყველასთან.“ - ამბობს ის. 
პროექტზე მუშაობის დაწყებისას, კომუნიკაცია შედგა თბილისის მერიასთან თანადაფინანსების ფონდის საკითხთან დაკავშირებით. საბოლოოდ გაირკვა, რომ თანადაფინანსების ფონდის ჩართვის შემთხვევაში, ისინი თავად გაწერდნენ ბიუჯეტს და მოიყვანდნენ შემსრულებელს.
მთავარი საფრთხე, რომლის წინაშეც პროექტი დადგა იყო საქმის შესრულების ხარისხი და მასალა.
„რა თქმა უნდა, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში თანადაფინანსების ფონდს ურჩევნია, რომ რაც შეიძლება იაფად გააკეთოს ყველაფერი, ოღონდ, უხარისხოდ კეთდება ხოლმე მერე საქმე. ძალიან ხშირად ხდება, რომ ორიგინალი ნაკეთობა მთლიანად შეიძლება დაიშალოს და სულ ახალი მასალით შეიცვალოს ყველაფერი. მაგის გაკეთება ბევრად ადვილია. დაშლი, ახალს გააკეთებ, ასლს და ააშენებ.“ - ყვება ნიკა.
სამუშაოს ამ სახით შესრულებისას ძალიან ბევრი დეტალი იკარგება. აღარავინ აქცევს ყურადღებას რთულად შესასრულებელ საქმეს, მაგალითად, რიკულებზე დეტალის ამოჭრას. ხელით ამოჭრა ბევრად უფრო ხარჯიანია, შესაბამისად, საქმეს დაზგას მიანდობენ, რომელიც ვერ შეძლებს დეტალური ნაწილების გაკეთებას. სწორედ აქ იკარგება არქიტექტურის სახასიათო ნიშნები.
მსგავსი პრობლემებია მასალის გამოყენებისას. ორიგინალი მასალა რაიმე ბევრად იაფიანით ჩანაცვლდება. ნიკა იხსენებს მაგალითებს ძველ თბილისში, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ფანერით შეკეთდა.
„ის რაც გიყვარს რეალურად თბილისის არქიტექტურაში, არის ხელნაკეთობის შეგრძნებაც რომ დაყვება. ხშირად ხდება ამ რაღაცების ელექტრონულად, ასლის სახით ამოჭრა. ნახაზზე ნორმალური ჩანს, მაგრამ რეალურად რომ შეხედავ, ძალიან ეტყობა, რომ ყველა ერთნაირია და ეს ერთნაირობა ამ შეგრძნებასაც გიკარგავს. იდენტურობა უკარგავს რეალურ იდენტობას რაც ჰქონდა.“ - ამბობს ის.
კიბეზე მუშაობისას, სწორედ ამ იდეიდან გამომდინარე გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი ხელით, ბეწვახერხით შესრულებულიყო. ორიგინალი დეტალების შენარჩუნებასთან ერთად, საკმაოდ ბევრი დეტალი ამოიჭრა, მთლიანობაში, სამასამდე ნაწილი.
ურბანული მემკვიდრეობის ძეგლები თბილისში მრავლადაა. კიბე მხოლოდ ერთ-ერთია იმ ნაგებობებიდან, რომელსაც გადარჩენა სჭირდებოდა. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და არქიტექტურის ისტორიკოსი მანანა სურამელაშვილი იხსენებს იმ ძეგლებს, რომლებსაც თბილისისთვის განსაკუთრებული მხატვრული ღირებულება აქვს. ერთეულებს, რომლის ანალოგიც არ მოიპოვება. ამ ძეგლებს განსაკუთრებული კომპოზიცია და მხატვრული დამუშავება, ფასადები და საერთო გადაწყვეტა გამოარჩევს ყველა სხვა დანარჩენისგან. ერთ-ერთი ასეთი ნაგებობაა დიუმას ცამეტი ნომერი, რომლის გადარჩენაზეც, მანანა სურამელაშვილის თქმით, წლებია საუბრობენ, თუმცა ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. ძეგლი განსაკუთრებული და უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ თბილისში ანალოგი არ მოეძებნება. ნაგებობას აღმოსავლური ხასიათი ამშვენებს. ჰქონდა ძალიან საინტერესო მუშარადები, შეისრული თაღი, ძალიან წვრილად გამოჭრილი და დამუშავებული ხის ელემენტები, რომლებიც დროთა განმავლობაში დაიკარგა. გამორჩეულ ნაგებობას ბზარები აქვს გაჩენილი, სარდაფში წყალი დგება. – „იმედს არ ვკარგავთ სპეციალისტები, იქნებ, როგორღაც გადარჩეს”.  - ამბობს მანანა სურამელაშვილი.
არმაზის ქუჩის ოცდაშვიდი, არარატის ქუჩის თორმეტი, ამაღლების ცხრამეტი, ოცდასამი, რვა, ფაღავას ორი, ფერისცვალების ოცდათექვსმეტი, იეთიმ-გურჯის ქუჩა, კოჯრის ორი და ხუთი ნომერი, ოქრომჭედლების ოთხი და ექვსი. - ეს იმ ნაგებობების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც „უნდა მიუსწრო და გადაარჩინო.“
ამ ნაგებობების ჩამონათვალს მიეკუთვნებოდა გონაშვილის პირველი ნომერი, რომლის ადგილსაც ახლა მაღაზია „სპარი“ იკავებს.
ამ ძეგლებში ითვლებოდა ბეთლემის სამი, რომელსაც სახელმწიფომ რეაბილიტაცია ჩაუტარა, თუმცა მისი სარდაფი დაზიანდა. სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად ნაგებობას ღირებულს მისი ფერადი მინები და მუშარადებიანი სადარბაზო ხდის.
„ამ შენობასაც სხვანაირი მოვლა-პატრონობა სჭირდება. სახელმწიფოს ჩარევით, თანხებით, რომ არ მოხდეს რღვევა სარდაფის, რომელიც უფრო ძველია და წინ უსწრებს მის ზედა ნაწილს." - ყვება მანანა სურამელაშვილი.
(ფოტოს ავტორი - TanyaLuu)
თბილისი, რომლის კულტურული ძეგლებიც დღეს ქალაქს ამშვენებს, მე-19 საუკუნით თარიღდება. თუმცა. ამ ნაგებობების სარდაფებში კიდევ უფრო ძველი ქალაქი იმალება, აღა მაჰმად ხანის შემოსევებისას განადგურებული.
„ყოველი ჩარევისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების დროს აუცილებლად დიდი სიფრთხილეა გამოსაჩენი იმ კუთხით, რომ არ დაზიანდეს ან შეუმჩნეველი არ დარჩეს ქვედა სივრცეებში არსებული ძველი ნაწილები და მოხდეს მათი შესაბამისი გაჯანსაღება ისე, რომ არ დაზიანდეს მისი მხატვრული სახე.“
მანანა სურამელაშვილის აზრით, ამ შენობებს, რომლებიც ახლა საზოგადოების იმედადაა მიტოვებული, ახლებური დანიშნულება უნდა მოვუძებნოთ. თუნდაც კაფეების, სახელოვნებო და საზოგადოებრივი სივრცეების ფუნქციით. ცხადია, ყველა მათგანს საზოგადოება მსგავს გამოყენებას ვერ მოუძებნის, თუმცა ხელოვნებათმცოდნის აზრით, საჭიროა მოსახლეობას გაეწიოს აგიტაცია, რათა მნიშვნელოვანი ძეგლები ნაგვის ბუდედ არ იქცეს. – „მიტოვებულია მოსახლეობის იმედად, რომლებმაც შესაძლოა, ბოლომდე არც იცოდნენ მისი ფასეულობა, მანქანებს აჩერებენ ზედ...“
ამ ტიპის ძეგლების მოვლა-პატრონობა ძირითადად თბილისის მერიას და თბილისის განვითარების ფონდს ევალება. ამჟამად მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები გუდიაშვილის მოედანზე და მის მიმდებარე არეალზეა ფოკუსირებული.
„ყველაფერი კარგად არ გაკეთებულა, თუმცა მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარდა. გააჩნია, ვინ იყო სარესტავრაციო პროექტის ავტორი.“ - ამბობს ხელოვნებათმცოდნე.
არის შემთხვევები, როდესაც პროექტი ძალიან მაღალ დონეზეა შედგენილი, თუმცა განხორციელების პროცესისთვის ქირაობენ სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც კარგი მშენებლები, თუმცა, ცუდი რესტავრატორები არიან.
„შეიძლება ძალიან კარგად აშენებდნენ შენობებს და მუშაობდნენ რკინა-ბეტონით კარგად, მაგრამ ისტორიულ ნაწილში ძალიან დიდი სიფრთხილეა გამოსაჩენი სამშენებლო მასალების თვალსაზრისით.  ძირითადად ტრადიციული სამშენებლო მასალებით უნდა მოხდეს სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება და თუ ეს უხეშადაა დარღვეული და არ არის გათვალისწინებული ეს მხარე, მაშინ ცუდ შედეგს ვიღებთ ხოლმე.“ - ყვება მანანა სურამელაშვილი.
ახლანდელ სარესტავრაციო სამუშაოებში შემოღებულია რკინის ბადეები, ფასადების მთლიანად მოფხეკა. ეს ნაგებობებს ძალიან უცვლის სახეს და მთელ სიძველეს უკარგავს.
არის შემთხვევები, როდესაც სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ისტორიულ მონაკვეთს იმდენად ეცვლება იერი, რომ სრულიად ახალ ურბანულ სიცოცხლეს ბადებს. ასეთია, მაგალითად ჩატარებული სამუშაოები ყვავილების ბაზრობის მიმდებარედ არსებულ დასახლებაზე, სადაც ყველაფერი დაანგრიეს და ახალი ფასადები გააკეთეს. ნიკა გაბისკირიას თქმით მსგავსი სამუშაოების ჩატარება „სტერილურად ახალ დასახლებას“ აჩენს, რომელიც „იმ თავდაპირველ ნაგებობასთან კავშირში არ არის.“
მანანა სურამელაშვილის აზრით, მსგავს სამუშაოს არ შეიძლება ეწოდოს რესტავრაცია, რადგან სიტყვა თავის თავში არსებულის დაბრუნებას, დაკარგულის აღდგენას გულისხმობს და ის ფრთხილი დამოკიდებულებითა და ძალიან მაღალი პროფესიული მიდგომით უნდა განხორციელდეს.
ხშირად ხდება, რომ სამუშაოებს კამპანიური ხასიათი აქვს და კონკრეტულ თარიღს, მაგალითად, თბილისობას ეძღვნება.  მსგავსი პროექტები ტემპების დაჩქარებას უკავშირდება, შედეგიც არასახარბიელოა.
„ასეთ ნაგებობებს ვერ დავარქმევთ რესტავრირებულს. მას შეიძლება ერქვას გარემონტებული, განახლებული. რესტავრაციას აქვს თავისი წესები, ძალიან მკაცრად ჩამოყალიბებული. რომლებიც ითხოვს ძალიან დეტალურ ანაზომს, დამუშავებას. ადგილზე ფიზიკური მონაცემების დაფიქსირებას, როგორც ფოტო, ასევე გრაფიკული კუთხით.“ - ამბობს მანანა სურამელაშვილი.
რესტავრაცია რთული დარგია, რომელიც სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, არქიტექტურის კარგ ცოდნას და მახვილ თვალს საჭიროებს.
„მხოლოდ მონაცემების შეჯერებით, შესწავლით, ხელოვნებათმცოდნეების მონაწილეობით, ნაგებობის კვლევით, საარქივო მასალის მოძიებით, რომელიც ყველაფერს დაემატება და შეავსებს - ეს იქნება საფუძველი ნორმალური, სწორი სარესტავრაციო პროექტის შედგენისა. შემდეგი სტადია არის უკვე არანაკლებ საპასუხისმგებლო, განხორციელება ამ პროექტის, რომელიც უნდა ჩაატაროს სათანადო უნარ-ჩვევების მქონე სამშენებლო კომპანიამ ან ორგანიზაციამ. სამწუხაროდ, დღეს რესტავრაციის კუთხით არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა. კონტინგენტი არ ივსება. ახალგაზრდები ნაკლებად აბარებენ სხვადასხვა მიზეზების გამო.“ - ყვება ხელოვნებათმცოდნე.
გადასარჩენი ძალიან ბევრია, მხოლოდ სახელმწიფოს ჩარევით, შესაძლოა, კულტურული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი სამუშაოების ჩატარების დაგვიანების გამო დაიკარგოს. სწორედ აქ შემოდის საზოგადოების ჩართულობის როლი.
ნიკა გაბისკირიას აზრით, მსგავს წამოწყებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
„მნიშვნელოვანია, რომ ვიღაცებისთვის შთამაგონებელი გახდეს (საზოგადოებრივი წამოწყებები) და ჩანდეს, რომ ეს შესაძლებელია და მათაც შეუძლიათ, გააკეთონ“ - ამბობს ნიკა.
ამასთან, ნიკა საუბრობს იმაზეც, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა საკმაოდ რთულია. თუ ადამიანი პროფესიონალი არ არის და პირველად უწევს მსგავს საქმესთან შეჭიდება, საკმაოდ რთული ბარიერების გადალახვა მოუწევს. საქართველოში მსგავსი საქმის კეთება ძნელია, რისი ერთ-ერთი მიზეზი ეკონომიკური მდგომარეობაც შეიძლება იყოს.
„რომ წარმოიდგინო, ერთი წელი მუშაობ უფასოდ. ცოტა უფროსი თუ ხარ და მშობლებზე აღარ ხარ დამოკიდებული, საკმაოდ რთულია ამის გაკეთება. რთულია, დააძალო ვინმეს. ვერ დააძალებ ვერავის, ვერ ეტყვი, რომ უნდა გააკეთოს ასეთი რამ.“
თუმცა, ნიკას შეფასებით, მსგავს პროექტში მონაწილეობა დამაჯილდოებელიცაა, რადგან საკუთარი შრომის შედეგის ნახვა, გამორჩეულ გრძნობას აჩენს.
მანანა სურამელაშვილის აზრით, საზოგადოებრივ ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ყოველთვის მისასალმებელია, თუმცა, პროექტზე მუშაობის პროცესში აუცილებელია პროფესიონალების ჩართულობა და მათთან კონსულტაციების გავლა.
„ეს ჩარევა უნდა მოხდეს კულტურულად, დაზოგვით ძეგლის მიმართ. თუ ჩავერევით ძალიან მკვეთრად, შეიძლება შეუქცევადი გახდეს, ვეღარ დავაბრუნოთ. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული. ნამდვილად მისასალმებელია და საზოგადოება აუცილებლად, პირიქით, უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული, უნდა შეიყვაროს, მოუაროს და ინდივიდუალურად მიიღოს მონაწილეობა გადარჩენის საქმეში”. - ამბობს მანანა სურამელაშვილი.
ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელის შეფასებით, საზოგადოებრივი ჩართულობა და მოქალაქეების როლი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„მემკვიდრეობის დაცვის პრინციპია - უნდა იცნობდე, რომ გიყვარდეს, ხოლო როცა გიყვარს იცავ. ყოველი სექტორი, რომელიც ჩაერთვება ცნობადობის ამაღლებაში, ასევე მონიტორინგში კულტურული მემკვიდრეობის, ასევე ფონდების მოზიდვაში და გარკვეული ობიექტების რეაბილიტაციაში მნიშვნელოვანი ხდება. ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, თუმცა ძალიან სუსტია ეს მხარდაჭერა.“ - ამბობს თამარ ამაშუკელი.
იმისთვის, რომ საზოგადოებას თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ხმა მივაწვდინოთ და მათი მნიშვნელობა გავაცნოთ, ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი.
მანანა სურამელაშვილის აზრით, დიდ როლს ითამაშებს სალექციო კურსები, შესაბამისი გაშუქება მედიაში და სასკოლო მასალაში საინტერესო ინფორმაციის შეტანა.
„თუნდაც უბრალოდ კარგი ფოტო ფიქსაცია და შემდეგ ამ ყველაფრის მოსახლეობისთვის ჩვენება იქნება კარგი გამაცნობიერებელი, მის ღირებულებაზე დამაფიქრებელი. უფრო მეტად შეაყვარებს, უფრო მეტად გააღვიძებს მასში გაფრთხილების სურვილს. ბევრი რამ სკოლაშიც უნდა ისწავლებოდეს. სკოლიდანვე უნდა იყოს ხელოვნების კურსში ჩართული თბილისის ურბანული მემკვიდრეობის შესახებ ამბები, ისევე როგორც სხვა ქალაქებში.“ - ამბობს მანანა სურამელაშვილი.
ჩვენს გარშემო ისტორია ინახება, ჩვენს ეზოებში, საყვარელ ადგილებში, პატარა ქუჩებში. ძალიან ბევრია მნიშვნელოვანი, ღირებული და გადასარჩენი. 
- ნანუკა კოხოძე
7