თვითმხილველი ჰყვება, რა მოხდა ვაკის პარკში, სადაც 3 მოზარდს შადრევანში დენმა დაარტყა

10
თვითმხილველი, რომელიც უშუალოდ შეესწრო ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევას, ამბობს, რომ მოზარდების წყლიდან ამოყვანა რთული იყო, რადგან დენი მათ დასახმარებლად ჩასულ კაცსაც არტყამდა. თვითმხილველი ტელეკომპანია "ფორმულამ" ჩაწერა.
"რომ ჩამოვედი, უცბად კივილი ატყდა. ეს ბავშვები წყალში ეყარა. არიქა, უშველეთ, უშველეთო... ერთი კაცი გადახტა მათ ამოსაყვანად... ბავშვების ყვირილი ვერ გავიგე რა მოხდა. ჯერ ერთი ამოიყვანეს, მერე მეორე. ის მესამე იყო თუ არა იქ, არ ვიცოდით. ბავშვები კიოდნენ, მესამეც არისო.
ეს მესამე ამ კაცმა ვერ ამოიყვანა, რამდენჯერაც შევიდა, დენი არტყამდა... ფანტანები რომ გამორთეს, მერე ამოიყვანეს მესამე. ის უკვე გაშავებული იყო", - იხსენებს თვითმხილველი.
ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით დაშავებული ერთი მოზარდი გარდაიცვალა, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა. კონტაქტურია მესამე ბავშვი.
თბილისის მერის თქმით, დაისჯება ყველა, ვისი დანაშაულიც გამოიკვეთება ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებისთვის დენის დარტყმის ფაქტზე აღძრულ საქმეში.
"უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემულები ვართ ყველა. რაც შეეხება გამოძიებას, დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად", - თქვა კალაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა).
მერია ვაკის პარკის განახლების სამუშაოებს ატარებს. სამუშაოები მერმა კახა კალაძემ გუშინ დაათვალიერა - მერია აცხადებდა, რომ "ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა".

წყარო: ფორმულა, რადიო თავისუფლება
10