ლიტერატურული პრემია "საბა" I 2023 წლის ნომინანტები

8
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია "საბა" ყოველწლიურად საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ავლენს. 
პრემიის 9 ნომინაცია ასე გამოიყურება: 
1. საუკეთესო რომანი
2. საუკეთესო პოეტური კრებული
3. საუკეთესო პროზაული კრებული
4. საუკეთესო პიესა
5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
6. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
9. ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი
"საბას" ისტორია 2002 წელს, თიბისის და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია "საბას" დაარსებით იწყება. პრემიის მიზანია გასული წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა, რაც წლის მთავარ ლიტერატურულ მოვლენად დამკვიდრდა.
ონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი "საბა", რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას - კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს, ხმოვან წიგნებსა და პოდკასტებს.
ფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო ნომინაცია "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" - გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
გთავაზობთ ფინალისტთა სიას:
წლის საუკეთესო რომანის
ივა ფეზუაშვილი I "მასკარაფონე"
"მასკარაფონე" ივა ფეზუაშვილის ტრილოგიის ("ფსკერის სახარება", 2019 წ.; "ბუნკერი", 2020 წ.) მესამე, ფინალური რომანია. მკითხველი ბევრ საერთოს იპოვის წინა ტექსტებთან და გააგრძელებს საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ მოვლენებზე დაკვირვებას, ამ წიგნში კი შეხვდება მთელ თაობას, რომელსაც მშობლებისგან ზრუნვასთან და სიყვარულთან ერთად მძიმე ტრავმებიც გადმოეცა. "მასკარაფონე" არის ამბავი ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც არასდროს ყოფილან ბავშვები. თინეიჯერობისას ისინი ყოველდღიურად იბრძვიან უდარდელობის, თავისუფლებისა და სიყვარულისთვის. ამ ბრძოლაში ძნელად ნებდებიან, თუმცა ზრდასრულ ასაკში ბავშვურად ცხოვრების სურვილმა ისინი ტრაგიკულ შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს.
რატი რატიანი  I "რომეო იცინოდა"
მსოფლიო ლიტერატურაში ყველაზე ცნობილი შეყვარებული ბიჭის სახელი ჰქვია, მაგრამ მასთან მხოლოდ უიღბლობა აკავშირებს, ისეთი უიღბლობა, რომ ერთი წიგნი ლამის ვერ იტევს მის გაცრუებულ იმედებსა თუ არშემდგარი ბედნიერების სიმწარეს. რატი რატიანის „რომეო იცინოდა“ ერთი უცნაური და დაუჯერებელი ბედის მქონე ახალგაზრდა კაცის ცხოვრებაზე გვიყვება. მაინც რამდენი ტანჯვის მოთმენა და ატანა შეუძლია ადამიანს? არსებობს კი ზღვარი, რომლის გადალახვასაც საბედისწერო შედეგამდე მივყავართ.
ზურა ჯიშკარიანი I "სწრაფი, ღამისიერი"
როგორი იქნებოდა დეკარტი, ციფრულ პერსონაჟად რომ დაბადებულიყო?
ვინ და როგორ იპარავს ვიდეოთამაშების პერსონაჟებს და რატომ არის შავ ბაზარზე ასეთი მოთხოვნა მათზე?
შეიძლება თუ არა, რომ ერთხელაც სამყარო უბრალოდ გაითიშოს ტელევიზორივით?
კიბერპანკ რომანი "სწრაფი, ღამისიერი" ექსპერიმენტული პროზის ნიმუშია, რომელშიც მოვლენები ვითარდება მომავლის თბილისსა და ფაზისში.
მწერალი, პოეტი, გეიმდიზაინერი და ბლოგერი ზურა ჯიშკარიანი დაიბადა სოხუმში 1985 წელს. იგი აწყობდა პერფორმანსებს, გამოფენებს, ქმნიდა ციფრულ ინტერაქტიულ საფლავებს. იგი ავტორია პირველი ქართული ჩეტბოტისა "კიბერგალაკტიონი". გარდა ამისა, მას ეკუთვნის სტარტაპი, სადაც მუშაობენ ხელოვნურ ინტელექტზე.
ზურა ჯიშკარიანის პირველმა რომანმა "საღეჭი განთიადები" მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია წლის საუკეთესო რომანისათვის (2017) და ლიტერატურული პრემია "საბა" ნომინაციაში "წლის საუკეთესო დებიუტი"(2018).
ზაზა ბურჭულაძე I "ვარდის სურნელი"
"ვარდის სურნელი" – ესაა სულისშემძვრელი რომანი სიტყვებზე. რომანი-ლაბირინთი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. თუ ნიცშეს "ზარატუსტრა" არის წიგნი ყველასთვის და არავისთვის, „ვარდის სურნელი“ არის წიგნი არავისთვის და ყველასთვის. და ეს არ არის სიტყვების თამაში. სიტყვების თამაშია თვითონ რომანი – წიგნი-გამოწვევა, რომლის არომატიც არასდროს არაფერში აგერევა.
ავტორი თხრობის დასაწყისშივე კისრულობს შეუსრულებელ მისიას, დაწეროს წიგნი უსიტყვებოდ და უფურცლებოდ, და, რაც მთავარია, იგი ამ მისიას ასრულებს. როგორ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, იგი მართლაც წერს ასეთ წიგნს…
ალუზიებით, პოეზიითა და სევდით გაჟღენთილ ამ ტექსტში გვაოცებს მოულოდნელი გადახვევები და ლაბირინთები. შეუძლებელია მიხვდე, რა გელოდება შემდეგ გვერდზე, და აქ ასეთი სამასამდე გვერდია. ეს ყველაფერი როდია: მკითხველს რომანში ელის კიდევ ერთი პატარა რომანი სახელად "სიტყვების გამოფენა", რომელიც "ვარდის სურნელშია" გახვეული.
ზაზა ბურჭულაძის ახალი წიგნი რეალობა-ჯადოსნურობის მიჯნაზე მოარული მთხრობელის თავგადასავალში ჩაგითრევთ და ერთმანეთში არეული ათასი სურნელით თავბრუს დაგახვევთ.
თამარ ფოლადაშვილი I "ძვლების წიგნი"
წიგნის მთავარ გმირს გამზრდელი ბებია უკვდება. ანდერძის თანახმად, ბებიას სოფელში მიასვენებს, თუმცა გარემოებათა გამო გოგონას მარტოს მოუწევს ბებიის ცხედრის სასაფლაომდე მიტანა, საიდანაც გვამი უგზო-უკვლოდ ქრება. გვამის ძებნა მთავარ გმირს არჩევანის წინაშე აყენებს: დაივიწყოს ყველაფერი და სოფლისგან შორს, მშვიდად ცხოვრება განაგრძოს, თუ დაიწყოს ბებიის ძებნა და მიძინებული ურჩხულები გააღვიძოს. "ძვლების წიგნი" თამარ ფოლადაშვილის მეორე რომანია, რომელშიც სოფლის მშვიდ გარემოში ძილის წინ მოყოლილი ზღაპრები შემზარავ ამბებად ცოცხლდება. წიგნი დაწერილია ჯადოსნურ ქალაქ ლა კორუნიაში, "მწერალთა სახლისა" და "თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში".
თამრი ფხაკაძე I "ჩვენ, თურმელები"
თურმე... თეთრი, თლილი ქვის მრავალკარიან სახლში მცხოვრები თურმელები, ჯერ კიდევ ანთიმოზ თურმელის დროიდან, ამ კართა გავლით შედი-გამოდიოდნენ ერთმანეთის ყოველდრიურობაში. თურმე... ერთი მთავარი კარით გადიოდნენ და იკარგებოდნენ შეუცნობელ გარე წუთისოფელში, ხან უმნიშვნელო და ხანაც საბედისწერო მოგზაურობებში. თურმე... ზოგი ბრუნდებოდა, ზოგიც - ვერ... "ჩვენ, თურმელები" - ასე დაასათაურა ავტორმა, მისივე თქმით, ცხოვრების მთავარი წიგნი, ეპოქალური რომანი, რომელსაც საგვარეულო-გენეალოგიური არქიტექტონიკა აქვს, ხოლო წიგნს, ნაწარმოებში მრავალგზის ნახსენები საგვარეულო დიადემასავით, თავსართად უძღვის მრავალრიცხოვან თურმელთა უზუსტესი გენეალოგიური ხე. წიგნი თურმელთა გვარის ნაშიერთა ლამის უსრულ ხეტიალზეა ამ სამყაროს განედ-მერიდიანებზე. როდის? რატომ? როგორ? - პასუხები კითხვებზე ამ მაღალოსტატურად მოთხრობილ, ერთი უზარმაზარი გვარის ცოდვა-მადლიან, სისხლითა და სიყვარულით გაჯერებულ საბედისწერო მატიანეშია.
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
ირაკლი არიშვილი, "დასაწყისის დასასრული" 
ოთარ ბიწაძე, "სადღაც ჩაძირული გემებია" 
გოდე გორგილაძე, "რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე"
ელზა გურგენიძე, "ზაოდი"
გიო ზედვაკელი, "არავითარი პოეზია" 
ირაკლი მაჩიტაძე, "სიკვდილის ლურჯი ეკრანი" 
ეკა მახარაშვილი, "ახალი ძველი ამბები" 
გოგა ქობალია, "ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად" 
ანუკი შატაკიშვილი, "წუთით კოსმოსში" 
ანა ჯავახიშვილი, "სარდაფის ცოლები" 
ელზა ჯავახიშვილი, "საგზალი" 
გიორგი ჯამბურია (მთარგმნელი), ჰაინერ მიულერის "პიესები" 
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
ნანა აბულაძე, "ორივე სქესი" 
გუგა მგელაძე, "განგაშის პოეზია"
საბა მეტრეველი, "ესთეტიკა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა – პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე" 
ოთარ ჯირკვალიშვილი, "კრიტიკულ-ანალიტიკური წერილები" 
წლის საუკეთესო პიესა
თამარ ბართაია, "შავ-თეთრი"
ვალერი ოთხოზორია, "წმინდა ნაწილები" 
ეკატერინე ტოგონიძე, "ექვსი ნოეს კიდობანი" 
ბესო ხვედელიძე, "მარი ხუანით"
ბასა ჯანიკაშვილი, "ვთამაშობთ "გამზრდელს"" 
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
გიორგი აბდუშელიშვილი, "სხვა ავღანური დღიური" 
ლევან ბერძენიშვილი, "1921-1990 (ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი)" 
თეიმურაზ დოიაშვილი და ნათია სიხარულიძე, "გალაკტიონი უცენზუროდ" 
რატი მუჯირი, "მონებს სამოთხეში არ უშვებენ" 
წლის საუკეთესო პროზაული კრებული
ლუკა ბაქანიძე, "რომელი ხარ სარდაფსა შინა" 
ნინო თარხნიშვილი, "სიცოცხლის დაზღვევა" 
წლის საუკეთესო პოეტური კრებული
ირმა ბერიძე, "კაცმა დარეკა" 
ქეთი გზირიშვილი, "ახსნა" 
თემურ ელიავა, "ყვავების ფოსტა" 
ნინი ელიაშვილი, "სხვა სახელი მოუხდებოდა" 
ნატო ინგოროყვა, "ისმის ჩემი ხმა?" 
ზაზა კოშკაძე, "ამ ლექსის ბოლოს შენ იტირებ" 
ნიკა ლაშხია, "არ დაელოდო ანგელოზებს" 
სოსო მეშველიანი, "მწერი ქარვაში" 
დათო ქარდავა, "მეორადი ჰომეროსი" 
8