ხულიო კორტასარი- „სამხრეთის გზატკეცილი“
მახსოვს განცდა, როცა ხულიო კორტასარის „სამხრეთის გზატკეცილი“ წავიკითხე. ეს იყო ცხოვრების ბედისწერისა და ამაოების შეგრძნება.
კორტასარს ერთ პატარა მოთხრობაში, რომელიც ჯამში 14 გვერდია, ჩატეული აქვს გზა, რომელსაც
ადამიანები გავდივართ მთელი ცხოვრება. სიუჟეტი მარტივია, თავდაპირველად იწყებ კითხვას
და ფიქრობ, რომ საცობის აღწერაში არაფერია განსაკუთრებული, თუმცა დასრულების შემდგომ
აღმოაჩენ, რომ სწორედ ამ სიმარტივეში იყო მთელი მოთხრობის აზრი. ალბათ ყველა ადამიანი
დავფიქრებულვართ ჩვენი ცხოვრების გზაზე, დავფიქრებულვართ იმაზე, თუ რა გვინდა, რისკენ
მივისწრაფით, ყოველთვის რაღაცას ვაკეთებთ ამ მიზნების მიღწევისთვის, თუმცა მაინც ყოველთვის
ერთ ადგილას ვართ გაჩერებულები. საცობი, რომლზეც
ავტორი გვიყვება, ჩემი აზრით, ეს არის ცხოვრების მეტაფორა, სადაც მნიშვნელოვანია ადამიანებს
შორის ურთიერთობა, სიყვარული, მტრობა, მეგობრობა, ღალატი, ბედნიერება, უბედურება, გადარჩენა,
„საცობიდან“- უძრაობიდან თავის დაღწევა და მიზნისკენ სწრაფვა. როდესაც კორტასარის ამ
მოთხრობას ვკითხულობდი, გამახსენდა ფედერიკო ფელინის „გზა“. მიუხედავად იმისა, რომ ეს
ორი შემოქმედება ერთმანეთისგან სიუჟეტით განსხვავდება
და შესაძლოა ფელინის ფილმს, გარდა ცხოვრების გზის ჩვენებისა, სხვა მესიჯებიც აქვს, მაინც
ასოციაცია გამოიწვია ჩემში. ალბათ, იმიტომ, რომ როგორც კორტასარი, ისე ფელინმა ცადა ამ
ფილმით აღეწერა ადამიანური ურთიერთობების, ცხოვრების გზის სირთულე და უძრაობის შედეგი.
როგორც ჯელსომინა ვერ მიდიოდა წინ თავისი უძრაობით, ისე წიგნის პერსონაჟები ვერ აღწევდნენ
თავს საცობს, რადგან ერთადერთი რასაც აკეთებდნენ ეს საკუთარი თავის გადარჩენა იყო და
ნაცვლად იმისა, რომ რამე მოემოქმედებინათ, სასწაულს ელოდებოდნენ როდის გაიხსნებოდა თავისით
გზა.
ენტონი
ბერჯესი-მექანიკური ფორთოხალი
„მექანიკური ფორთოხალი“ მხოლოდ კუბრიკის ფილმი
მქონდა ნანახი. მახსოვს, საკმაოდ პატარა ასაკში ვნახე და ბევრი დეტალი კარგად ვერ გავიგე, თუმცა
პატარა ასაკშიც კი მძაფრად გადმოცემულმა სიუჟეტმა
ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. გავლენა მოახდინა იმან, თუ რამდენი საძაგლობის
ჩადენა შეეძლოთ ჩემზე 2-3 წლით დიდ ადამიანებს, თუმცა დედა აზრი, რაც ფილმსა და წიგნს
უდევს საფუძვლად, მაშინ კარგად ვერ გავიაზრე. წიგნის წაკითხვა „დიადი წიგნების“ საგნის
ფარგლებში მომიწია. ამ დროს, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ღრმად ჩავწვდი აზრს და ამჯერად
პერსონაჟი, რომელიც ბავშვობაში მოვიძულე, როგორც სახელმწიფოს მსხვერპლი, შემეცოდა. პირველი, რაც მომეწონა მექანიკური ფორთოხლის კითხვისას,
იყო ბერჯესის წერის მანერა. ერთია, რომ წიგნი თავისუფლად იკითხება და მეორეა ის, რომ
ყველაფერს ნათლად ხედავ, გრძნობ და განიცდი. ბერჯესი ყოვლგვარი უცენზურობის გარეშე ალაპარაკებს
პერსონაჟებს, რაც ნათლად გიქმნის წარმოდგენას ალექსისა და მისი ბანდის ადამიანობის, კაცობის
შესახებ. ბერჯესი ამის გამო ბევრჯერ გაუტარებიათ კრიტიკის ქარცეცხლში, თუმცა სწორედ
წერის ეს მანერა იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. მეორე მიზეზი რატომაც ეს წიგნი მომწონს
არის მისი იდეა, რომელიც არცერთ საუკუნეში არ კარგავს აქტუალურობას, ვინაიდან ადამიანის
პიროვნული თავისუფლება ერთ-ერთი უმაღლესი უფლებაა, რასაც ადამიანი- ბოროტიცა და კეთილიც
იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ალექსის პერსონაჟი მკითხველში სიძულვილსა და ზიზღს
იწვევს, საბოლოოდ იგი გვეცოდება, რადგან მას ართმევენ ყველაზე მთავარს- პიროვნულ თავისუფლებას
და აქცევენ მექანიკურ არსებად, რომელსაც არ აქვს უფლება იყოს კეთილი ან ბოროტი. რელიგიური
კუთხით თუ შევხედავთ, ღმერთმა ყველა ადამიანი დაბადა თავის’უფალი, ამიტომაც მას მიცა
თავისუფალი ნება საკუთარი ცხოვრება წარემართა ისე, როგორც თავად სურდა. რაც არ უნდა
ვეცადოთ, ადამიანში მოკვლად მისი პიროვნულობა, ეს ცდა უშედეგო იქნება, მანამ სანამ ეს
ადამიანი თავად არ გაიზრებს შეცდომას. ბერჯესმა ამ იდეასთან ერთად გვაჩვენა, ტოტალიტარული
რეჟიმის დაუნდობელი სახე, რომელიც მიმართული იყო ადამიანის პიროვნულ განადგურებისკენ.
სემუელ
ბეკეტი- გოდოს მოლოდინში
თუ მკითხავთ, რომელია აბსურდიზმის საუკეთესო მაგალითიო,
დაუყონებლივ სამუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინს“ გიპასუხებთ. არასდროს მქონია ამ პიესასთან
შეხება, თუმცა როდესაც საგნის ფარგლებში წაკითხვა მომიწია, სრულ გაურკვევლობაში ჩავვარდი,
ვინაიდან დასაწყისი, რომელსაც თვალი გადავავლე, ყოველმხრივ გაურკვეველი და სრული ბოდვა
მეგონა. თუმცა შემდეგ გავხსენი ელექტრონული ვერსია და დავიწყე კითხვა. პიესის დასრულების
შემდგომ, მთელი ღამე ამ ნაწარმოებზე ვფიქრობდი, ვინაიდან ეს არის ნაწარმოები, რომელიც
უამრავ კითხვას გბადებს, თუმცა პასუხის გასაცემად რამდენიმე ალტერნატიულ გზასაც გთავაზობს.
თუ რომელი პასუხი იქნება სწორი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია შენ რას დაინახავ
და შენთვის რა იქნება მნიშვნელოვანი. ამიტომაცაა, რომ გოდოს, რომლის მოლოდინშიც არიან
პიესის გმირები, ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს. ზოგისთვის გოდო არის ღმერთი, ზოგისთვის
იმედი, ზოგისთვისაც სრული აბსურდიზმი, რისთვისაც ადამიანები იღწვიან. გააჩნია შენ რისი
გჯერა და გწამს... სიმართლე გითხრათ, როდესაც გოდოს მოლოდინში წავიკითხე, ჩემთვის გოდომ
გამოიწვია ღმერთის ასოციაცია, ალბათ, ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ღმერთის მჯერა და
მწამს. ჩემი აზრით, ათეისტს, რომელიც ამ პიესას წაიკითხავს, არ გაუჩნდება ღმერთთან ასოციაცია,
ვინაიდან მისთვის ღმერთი არ არსებობს და აბსურდია. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად
ჩემთვის ღმერთი იყო გოდო, ახლა იმედი უფრო მგონია, ვინაიდან იმედი არის ერთადერთი მიზეზი,
რომელიც გვაძლებინებს მთელი ცხოვრება და დაბრკოლებების მიუხედავად, გვაგრძელებინებს
ცხოვრებას. ცხადია, პიესა უფრო მეტად ღრმაა და კიდევ ბევრი ნიუანსია, რაზეც შეიძლება
ყურადღება გამახვილდეს, თუმცა ჩემზე, როგორც მკითხველზე შთაბეჭდილება მოახდინა ლაქის
გმირმა, რომელიც ერთადერთი პერსონაჟია, ვინც არაფერს ელოდება, ამიტომ მას ვხედავთ გაუბედურებულს,
ცხოვრების აზრს დაკარგულსა და დამონავებულს. კორტასარის „სამხრეთის გზატკეცილზე“ უკვე
ვისაუბრე, თუმცა არ შეიძლება პარალელი არ გავავლო „გოდოს მოლოდინთან“, რადგან ამ ორი
ნაწარმოების სათქმელი თითქმის ერთი და იგივეა, ცხადია, გოდოს მოლოდინი კიდევ უფრო მეტად
ბევრისმთქმელია, თუმცა „რაღაცის“ მოლოდინი ორივე ნაწარმოების საერთო თემაა. ადამიანები
ყოველთვის რაღაცას ველოდებით, წარმოდგენა არ გვაქვს რას ვუცდით, თუმცა მთელი გულით გვჯერა, რომ
ეს რაღაც ჩვენს ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის. მხოლოდ ლოდინი და არაფრის კეთება, რაც
საბოლოოდ ჩვენს ცხოვრებას აბსურდად აქცევს.
გურამ რჩეულიშვილი-ნელი ტანგო
გურამ რჩეულიშვილი სკოლის ასაკიდანვე ერთ-ერთი
გამორჩეული ქართველი მწერალია ჩემთვის. ყველაზე მატად, რასაც ამ მწერალში ვაფასებ წერის
სისადავეა, რაც ნებისმიერ ნაწარმოებს ნებისმიერი მკითხველისთვის გასაგებსა და ახლობელს
ხდის. ასეთი იყო თავად გურამიც, სადა, ყველას მეგობარი, ყოველთვის გამგები, თავისუფალი, ბობოქარი, დაუდგრომელი
და ყველასგან გამორჩეული... თითოეული მოთხრობა გურამზე ყვება, მის ადამიანობაზე გვესაუბრება,
ვინდაიდან გურამი იყო ადამიანებს შორის ყველაზე ადამიანი. ამჯერად „ნელ ტანგოზე“ ვისაუბრებ,
რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია არა მარტო გურამის, არამედ ქართველი მწერლების
შემოქმედებაში.
„ნელი ტანგო“ არის ნაწარმოები, სადაც ყველაფერი
ერთად არის თავმოყრილი: სიკვდილი, სიცოცხლე, სიყვარული, გულგრილობა, თანაგრძნობა, ბედნიერება,
უბედურება, ყველაფერი ის, რაც ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. გურამი არის
ის მწერალი, რომელსაც ორ გვერდში ამ ყველფარის ჩატევა შეეძლო და მკითხველამდე ისე ახლოს
მიიტანა, როგორც ნელი ტანგოს წაკითხვის დროს ხდება.
კითხულობ ნაწარმოებს და შენ არ იცი რომელი იქნებოდი- ქაღალდის მოთამაშე
ხალხი, ბიჭი, რომელიც ტრაგედიას გოგოს გასაცნობად
იყენებს, თუ ივანე, რომელმაც ცოლ-შვილი გადაარჩინა. არ იცი, რადგან გულგრილობა ერთ-ერთი
დამახასიათებელი სენია ადამიანების, რასაც ზოგჯერ გაუზრებლად თუ გააზრებულად ვამჟღავნებთ
ყოველდღიურობაში. სწორედ ეს გულგრილობა აგიჟებდა
გურამს, მისთვის ემპათია, ადამიანი ყველაფერზე მაღლა იდგა, რაც დაამტკიცა კიდეც რეალურ
ცხოვრებაში გმირული საქციელით.