მსოფლიოს უძველესი თხევადი ღვინო შეიცავს გასაოცარ "ინგრედიენტს": კრემირებული ადამიანის ნაშთებს

3
მიუხედავად მისი წითელი შეფერილობისა, უძველესი ღვინო სინამდვილეში თეთრი იყო 🍷
✦ სამხრეთ ესპანეთში, თეთრ ღვინოში, 2000 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის ფერფლი აღმოჩნდა.
ივარაუდება, რომ ფერფლი ღვინოში რაღაც რიტუალის გამო ჩაყარეს, რათა გარდაცვლილ ადამიანს შემდგომ ცხოვრებაში მოგზაურობის გაგრძელებაში დახმარებოდნენ.
გასაოცარია, რომ ურნამ, რომელშიც ნაშთებით სავსე თხევადი სასმელი იყო, მოახერხა უძველესი ღვინის დაცვა, რაც სასმელს თხევადი სახით შენახულ უძველეს ღვინოდ აქცევს.
IFLScience-ს თანახმად, ურნა 2019 წელს იპოვეს, როდესაც ქალაქ კარმონაში გათხრების შედეგად, რომაული მავზოლეუმი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, ადგილობრივი მდიდარი ოჯახისთვის აშენდა.
ჯამში, არქეოლოგებმა მავზოლეუმში ფერფლით სავსე 6 ურნა აღმოაჩინეს, თითოეული ეკუთვნოდა სხვადასხვა ადამიანს.
კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ ერთ-ერთი ასეთი ურნა, რომელშიც მამაკაცის კრემირებული ნაშთები იყო, „პირამდე იყო სავსე მოწითალო სითხით“.
მიუხედავად იმისა, რომ საფლავი შესანიშნავად იყო შენარჩუნებული, ყველა სხვა ურნა გამომშრალი იყო. მკვლევრები ეჭვობდნენ, რომ ერთადერთი ურნა, რომელშიც სითხე იყო, შეიძლება რომაული პერიოდის ღვინო ყოფილიყო.
დაზუსტების მიზნით, კვლევის ავტორებმა გააანალიზეს სითხის ქიმიური შემადგენლობა და შეადარეს ის თანამედროვე ღვინოებს, რომლებიც ქალაქ კარმონასთან ახლომდებარე ვენახების წყალობით დამზადდა.
სიღრმისეული კვლევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ უძველეს სითხეში არსებული ორი ყველაზე კონცენტრირებული ფლავონოიდი იყო კვერცეტინი და აპიგენინი, რომლებიც ხშირად გვხვდებიან თანამედროვე ღვინოებში.
გარდა ამისა, მათ დაადგინეს შვიდი პოლიფენოლი, რომლებიც შეესაბამება ახლომდებარე ვენახების ღვინოებს.
ხოლო, პოლიფენოლის კიდევ ერთი ტიპის (Syringic acid) არსებობა მიუთითებდა, რომ ღვინო თეთრი იყო და მოწითალო ელფერი დროთა განმავლობაში მიიღო.
» „ამ კვლევით მიღებული შედეგები მტკიცედ ვარაუდობენ, რომ ფერფლის ურნაში არსებული მოწითალო სითხე ღვინო იყო, რომელიც დროთა განმავლობაში გაფუჭდა.
ის დაახლოებით 2000 წლისაა და, შესაბამისად, დღემდე აღმოჩენილ თხევად ღვინოებს შორის ყველაზე ძველია“.
- ასკვნიან კვლევის ავტორები.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ცოტა რამ არის ცნობილი მავზოლეუმის მკვიდრთა ვინაობის შესახებ, ექვსიდან ორი ურნის გრავიურები მიუთითებენ წყვილზე, რომელთაც ერქვათ ჰისპანი და სენიციო.
რაც შეეხება ამ უძველესი სასმლის დანიშნულებას, მკვლევრები განმარტავენ, რომ „ურნას ღვინით ავსებდნენ დაკრძალვის ცერემონიის დროს, როგორც შესაწირი.
ან, იყო რიტუალის ნაწილი, რათა მიცვალებულს დახმარებოდა უკეთეს სამყაროში გადასვლაში".
3