M კლასის ვარსკვლავები, ანუ წითელი ჯუჯები, გაცილებით ცივია, ვიდრე ჩვენი მზე, ასევე შედარებით მცირე ზომის არიან, როგორც მასის, ასევე ზედაპირის ფართობის თვალსაზრისით. ☀️
✦ დაბალი ტემპერატურის გამო, წითელი ჯუჯები ნელა მოიხმარენ საწვავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაც საკმაოდ დიდია.
ასევე, ისინი ძალიან ხშირია: სავარაუდოდ, ირმის ნახტომის ვარსკვლავების დაახლოებით 70 პროცენტი, M კლასს მიეკუთვნება.
მათი სტაბილურობისა და სიმრავლის ერთობლიობის გათვალისწინებით, ისევე როგორც შედარებით მაღალი ალბათობა იმისა, რომ კლდოვანი პლანეტები წითელი ჯუჯების ორბიტებზე, სასიცოცხლოდ ვარგის ზონაში შემოდიან, სიცოცხლის ძიების თვალსაზრისით, ამ ვარსკვლავების სისტემები მთავარი სამიზნეები არიან.
თუმცა, წითელ ჯუჯებს ერთი სამწუხარო მახასიათებელი აქვთ: ისინი, სხვა ვარსკვლავებთან შედარებით, გაცილებით მეტ ვარსკვლავურ აფეთქებას წარმოქმნიან.
წლებია მეცნიერები მსჯელობენ იმაზე, თუ რამდენად უსაფრთხოა წითელი ჯუჯების გარშემო არსებული პლანეტები სიცოცხლისთვის.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ვარსკვლავების მძლავრი აფეთქებები შეიძლება გაცილებით საფრთხის შემცველი იყვნენ, ვიდრე ადრე ვფიქრობდით.
ამ აფეთქებებმა შეიძლება დააზიანონ ნებისმიერი ახლომდებარე პლანეტის ატმოსფერო ან ზედაპირი, რაც თავისთავად გაართულებდა მათზე სიცოცხლის გადარჩენას.
მკვლევრებმა გააანალიზეს GALEX-ის (კოსმოსური ტელესკოპი) მონაცემები და ფოკუსირება მოახდინეს წითელი ჯუჯა ვარსკვლავების 182 აფეთქებაზე, შეისწავლეს ულტრაიისფერი (UV) გამოსხივება, რომელსაც ისინი ასხივებენ.
წინა კვლევებისაგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად ხილულ სინათლეს იკვლევდნენ, ეს კვლევა ფოკუსირებული იყო ახლო UV (175-275 ნმ) და შორ UV (135-175 ნმ) გამოსხივებაზე.
ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გავლენა იქონიოს პლანეტაზე არსებულ სიცოცხლეზე - მცირე დოზებმა შეიძლება ხელი შეუწყოს სიცოცხლისთვის საჭირო რთული მოლეკულების ფორმირებას, მაგრამ ძალიან დიდმა რაოდენობამ შეიძლება გაანადგუროს პლანეტის ატმოსფერო, მათ შორის ოზონის შრე.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ წითელი ჯუჯების გარშემო არსებული პლანეტები ექვემდებარებიან ულტრაიისფერი გამოსხივების უფრო მაღალ დონეს, ვიდრე ადრე ეგონათ, რაც გავლენას ახდენს მათ უნარზე მხარი დაუჭირონ და შეინარჩუნონ სიცოცხლე.
თუ წითელი ჯუჯების მიერ წარმოქმნილი ვარსკვლავური აფეთქებები ასხივებენ ულტრაიისფერი სინათლის არაპროპორციულ რაოდენობას, მაშინ პლანეტები, რომლებიც ამ ვარსკვლავების ირგვლივ ბრუნავენ, შესაძლოა უფრო მტრულად იყვნენ განწყობილი სიცოცხლის მიმართ, ვიდრე ჩვენ გვგონია, თუნდაც ისინი აკმაყოფილებდნენ სიცოცხლის არსებობისთვის აუცილებელ სხვა კრიტერიუმებს.