მსგავსად ბევრი საინტერესო ამბისა, ესეც წიგნით იწყება. წიგნით (და აწ უკვე ფილმით) ერთ ამერიკელ ბიჭზე, რომლის ცხოვრება, ერთი შეხედვით, საოცრად უინტერესო უნდა იყოს. საქმე ისაა, რომ კლიმატის ცვლილებამ დედამიწა ეკოლოგიური და ეკონომიკური კატასტროფის წინაშე დააყენა, გაიზარდა უმუშევრობა და სიღარიბე, რამაც ადამიანებს ბეტონის ჯურღმულებში უკრა თავი. თუმცა, წიგნი იმის წიგნია, რეალურსა და არარეალურს შორის ერთგვარი ხიდი რომ გააბას და იქ ჩაგვახედოს, სადაც ვერაფერს ვხედავთ ან განზრახ არ ვიყურებით.
გამონაკლისი არც ეს წიგნია, რადგან ამბავი, რომელსაც ის გვიყვება - ორ, ერთი შეხედვით, პარალელურ სამყაროში ვითარდება. სიდუხჭირე და უპერსპექტივობა პროტაგონისტ ბიჭს უფრო ნათელ და სასიამოვნო, ოაზისად წოდებული ვირტუალური რეალობისაკენ უბიძგებს, სადაც შეუძლია, საკუთარი თავი ხელახლა შექმნას - ოაზისში ყველა არის ის, ვინც უნდა რომ იყოს. ამ წიგნს „პირველი მოთამაშე, მოემზადე!“ (ინგლ. Ready Player One) ჰქვია და ის განსაკუთრებულად საინტერესო და საყურადღებოა, რადგან დღეს თუ არა ხვალ, ოაზისში ჩვენც აღმოვჩნდებით.
თუმცა, რაკიღა ნათქვამია, რომ ამბავს სიდინჯე და მოზომვით თქვა უხდება, სჯობს არ ვიჩქაროთ და თხრობა ლირიკული გადახვევით დავიწყოთ.
ბოლო დროს, ტექნოლოგიურ სამყაროში ერთი საინტერესო ტრენდი გამოიკვეთა: კომპანიებმა სხვადასხვა დანიშნულებისა და ფუნქციონალის მქონე ჭკვიანი სათვალეების წარმოება დაიწყეს. მოდი, მაგალითებს მოვყვეთ: Snapchat-ის, Google-ის, Microsoft-ისა და Xiaomi-ს გარდა, ამ პროდუქტზე შედარებით მცირე ზომის კომპანიებიც მუშაობენ. მარტივად რომ ვთქვათ, ჭკვიანი სათვალეების ერა კარზე მოგვადგა. თუმცა, ყველაზე შთამბეჭდავი, მაინც Facebook-ისა და Ray-Ban-ის კოლაბორაციით შექმნილი
სათვალეა, რომელიც გარდა მისი ყველასათვის ნაცნობი მოდური ვიზუალისა, ერთგვარი ზღურბლია, ამიერ და იმიერ, ფიზიკურ და ვირტუალურ სამყაროებს შორის. თუმცა, შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ, გეტყვით, რომ საუბარია ამ სათვალის უკიდეგანო პოტენციალზე და არა მის ამჟამინდელ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე - კარგად გვესმის, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Facebook-ი ვირტუალური რეალობის ერთ-ერთ საუკეთესო სათვალეს, Oculus VR-ს აწარმოებს.
საქმე ისაა, რომ ამ სათვალეს ზურგს უმაგრებს Facebook-ის დამაარსებლის, მარკ ზაკერგერგის (კი, სწორედ ასე ითქმის)
მეტავერსის შექმნის, ერთი შეხედვით, გიჟური, მაგრამ საოცარი იდეა. ზაკერბერგს
სურს, რეალურ და არარეალურ სამყაროებს შორის ხიდი გააბას და ისეთი ეკოსისტემა შექმნას, რომელიც ორგანზომილებიან მობილურ ინტერნეტს ჩაანაცვლებს და ადამიანებს მის შუაგულში მოაქცევს. მარკ ზაკერბერგი, რომელიც, სხვათაშორის, მჭერმეტყველებაში განსაკუთრებულადაა დახელოვნებული, მეტავერსს „ხორცშესხმულ ინტერნეტს“ უწოდებს, რაც ამ ცნებას - იდეალურად შეესაბამება.
მოდი, ამ საკითხს ჩავუღრმავდეთ: მარკ ზაკერბერგისთვის, მეტავერსი ერთგვარი საოცარი ახალი სამყაროა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით, სრულად დეცენტრალიზებული და სხვა სისტემებთან ოპერაციულად ურთიერთშეთავსებადი იქნება. მეტავერსს ადამიანები და კომპანიები სხვა ადამიანებისთვის შექმნიან. მეტავერსში ჩატარდება კონცერტები, ლექციები და გამოფენები, მეტავერსში შევხვდებით საქმიანი საუბრებისთვის (ამისათვის, Facebook-მა Horizon Workrooms-ი წარმოადგინა), მეტავერსში მოვინახულებთ ჩვენგან შორს მყოფ საყვარელ ადამიანებს. მეტავერსის წყალობით, გაჩნდება ახალი პროფესიები და აქტივობები, აღმოცენდება ეკონომიკური აქტივობა და შეიქმნება ბაზარი.
თუმცა, ეს ყველაფერი როდია: ის, რაც მარკ ზაკერბერგს მეტავერსში ყველაზე მეტად მოსწონს - მისი ადამიანურობაა. მისი თქმით, მეტავერსში ადამიანები თავს უფრო ბუნებრივად იგრძნობენ, რადგან ადამიანური ურთიერთობების დღევანდელობა - სმარტფონების, კომპიუტერებისა და ტელევიზორების ბრტყეს ეკრანებზე არსებული ორგანზომილებიანი გამოსახულებების ცქერა, უინტერესო და არაბუნებრივი რამაა. მარკ ზაკერბერგის იდეას უკეთ რომ ჩავწვდეთ, გავიხსენოთ, რომ სოციალური ქსელები და მობილური ტელეფონები, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ერთი თაობისანი არიან. სწორედ ამის გამო, სმარტფონების შექმნასა და დახვეწაში Facebook-ს დიდი წვლილი არ შეუტანია, რაც სმარტფონების ევოლუციაზე ნამდვილად აისახა - ან არ აისახა. თუ Facebook-ის გარეშე სმარტფონის წარმოდგენა თეორიულად მაინც შეიძლება, ინტერნეტზე საუბრისას Facebook-ს გვერდს ვერაფრით ავუვლით - ეს ზაკერბერგმაც კარგად იცის და მეტავერსაც სწორედ ამის გამო ჰქმნის.
მგონი, ამასობაში, მორიგი ლირიკული გადახვევის დრო დადგა.
ტერმინი „მეტავერსი“ პირველად 1992 წელს გამოჩნდა, ნილ სტივენსონის სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის წიგნში „Snow Crash“. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სტივენსონის ეს სამყარო თითქმის არაფრით განსხვავდება იმისგან, რასაც მეტავერსს ვუწოდებთ: ის ფიზიკური, ვირტუალური და აუგმენტური რეალობის ერთგვარი სიმბიოზია, რომელშიც ადამიანები ისევე ადამიანობენ, როგორც რეალურ სამყაროში. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარკ ზაკერბერგისა არ იყოს, ინტერნეტის მომავალს სტივენსონი სწორედ მეტავერსში ხედავს.
ახლა კი, მეტავერსს დავუბრუნდეთ და შევეცადოთ მისი რაობა ავხსნათ. ხშირად, როცა საქმე რთული ცნებების ახსნამდე მიდის, ნაცვლად რაღაცის, ამ შემთხვევაში, მეტავერსის რაობის ახსნისა, სჯობს ორი ნაბიჯი უკან გადავდგათ და დანამდვილებით ვთქვათ, თუ რა არ არის მეტავერსი. ამ საკითხის გარკვევაში ვენჩურული კაპიტალისტი და მეტავერსის თემაზე დაწერილი არაერთი ფრიად მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაშრომის ავტორი, მეთიუ ბოლი.
ბატონი ბოლის
თქმით, მეტავერსი არ არის: 1) ვირტუალური სამყარო, ვირტუალური სივრცე და ვირტუალური რეალობა, რადგან სამივე მათგანს მეტავერსის მასშტაბი და თავისუფლება აკლია; 2) ციფრული ვირტუალური ეკონომიკა, რადგან ასეთები ისედაც არსებობს და თან, მათ ცალკე მდგომ სამყაროებად ვერავინ ჩათვლის; 3) თამაში და YouTube-ისა და Facebook-ის მსგავსი მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტის გასაზიარებელი პლატფორმების მაღალგანვითარებული ვარიანტი, რადგან მეტავერსი გაცილებით უფრო კომპლექსური სისტემაა, ვიდრე რომელიმე ცალკე აღებული პლატფორმა. მარტივად რომ ვთქვათ, მეტავერსი ის სამყაროა, რომელშიც ყველა ზემოთხსენებული ეკოსისტემას ისეთნაირად გაერთიანდება, რომ მისი გარჩევა ფიზიკური სამყაროსგან - შეუძლებელი იქნება.
ახლა კი, შეჯამების დრო დადგა: ერთი რამ ცხადია, მეტავერსის შექმნა დაწყებულია - გარდა Facebook-ისა, ასეთი სამყაროს შექმნა Fortnite-ის მფლობელ Epic Games-ს და სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებს სურთ. Facebook-ის წყალობით, სიტყვა „მეტავერსს“ ამერიკელი კანონმდებლებიც ცნობენ - კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ორგანიზაციებს ხვდებიან, რომელთან ერთადაც ვირტუალური სამყაროს პროტოკოლებსა და სტანდარტებზე მსჯელობენ. მეტიც, მეტავერსისთვის Facebook-ის შიგნითაც ემზადებიან: ცოტა ხნის წინ, მარკ ზაკერბერგმა კომპანიის მომავალ CTO-დ ენდრიუ ბოზუორთი დანიშნა, რომელიც ამ დრომდე, აუგმენტურ და ვირტუალურ რეალობას კურირებს.
დიდი ძვრები დაიწყო, ჩვენ კი მხოლოდ ის დაგვრჩენია, დაველოდოთ, რას გვიქადის მომავალი და თუ შეგვიძლია, მის შექმნაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.