რატომ არის ამდენი საგანგებო გაფრთხილება მზის სრული დაბნელების ირგვლივ?

3
სკოლები იხურება და ხალხს საკვების, წყლისა და საწვავის მომარაგება სთხოვეს 🤔
ამ სტატიაში გეტყვით, თუ რატომ მოჰყვა მზის წლევანდელ დაბნელებას ამდენი გამაფრთხილებელი მესიჯი.
✦ ალბათ, თქვენი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, რომ წელს, 8 აპრილს, ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობა მზის სრული დაბნელების მომსწრე გახდება.
მოსალოდნელია, რომ დაბნელება იქნება სანახაობრივი და თანაც ემთხვევა მზის მაქსიმუმს.
» „2017 წელს, მზე თავისი აქტიურობის მინიმუმს მიუახლოვდა.
სრულ დაბნელებაზე დამკვირვებლებს შეეძლოთ დაენახათ თვალწარმტაცი გვირგვინი, მაგრამ მისი მინიმუმიდან გამომდინარე, მზის ატმოსფეროდან გამომავალი კვანძური სტრუქტურები შემოიფარგლებოდა მხოლოდ ვარსკვლავის ეკვატორული რეგიონებით,”
- განმარტავს NASA.
» „2024 წლის დაბნელების დროს, მზე იქნება თავისი აქტიურობის მაქსიმუმზე ან მის სიახლოვეს.
ამ დროს, მაგნიტური ველი ძაფის დახლართულ გორგალს ჰგავს.
სავარაუდოდ, კვანძური სტრუქტურები ხილული იქნება მთელ გვირგვინზე (მზის ატმოსფეროს უკიდურესად გარე ფენაზე).
ამრიგად, დამკვირვებლებს მეტი შანსი ექნებათ ნახონ პროტუბერანცი."
[პროტუბერანცი - გაზის ამოფრქვევა ქრომოსფეროდან და მზის გვირგვინიდან, რომელიც კონტრასტულია კოსმოსის ბნელ ფონზე.]
IFLScience-ს თანახმად, დაბნელება ხილული უნდა იყოს მექსიკიდან კანადამდე.
ეს გახლავთ ტერიტორიები, სადაც ადამიანები მზის სრულ დაბნელებას დაინახავენ.
2017 წლის დაბნელებასთან შედარებით, წლევანდელის დისკო (ანუ მთვარის დისკო, რომელიც მზეს დაფარავს) უფრო ფართოც იქნება, რადგან მთვარე დედამიწასთან უფრო ახლოს არის და მოგეხსენებათ, მზის დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც დედამიწასა და მზეს შორის მთვარე ექცევა.
NASA-მ ისიც აღნიშნა, რომ დაბნელების დროს, შესაძლოა, კორონალური მასის ამოფრქვევაც კი იყოს შესამჩნევი.
წარმოიდგინეთ მნახველების აღტაცება. 🤯🤩
რა თქმა უნდა, დაბნელება საფრთხეს არ წარმოადგენს დედამიწაზე მცხოვრებთათვის.
მეტიც, მთვარე დაგვიცავს მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან.

• რატომ არის ამდენი საგანგებო გაფრთხილება წლევანდელი დაბნელების შესახებ?

საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები არა მხოლოდ ხალხს სთხოვენ საწვავის, საკვებისა და წყლის მომარაგებას, არამედ სახელმწიფოებისგან ითხოვენ, რომ სკოლები დაიხურონ და მოსახლეობამ შინაური ცხოველებისთვისაც მოიმარაგოს საჭირო ნივთები თუ საკვები.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს გამოწვეულია დაბნელების სანახავად ჩასული ტურისტების რაოდენობის მოსალოდნელი ზრდით.
ეს კი ზრდის ადგილობრივი სატრანსპორტო და გადაუდებელი სამსახურების დატვირთვას, რომლებიც არ არიან გათვლილი ასეთ ნაკადებთან გასამკლავებლად.
» ,,რასაც დაბნელებისას მივიღებთ არის ხალხის ნაკადები, რომლებსაც არ ვართ მიჩვეული”, - განმარტა დეივ ფრიმენმა, ლორეინის მუნიციპალიტეტის (ოჰაიო) გადაუდებელი სამსახურის დირექტორმა USA Today-სთან.
იგი ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მარაგები შეავსონ.
» „ამისთვის ინფრასტრუქტურულად არ ვართ მზად, არ გვაქვს გზები", - დასძინა ფრიმენმა.
„ჩვენი გზების უმეტესობა ორზოლიანია.
ეს არ არის ჩიკაგო ან კლივლენდი, სადაც ოთხი და ექვსზოლიანი გზებია, ამიტომ გადაადგილება შეიძლება საკმაოდ ექსტრემალური იყოს, თუ იმაზე მეტი ხალხი მოვა, ვიდრე ველით",
- განმარტავს ფრიმენი.
• ფიჭური კომუნიკაციების ანძებიც შეიძლება გადატვირთული იყვნენ.
ტეხასის ზოგიერთ ოლქში სკოლებს მოუწოდეს, რომ დაიხურონ, რათა გზებზე დატვირთვა შემსუბუქდეს.
ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ სანახაობის გამოტოვება ნამდვილად ძალიან რთული იქნება, თუნდაც გაჩერება შუა გზაში მოგიწიოთ.
ამიტომაც იქცევა ასე მოსახლეობა, რის გამოც გზებზე საცობები იქმნება, რომელთა განეიტრალებასაც, მოვლენის დასრულების შემდეგ, საათები სჭირდება, ამ დროს კი საგანგებო სიტუაციები მრავლადაა, სამაშველო სამსახურები კი ფერხდებიან.
სამწუხაროდ, ამ სანახაობის მომსწრე მხოლოდ დასავლეთ ნახევარსფეროში მცხოვრები ადამიანების ნაწილი იქნება, თუმცა მოვლენის ხილვა ყველა მსურველს შეუძლია პირდაპირი ეთერის მეშვეობით.
რა თქმა უნდა, პირდაპირ ეთერს შემოგთავაზებთ "მომავლის პოსტიც", რომლის დეტალებსაც ძალიან მალე გაგაცნობთ.
3