მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვხედავთ დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის შორეულ მხარეს, ჩვენს კოსმოსურ ხომალდებს იგი არაერთხელ უნახავთ და ფოტოებიც მოუპოვებიათ 🌕
✦ ზოგიერთი ადამიანი მთვარეზე სახეს ხედავს; ზოგი კურდღელს ან გომბეშოს.
ცხადია, არ აქვს მნიშვნელობა რას ვხედავთ მთვარის ზედაპირზე, ჩვენ ყველანი გამუდმებით მის ერთსა და იმავე მხარეს ვხედავთ.
დედამიწიდან ჩანს, რომ მთვარე საერთოდ არ ბრუნავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასე არ არის - იგი თავისი ღერძის გარშემო ნამდვილად ბრუნავს, ისევე როგორც დედამიწა.
მთვარე მოქცევით არის ჩაკეტილი, ამიტომაც ჩანს მხოლოდ ერთი მხარე.
ეს ნიშნავს, რომ მთვარეს იგივე დრო სჭირდება თავისი ღერძის გარშემო ერთი სრული ბრუნის შესასრულებლად, რამდენიც დედამიწის გარშემო ერთი სრული ბრუნის შესასრულებლად სჭირდება - დაახლოებით ერთი თვე.
მოქცევით ჩაკეტვა ხდება ორ ციურ სხეულს შორის გრავიტაციული მიზიდულობის წყალობით.
მთვარესა და დედამიწას შორის გრავიტაცია ორივე სხეულს ერთმანეთისკენ მიიზიდავს.
ამის გამო, ორივე ციურ სხეულს არასფეროსებრი ფორმა აქვს და ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნებოდა, ამ სხეულებზე არსებული თხევადი თუ მყარი ნივთიერებები მყისვე რომ რეაგირებდნენ.
როდესაც ორი ობიექტი იზიდავს ერთმანეთს, წარმოქმნიან ხახუნს, რაც იწვევს ორივე ობიექტის ბრუნვის შენელებას.
» „მთვარე მიიზიდავს ოკეანეს, ამიტომ იქმნება ამობურცულობა, რომელიც ზუსტად მთვარის ქვეშ ექცევა“, -
თქვა "ნასას" ოკეანოგრაფმა, რობერტ ტაილერმა Live Science-სთან. „მოქცევა ზღვის ფსკერზე გადაადგილდება და ცდილობს კონტინენტების შემოვლას.
მოქცევისმიერი ამობურცულობის მთვარის მოძრაობის (დედამიწის ირგვლივ) საპასუხოდ გადაადგილებას დრო და ენერგია სჭირდება."
იგივე ხდება, როდესაც მთვარეზე კლდოვანი ქანები დედამიწის გრავიტაციის საპასუხოდ იცვლებიან.
» „კლდოვანი ქანები არ გახლავთ ელასტიური.
როდესაც ისინი იცვლებიან (ფორმაში), ენერგია იხარჯება“, -
განუცხადა Live Science-ს მატია ჩუკმა, SETI ინსტიტუტის მეცნიერმა. „ენერგია საიდანღაც ხომ უნდა მოდიოდეს, ამიტომ იგი მოდის ციური სხეულის ბრუნვიდან“.
დროთა განმავლობაში, მთვარის ბრუნვა დედამიწის მიმართ შენელდა, სანამ საბოლოოდ არ მიაღწია ნულს.
მთვარეც ანელებს დედამიწის ბრუნვას.
ტაილერის თქმით, ნახევარი მილიარდი წლის წინ, დედამიწას შესაძლოა 21-საათიანი დღე ჰქონდა.
თუ მთვარეს საკმარისი დრო ექნება, მას თავისუფლად შეუძლია ჩვენი პლანეტის ბრუნვის ისე შენელება, რომ მოქცევით ჩაკეტოს.
ანუ, ამ შემთხვევაში, დედამიწის მხოლოდ ერთ მხარეს ექნება მთვარის დანახვის შესაძლებლობა, თუმცა ეს ყოველივე სულ მცირე 50 მილიარდი წლის განმავლობაში არ მოხდება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერასდროს დავინახავთ მთვარის შორეულ მხარეს უშუალოდ დედამიწიდან, კოსმოსურმა ხომალდებმა ის უკვე გადაიღეს.
1959 წელს, საბჭოთა კოსმოსურმა ხომალდმა, Luna 3-მა მთვარის შორეული მხარის პირველი ფოტოები მოიპოვა.
მას შემდეგ, არაერთმა კოსმოსურმა ხომალდმა გადაიღო მთვარის ეს იდუმალი მხარე, მათ შორისაა NASA-ს მთვარის ორბიტერი და ჩინეთის Chang'e 4, რომელიც მთვარის შორეულ მხარეს დაეშვა.
გამოსახულებები გვიჩვენებენ, რომ ამ შორეულ მხარეს ნაკლებად ახასიათებს კრატერები, ასევე ნაკლებია მუქი დიდი ლაქები.