როგორ დავწეროთ სრულყოფილი სამოტივაციო წერილი?

6
სამოტივაციო წერილი არის ერთ გვერდიანი დოკუმენტი რომელსაც წარვადგენთ ჩვენს CV/რეზიუმესთან ერთად.
სამოტივაციო წერილი:
1. მოკლედ გამოხატავს ჩვენს პროფესიულ გამოცდილებას და მოტივაციას თუ რატომ გსურთ კონკრეტულ პოზიციაზე დასაქმება ან საგანმანათლებლო პროექტზე მონაწილეობა;
2. აღწერს თქვენს უნარებს თუ რატომ ხართ ამა თუ იმ პოზიციისთვის/ საგანმანათლებლო პროგრამისთვის შესაფერისი კანდიდატურა;
3. და რა სარგებელი ექნება თქვენს აღნიშნულ ვაკანსიაზე დასაქმებას/საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვას;
აღნიშნული წერილი უნდა აიგოს ისე რომ სამივე კითხვაზე პასუხი ნათლად წარმოაჩინოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში რთული აზრების მოკრება და ჩვენი სათქმელის ნათლად გადმოცემა.
ამ სტატიაში მოგიყვებით თუ როგორ შეიძლება ააგოთ სამოტივაციო წერილი, რა კითხვები უნდა დასვათ რათა მისი წერა გაგიადვილდეთ და რა უნდა გაითვალისწინოთ მისი წერისას, რომ იგი სრულყოფილად გადმოსცემდეს აზრს.
1.  სანამ დაწერას დაიწყებთ:
· ვაკანსიის აღწერაში მოცემული შინაარსს კარგად უნდა გავეცნოთ აღნიშნული ინფორმაცია კი მაქსიმალურად  გამოვიყენოთ სამოტივაციო წერილის წერისას - როგორც წესი ვაკანსიის აღწერაში მოცემულია ინფორმაცია თუ როგორ კანდიდატს ეძებენ, შესაბამისად წერილს ავაგებთ ისე, რომ დავასაბუთებთ ამ უნარ-ჩვევების ქონას.
· შეინახეთ ვაკანსიის სქრინშოტი - ვაკანსია შესაძლოა მალე წაიშალოს, ეს ინფორმაცია კი გასაუბრებამდე, რომ გქონდეთ რათა მისი დეტალები არ დაგავიწყდეთ.
· ჩაატარეთ კომპანიის შესახებ „კვლევა“, მეტი რომ იცოდე მათ შესახებ. -  მათი მნიშვნელოვანი მიღწევები, საქმიანობა, სამუშაო გრაფიკი და ა.შ.  (ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ: მათ ვებ-გვერდზე,  თანამშრომლების ლინკდინზე და ა.შ.).
2. ტექნიკური სახის რჩევები
· სამოტივაციო წერილის ფაილს დააწერეთ „სახელი გვარი_სამოტივაციო წერილი“ მაგ: „მარიამ ისპირიანი - სამოტივაციო წერილი“ - აღნიშნული დამსაქმებელს ამცნობს თუ რა დოკუმენტს ხსნის და ვის ეკუთვნის აღნიშნული ფაილი.
· სამოტივაციო წერილის მოცულობა არის 160 – 220 სიტყვა. ეცადეთ არ გადააჭარბოთ 250 სიტყვას! ამასთან სამოტივაციო წერილი უნდა მოიცავდეს  ერთ გვერდს.
· წერილის ფონტის ზომა შესაძლოა იყოს 10 – 12, ტექსტის ინტერვალი კი შეგიძლიათ განსაზღვროთ 1, 15.
· კარგი იქნება თუ CV/რეზიუმეს  და სამოტივაციო წერილს ერთნაირი შრიფტით და დიზაინით დაწერთ.
· ისევე როგორც სხვა გასაგზავნი დოკუმენტები სამოტივაციო წერილიც აუცილებლადPDF ფაილად უნდა გაიგზავნოს. - Word ის ფაილის გაგზავნა ცუდ ტონად ითვლება. - გარდა ამისა ჩამოტვირთვისას შესაძლოა დაკარგოს ვიზუალი (Word ის ფაილიდან PDF ფორმატში დაკონვერტირების ხელსაწყოებისთვის იხილეთ სტატია: „როგორ შევადგინოთ პროფესიონალური CV/რეზიუმე“).
· გაგზავნამდე აუცილებლად გადაიკითხეთ ტექსტი და ჩაასწორეთ ყველა სინტაქსურ და ორთოგრაფიული შეცდომები მცირე შეცდომასაც კი შეუძლია შთაბეჭდილების მოხდენა დოკუმენტების განმხილველზე.
· სამოტივაციო წერილის ტექსტში ნუ გამოიყენებთ სიტყვა  „თანამდებობა“ - შეიძლება ეს გამაღიზიანებლად ჟღერდეს, უმჯობესია ახსენოთ „პოზიცია“.
· თუ წერილს რაიმე ფონს აურჩევთ უმჯობესია ეს იყოს ძალიან სადა. რათა ამობეჭდვისას ცუდად არ გამოჩნდეს.
· სამოტივაციო წერილის შექმნისთვის არსებობს უამრავი ონლაინ პლატფორმა, ასევე შეგიძლიათ შექმენით ვორდის ფაილში და არა სხვა რომელიმე საოფისე პროგრამაში.
3. როგორია წერილის შინაარსი?
·  ის რაც CV/რეზიუმეში გვიწერია ახლიდან ნუ მოვყვებით სამოტივაციო წერილში. სამოტივაციო წერილი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დამატებითი ინფორმაცია ვამცნოთ დამსაქმებელს.  (შეგვიძლია CV/რეზიუმეში დაწერილი ინფორმაცია განვავრცოთ).
· კომპანიის მოთხოვნები გამოიყენეთ კარგად. - მაგალითად ვაკანსია ეხება მენეჯერის პოზიციას  - ისაუბრეთ იმ სამუშაო გამოცდილებაზე სადაც ლიდერის პოზიცია გეკავათ და აღნიშნული ვაკანსიისთვის შესაფერისი უნარები გაქვთ.
· თუ არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება ამ შემთხვევაში გამოხატეთ თქვენი მოტივაცია, განვითარების შესაძლებლობის შესახებ.
4. სამოტივაციო წერილის ნაწილები:
სამოტივაციო ნაწილი ისევე როგორც ესე შედგება სამი -  ნაწილისაგან (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა).
უფრო კონკრეტულად განვიხილოთ წერილის სტრუქტურა:
· Header - სადაც მოცემულია თქვენს შესახებ ინფორმაცია - დოკუმენტის ზედა მარცხენა კუთხეში დაწერეთ თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი, წერილის შედგენის თარიღი, ორგანიზაციის დასახელება - რომლის ვაკანსიაზეც ვაგზავნით, და პოზიციის დასახელება.
· მისალმება, - აქ როგორც წესი თუ ვიცით ვინ კითხულობს წერილს მივმართავთ - მოგესალმებით ქალბატონო ნათია, მოგესალმებით, ბატონო გიორგი, თუ არ ვიცით უბრალოდ ვწერთ „მოგესალმებით“, და შემდგომ ახალი ხაზიდან გადავდივართ პირველ აბზაცზე.
პირველი აბზაცი
როგორც წესი პირველი აბზაცი ეხება საკუთარი თავის წარდგენას  და რატომ ვართ ამ ვაკანსიისთვის შესაფერისი კადრი.  - პირველ აბზაცში შეგვიძლია ვუპასუხოთ კითხვებს: ვინ ვართ? რატომ გვაქვს ამ კომპანიის /უნივერსიტეტის / პროექტის/ ვაკანსიის /... მიმართ ინტერესი? რა ვიცით მათ შესახებ - გადმოვცეთ ეს ყველაფერი 5 -6 წინადადებით;
მეორე აბზაცი
· ვისაუბროთ ჩვენს უნარებსა და ცოდნაზე - რომლის გათვალისწინებითაც შევესაბამებით ამ ვაკანსიას;
· სად გამოვიმუშავეთ ეს უნარები? რომელ პოზიციებზე მუშაობისას - მოვიყვანოთ მაგალითები;
· გავამახვილოთ ყურადღება რას გვთავაზობს სამსახური და ეს ყველაფერი გამოვიყენოთ არგუმენტებად. სამსახური შეიძლება გვთავაზობდეს: ზრდის შესაძლებლობას,  მოქნილ სამუშაო გრაფიკს, საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას, სხვადასხვა კონფერენციებში მონაწილეობის შესაძლებლობას, უფასო აბონემენტს, საკონტაქტო წრის გაზრდას და ა.შ.
მესამე აბზაცი
  • ხაზი გავუსვათ ჩვენს მოტივაციას რატომ გვსურს ამ ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნა? თუმცა, უფრო მეტი ყურადღება გავამახვილოთ იმაზე თუ ჩვენ რას შევძენთ კომპანიას/პროექტს/უნივერსიტეტს ჩვენი კანდიდატურის შერჩევის შემთხვევაში;
  • მე- 2 და მე 3 აბზაცი შესაძლებელია მოიცავდეს 10 – 10 წინადადებას.
მეოთხე აბზაცი 
  • მეოთხე აბზაცი მიეძღვნება ჩვენი მსჯელობის შეჯამებას, ამასთან  გამოვთქვათ სურვილს აღნიშნულ ვაკანსიაზე დასაქმების/აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის და ა.შ. კარგი იქნება თუ გადავიხდით მადლობას ჩვენი დოკუმენტების განხილვისთვის და დათმობილი დროისთვის. ამათან გამოვთქვათ სურვილს სამომავლო თანამშრომლობის, გასაუბრებაზე მისვლის და ა.შ (თბილი დამშვიდობება). „კეთილი სურვილებით“, „პატივისცემით“, „მომავალი თანამშრომლობის იმედით“ და ა.შ.
ოქროს წესები:
· არასოდეს სთხოვოთ სხვას თქვენს მაგივრად დაწეროს სამოტივაციო წერილი - სხვა ვერასოდეს ჩამოაყალიბებს თქვენს მოტივაციას თუ რატომ ხართ კონკრეტული ვაკანსიისთვის შესაფერისი კადრი;
· სამოტივაციო წერილი გაგზავნამდე აუცილებლად გადაიკითხეთ დეტალურად;
· ნუ დაწერთ სამოტივაციო წერილს ვაკანსიის ბოლო დღეს. უმჯობესია თუ ცოტა ადრე დაწერთ და წერილს მეორე დღეს გადაკითხვისთვის დრო გექნებათ ანუ გამოიყენეთ პრინციპი -  „ნაწერის დასვენება“
· თქვენი სამოტივაციო წერილი წააკითხეთ სხვა ადამიანაც და მიიღეთ მისგან უკუკავშირი - ხშირ შემთხვევაში ჩვენი დაწერილი სამოტივაციო წერილი, სრულყოფილად გვეჩვენება, მაგრამ უცხო ადამიანმა შესაძლოა დაგიმატოთ და გირჩიოთ მნიშვნელოვანი ნიუანსები რაც თქვენ მხედველობიდან გამოგრჩათ სამოტივაციო წერილის წერისას. - ცხადია წერილი წააკითხეთ მას  მას ვისაც ენდობით.
5. რჩევები და კითხვები რომლებმაც შესაძლოა სამოტივაცო წერილის შედგენა გაგიადვილოთ...
· დაიწყეთ საკუთარი თავის წარდგენით (სად ვსწავლობთ?/ვსწავლობდით?)
· რა უნარები და სამუშაო გამოცდილება გვაქვს ისეთი რითაც ჩვენ შევეფერებით აღნიშნულ ვაკანსიას... მცირე ახსნა  - რატომ დავინტერესდი? რატომ არის ეს პროექტი / ვაკანსია ჩემთვის საინტერესო?
· რა გამოცდილება მაქვს ამ კუთხით (თეორიული არსებობის შემთხვევაში / პრაქტიკული არსებობის შემთხვევაში)
· რატომ მე? რას მომიტანს ეს პროექტი/ვაკანსია/კურსი მე? რატომ არის ის ჩემთვის მნიშვნელოვანი?
· თუ ეს ორგანიზაცია, კომპანია პრესტიჟულია გაუსვით ამას ხაზი, რომ მათზე გსმენიათ და და ეს კიდევ უფრო ზრდის თქვენს ინტერესს მათი გუნდის წევრობის მიმართ
· რას მოვუტან ჩემი ყოფნით პროექტს? ვაკანსიას?
· უნივერსიტეტში ან ტრენინგ კურსზე გაგზავნისას აღნიშნეთ რაში გამოიყენებთ აქ მიღებულ ცოდნას და გამოცდილება;
6. და ბოლოს უბრალოდ იყავით საინტერესო...
თქვენი გადმოცემული აზრი უნდა იყოს საინტერესოდ წასაკითხი, შეგიძლიათ მოუყვეთ მცირე ისტორიაც, დაა ეს ყველაფერი საქმიან კონტექსტში მოაქციეთ.  ყურადღება გაამახვილეთ თუ როგორ დაეხმარებოდა თქვენი რესურსი კონკრეტულ ვაკანსიას, პროექტს/ პროგრამას.. ნუ დაწერთ „აღნიშნული ვაკანსიის შესახებ როგორც კი შევიტყვე მაშინვე დავინტერესდი“ ეს ფრაზა ზედმეტად შაბლონური და ძველია...
ავტორი: მარიამ ისპირიანი
6