საქართველო - ხორბლის კულტურის უძველესი კერა

14
საქართველო - ხორბლის კულტურის უძველესი კერა - გამოირჩევა ამ მცენარის დიდი სახეობრივი და ჯიშობრივი მრავალფეროვნებითა და ენდემიზმის მაღალი დონით.
ისტორიული წყაროებით, ხორბალი საქართველოში ჯერ კიდევ ნეოლითსა და ადრებრინჯაოს პერიოდებიდან არის ცნობილი, როცა საქართველოში ხორბალთან ერთად უკვე ითესებოდა ქერი, ფეტვნაირები, საზეთე-ბოჭკოვანი კულტურები, მოშენებული იყო ვაზი და ხეხილი. არქეოლოგიური მონაცემებით, ხორბლის კარბონიზებული მარცვლები აღმოჩენილია ძვ.წ.აღ. VI-IV ათასწლეულის ძეგლებზე (არუხლო, ხრამის გორა, შულავერი, ჩიხორი, ხელთუბანი). მიწათმოქმედების პირველი ნიმუშები თარიღდება მეზოლითის პერიოდით.
აღსანიშნავია, რომ ქართული ხორბლები ხორბლების სხვა სახეობებისგან გამოირჩევა მთელი რიგი თვისებებით, რაც მათ განსაკუთრებულ სელექციურ ღირებულებას ანიჭებს. ქართული სახეობები გამოირჩევა სოკოვანი დაავადებების მიმართ მაღალი კომპლექსური იმუნიტეტით, გარემოსადმი ადაპტაციის მაღალი უნარით, პურცხობის და სხვ. საუკეთესო თვისებებით.
გარდა იმისა, რომ ხორბალი წამყვანი კულტურა იყო საქართველოში, ჩვენი წინაპრები მას ასევე იყენებდნენ, როგორც სამკურნალო მცენარეს.
„ბავრუკი“, „თანგარი“, „ნიშო“ და სხვ. სახელწოდებით ცნობილი ხორბლის სახამებელი, იხმარებოდა ხველებისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ. ხორბლის ფქვილისაგან ძმარში მოზელილი ცხელი ცომი გამოიყენებოდა დაჩირქებული ადგილების მოსაშუშებლად. თეთრ შაბთან შერეული დანაყული, მოხალული მარცვლით მკურნალობდნენ სტომატიტს. ორი დღე ალბობდნენ მარცვალს და შლიდნენ ნაჭერზე. აჯეჯილებულს ახმობდენენ, ფქვავდნენ, ხარშავდნენ, აზავებდნენ ერბოთი და მარილით. ეს საკვები აწესრიგებს კუჭის მოქმედებას. სამცხე-ჯავახეთში მელოგინე ქალს უმეტესად ასეთი ფაფით კვებავდნენ.
სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია, რომ მსოფლიოში ცნობილი ხორბლის 20 სახეობიდან 12 სახეობის სამშობლოა წინა აზია, ხოლო 8 სახეობა წარმოიშვა სამხრეთ კავკასიიდან. მათგან 5 — საქართველოს ენდემია.
სულ საქართველოში აღწერილია ხორბლის 14 სახეობა, 150-ზე მეტი სახესხვაობა, ფორმა და აბორიგენული ჯიში.
ხორბლის ენდემური სახეობებისა და ფორმების სიმრავლით საქართველოს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.
გამორჩეული სამეურნეო თვისებების წყალობით, ქართული ენდემური ხორბლის სახეობებს ერთერთი წამყვანი ადგილი უკავია ხორბლის ჯიშების სელექციის საქმეში და დიდი როლი შეასრულა ხორბლის მრავალფეროვანი ჯიშების და ჰიბრიდული ფორმების შექმნაში.
ზანდური 
ზანდური - საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა ზანდური, განიხილება, როგორც ხორბლის პრეისტორიული კულტურის უნიკალური ძეგლი.
ზანდური მთის ხორბლებს შორის პირველ ადგილზე დგას, რადგან გამორჩეულია მაღალი გამძლეობით ჩაწოლის, სოკოვანი დაავადებების, ნიადაგის და კლიმატური პირობების მიმართ. მწირ ნიადაგზე იძლეოდა ჰექტარზე დაახლოებით 10 ცენტნერ მოსავალს. ითესებოდა რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთსა და სამეგრელოში.
ჩელტა ზანდური
ჩელტა ზანდური — დასავლეთ საქართველოში მოყავდათ ქართლში, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთსა და სამეგრელოში, 400-800 მ.ზ.დ. სიმაღლეზე.
საგაზაფხულო მცენარეა, საშუალო სიმაღლისაა (100-120 სმ.). ნახევრად გართხმული, მწვანე. ღერო წვრილია, კარგად შეფოთლილი. ფოთოლი გრძელია, განიერი, შებუსვილია გრძელი ბეწვებით. ასეთი გრძელი ბეწვი ხორბლის არც ერთ სხვა სახეობას არ აქვს. თავთავი 4-8 სმ. სიგრძისაა. მარცვალი წითელია, რქისებური, წაგრძელებული. გამძლეა ჟანგა სოკოების მიმართ.
ჟუკოვკის ხორბალი
ჟუკოვკის ხორბალი — მორფოლოგიურად ჩელტა ზანდურის მსგავსია. ცნობილია გვალვა- და ყინვაგამძლეობით. იზრდება ნებისმიერი ტიპის ნიადაგზე. თესავდნენ გვიან შემოდგომაზე.
მახა
მახა - მახა ხორბლის კულტურის პალეორელიქტი და მატერიალური კულტურის უნიკალური ძეგლია. მისი კარბონიზირებული მარცვლები აღმოჩენილია სამეგრელოში (ზუგდიდის რაიონი, დიხაგუძუბა).
ქართული ასლი
ქართული ასლი - ხორბლის რელიქტური, ენდემური სახეობა — ქართული, იგივე „კოლხური“ ასლი, 1940 წელს ნაპოვნია კოლხეთის ენეოლითური ხანის არქეოლოგიურ ძეგლებზე.
დიკა
დიკა - საქართველოში წარმოშობილი და ჩამოყალიბებული ერთ-ერთი უძველესი ხორბალია, რომელიც მოხსენიებულია უძველეს წერილობით წყაროებში, დაბადების ნათარგმნ და ორიგინალურ ძეგლებში (დაბადება, ბიბლია, ნაწ. I — II, 1884), გიორგი მთაწმინდელის (X–XI სს.) ერთ-ერთ თხზულებაში და უფრო გვიანდელ ჩანაწერებში. ფერეიდანში დღესაც შემორჩენილია ამ სახეობის ქართული სახელი „დიკა“.
ქართული ხორბლებიდან ერთ-ერთი ძვირფასი სახეობაა, გამორჩეული მაღალი სამეურნეო თვისებებით. ნაკლებად მომთხოვნია გარემო პირობებისადმი, ადვილად ლეწვადი, ჩაწოლისა და ჩაცვენისადმი გამძლე, ადრემოსავლიანი, სოკოვანი დაავადებების მიმართ მძლავრი იმუნიტეტის მქონე სახეობაა. სხვა ძვირფას თვისებებთან ერთად, დიკას მარცვალში მაღალია ცილებისა და ლიზინის შემცველობა.
#სოფლისმეურნეობა #ციფრულისოფელი #agriculture #ხორბალი 
14