1919 წლის 11 ივლისს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტი ეროვნული ვალუტის გამოცემის შესახებ. იმავე წლის 31 დეკემბერს დაარსდა საქართველოს ცენტრალური ბანკი. პირველი რესპუბლიკის ბონები მიმოქცევაში იყო 1921 წლამდე, საბჭოთა ოკუპაციამდე.
კუპიურების ვიზუალი ეროვნული მოტივებითაა შთაგონებული: ბონების წარწერები ქართულენოვანი იყო, თუმცა უკანა მხარეს დართული ჰქონდა რუსული და ფრანგული წარწერებიც. ბონებს ახლდა მთავრობის თავმჯდომარისა და ფინანსთა მინისტრის ხელმოწერები. კუპიურებზე წარმოდგენილი იყო ოთხთაღოვან ჩარჩოში ჩასმული ქართული ასოები - ს. დ. რ. – „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის“ აღსანიშნავად.