ფიქრის ტრაექტორია

9
4 ივლისს,  18:00 საათიდან თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცეში გაიხსნება გამოფენა "ფიქრის ტრაექტორია".
ფიქრის ტრაექტორია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მულტიმედიური გამოფენაა, რომელიც სხვადასხვა დროით შრეზე დაწყებულ საავტორო ძიებებს წარადგენს. ალტერნატიული შემოქმედებითი ფორმებით გააზრებული რეალობა და ხელოვანის რეფლექსირება ამავე რეალობის კრიზისზე შემოქმედებითი დინამიკის - ცოცხალი პროცესის განმაპირობებელი ხდება.
რა არის ხელოვნების სემიოტიკა (ნიშანთა სისტემის შემსწავლელი დისციპლინა)?
ჩვენს რეალობაში არსებული სოციალური და ეგზისტენციალური თემატიკის ირგვლივ გამოფენის ვიზუალური ენა და დრამატურგია განიხილავს სივრცით-დროით კავშირებს. შემოქმედებითი ფიქრის განსხვავებული ვიზუალური ფორმირებით განვრცობილი გარემო და გარემოებები - დროში მოხელთებულ ანარეკლებში, ანაბეჭდებში, დატოვებულ ან უეცრად გაელვებულ გამოსახულებებში ვლინდება. სივრცული დიალოგის მეშვეობით გამოფენის კონცეფცია ხელოვნების ვიზუალურ ენას ფილოსოფიური და ანთროპოლოგიური ასპექტებით განავრცობს.
"ფიქრის ტრაექტორია" შეიქმნა გორის ხელოვნების სახლში ორგანიზებული თანამედროვე ხელოვნების პროექტების ხელშეწყობის ფარგლებში, გორის ფოტოგრაფთა კლუბთან თანაშრომლობითა და გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. გამოფენას ადაპტირებული ფორმატით წარმოადგენს პლატფორმა Unarchived_Semiotics თიბისი კონცეპტის ინიციატივითა და მხარდაჭერით.
მონაწილე ხელოვანები: თორნიკე გოგნაძე, ქეთი კაპანაძე, თეა ნილი, ნინო საკანდელიძე, ოთო შენგელია, დავით ჩიხლაძე
გამოფენის იდეის ავტორი და კურატორი: მარიამ შერგელაშვილი
გამოფენა გრძელდება 4 სექტემბრამდე.
9