საქართველოში სიმინდი XVII საუკუნის II ნახევარში იტალიიდან შემოიტანეს. თავდაპირველად ის დასავლეთ საქართველოში გავრცელდა, სადაც, თითქმის ყველგან, გამოდევნა ადრე იქ გავრცელებული კულტურები: ფეტვი, ღომი, ხორბალი…
1862 წელს კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების მიერ ამერიკიდან, ვირჯინიის შტატიდან ჩამოიტანეს საგვიანო ვეგეტაციის კბილა ტიპის მარცვლის მქონე სიმინდის ჯიშები, რომელიც ი. მარრის ხელმძღვანელობით 1863 წელს ქუთაისის მებაღეობის სასწავლებლის ნაკვეთში დაითესა. ამ საგვიანო ჯიშების შემოტანამ გამოიწვია ფრიად მნიშვნელოვანი პროცესი: მოხდა მოსახლეობაში ადრე გავრცელებული კაჟა ტიპის სიმინდების ბუნებრივი შეჯვარება ახლად შემოტანილ საგვიანო კბილა სიმინდებთან, რის შედეგადაც წარმოიშვა ჰიბრიდული პოპულაციები.
ჰიბრიდული პოპულაციებისათვის დამახასიათებელია მეორე და შემდგომ თაობებში ფორმათა წარმოქმნის პროცესი. ამ პროცესის შედეგად წარმოიშვა მრავალრიცხოვანი, ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმები. მათ შორის ყველაზე მეტი რაოდენობით — ახალი, ნახევრადკბილა სახესხვაობები. ამ მასალიდან ხალხურმა სელექციამ შექმნა ადგილობრივ პირობებთან კარგად ადაპტირებული მრავალი ჯიში. აღსანიშნავია, რომ ნახევრად კბილა ჯიშები უფრო პროდუქტიული აღმოჩნდა, ვიდრე ძველი კაჟა ჯიშები, რამაც გამოიწვია სიმინდის მარცვლის წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა და შესაძლებელი გახდა დასავლეთ საქართველოდან სიმინდის მარცვლის უცხოეთში ექსპორტირება. კერძოდ: 1880-1898 წლებში ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებიდან ყოველწლიურად, საშუალოდ, 5-6 მილიონი ფუთი სიმინდის მარცვალი გაჰქონდათ თურქეთში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა: საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში სიმინდი მჭადისა და ღომის სახით ყოველდღიური მოხმარების პროდუქტია. დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა სასურსათოდ ადგილობრივი ჯიშების სიმინდს იყენებს, ვინაიდან მათ ადგილობრივი მოსახლეობისათვის სასურველი გემური თვისებები აქვთ. ადგილობრივმა ჯიშებმა ასეთი გემური თვისებები 350 წლიანი ხალხური სელექციის შედეგად შეიძინა. ასეთი გემური თვისებები არ აქვს დღემდე შემოტანილ არცერთ ჰიბრიდს.
ამრიგად, ჰიბრიდიზაციის პროცესებისა და ხალხური სელექციის შედეგად დასავლეთ საქართველოში შეიქმნა სიმინდის ჯიშები, რომლის მსგავსი, როგორც პროფესორი ლ. დეკაპრელევიჩი აღნიშნავდა, “სიმინდის პირველად სამშობლოშიც კი შეიძლება არ არსებობდეს.”
სიმინდის ქართულმა ჯიშებმა დიდი როლი შეასრულა და ეხლაც ასრულებს სასურსათო მარცვლით ქვეყნის უზრუნველყოფის საქმეში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდებოდა მისი საჭიროება, როდესაც ქვეყანა დიდი საფრთხეების წინაშე იდგა: I და II მსოფლიო ომები, ხორბლის დეფიციტი. ასეთ პერიოდებში საქართველოში სიმინდი 350, 000-436, 000 ჰექტარზე ითესებოდა.
ამჟამად, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ითესება სიმინდის ჰიბრიდები, რადგანაც ისინი მარცვლის მოსავლიანობით 20-50 და ზოგჯერ მეტი პროცენტით სჯობნის ჯიშ-პოპულაციებს. დღეს ჰიბრიდების გავრცელების პროცესი საქართველოშიც დაწყებულია და იგი მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური გახდება. მაგრამ, რადგანაც ჩვენ ვართ სასურსათო სიმინდის მომხმარებელი, სასურსათო მარცვლის მისაღებად უნდა ვთესოთ ადგილობრივი თეთრნაქუჩიანი, კაჟა და ნახევრადკბილა ჯიშ-პოპულაციები. ხოლო ჰიბრიდები შეიძლება დაითესოს მხოლოდ საფურაჟე მარცვლის მისაღებად მეცხოველეობაში გამოსაყენებლად. ამასთან ჰიბრიდები არ უნდა იყოს გენმოდიფიცირებული.
#სოფლისმეურნეობა #ციფრულისოფელი #სიმინდი #agriculture