რა
არის ხელოვნება? რა ზეგავლენას ახდენს ის ადამიანზე? არის უმთავრესი, აუცილებელი პირობა
სულიერი აღზრდისთვის? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, უნდა ვისაუბროთ ხელოვნებაზე,
ვისაუბროთ, თუ რას აზიარებს ის ადამიანს და რა განცდებსა და ემოციებს აღუძრავს მას.
თუ
რა არის ხელოვნება ამის ასახსნელად მრავალი მოაზროვნე იტეხდა თავს და დღესაც ზუსტი
პასუხი არ მიგვიღია. თუ სამყაროს ხელოვანის თვალით შევხედავთ, აღმოვაჩენთ,
რომ ხელოვნებაა ყველაფერი, რასაც ჩვენ გარშემო ვხედავთ.
მწერლები, პოეტები, მუსიკოსები, მხატვრები, რეჟისორები თავიანთ შემოქმედების მთავარ ინსპირაციად სამყაროსა
და იმ გარემოს ასახელებენ, სადაც ჩვენ ვარსებობთ. ხელოვანები ჩვეულებრივს თავიანთ შემოქმედებით
არაჩვეულებრივად წარმოგვიდგენენ, გვილამაზებენ და გვაყვარებენ სამყაროსა და სიცოცხლეს.
ხელოვნება ეს არის სინამდვილისა და წარმოსახვის გამოხატვა შემოქმედებაში. პიკასო ამბობს
: „ხელოვნება ტკივილია, რომელიც გვაძლევს უფლებას გავაანალიზოთ სიმართლეო“, -ეს მართლაც
ასეა, მახსენდება გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის პერსონაჟი კაცი, რომელსაც ლიტერატურა
ძლიერ უყვარდა, კაცი, რომელმაც ლიტერატურის ძალით იმ ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯა, სადაც „შურის საძიებლად ამხედრებულა, სხვა მოუკლავს და
მერე უნანია“, მეტი გამოცდილება მიუღია და უფრო მეტად შეყვარებია ადამიანი და სამყარო.
სწორედ ხელოვნებაა, რომლის საშუალებითაც ადამიანი ცდილობს გაახანგრძლივოს ეს სიყვარული.
მაშ, ხელოვნებას
ადამიანზე დიდი ზეგვალენა აქვს, ხელოვნების თითოეული სფერო რეალობას ასახავს, ოღონდ
არა პირდაპირ, არამედ მხატვრულად, რაც ჩვენში უდიდეს განცდასა და ემოციებს იწვევს. გვაყალიბებს
ადამიანებად, რომლებიც სხვა თვალით ვუყურებთ სამყაროს, ადამიანებად, რომლებმაც ვიცით
ცხოვრებისა და სიცოცხლის ფასი.
რამდენჯერ
ფილმის, მოთრობის პერსონაჟის შეცდომებზე გვისწავლია, რამდენი რამე გაგვიგია სამყაროსა
და მის „ფერებზე“, რამდენი სიცოცხლე გვიგემია, რამდენი წვიმა და თოვლი გვინახავს და ეს
ყოველივე ხელოვნების დამსახურებით...
ხელოვნება აღზდრის აუცილებელი პირობა რომ არის, ამას
ამტკიცებს გურამ დოჩანაშვილიც. აბა დაფიქრდით, სულიერად ჩამოყალიბებული ადამიანი რომელი
უფროა, კაცი, რომელსაც ლიტერატურის ძალით გამოცდილი აქვს ათასგვარი სიცოცხლე, შურისძიების
ტკივილი და სხვაგვარად უყვარს სამყარო და სიცოცხლე თუ ხელმძღვანელია სულიერად ჩამოყალიბებული, რომლისთვისაც
ამ სამყაროში სინოლოგიის დაცვაა მნიშვნელოვანი. ჩემი აზრით, ხელოვნება, რომელიც სამყაროს
უკეთ შეცნობაში გვეხმარება და გვაყვარებს მას, ადამიანებს „მაღალ ადამიანურ საფეხურზე“
გვამყოფებს, უფრო მეტად გულმხურვალებს, თავისუფლებსა და „ადამიანური გრძნობებით“ სავსენს
გვხდის, რის გამოც ხელოვნებაა სწორედ სულიერი აღზრდის ერთ-ერთი უმთავრესი, აუცილებელი
პირობა.
ხელოვნება
„საგზალია“, რომელიც მთელი არსებობის მანძილზე სულიერად გვასაზრდოებს და საშუალებას
გვაძლევს, ზოგჯერ დავაღწიოთ თავი ცხოვრების სისასტიკეს და, ამავე დროს, მეტი გავიგოთ მასზე.
გავიხსენოთ გიორგი ლეონიძის მოთხრობის პერსონაჟი, ცხარე მეოცნებე, უსაშველო და საზიზღარ
სიღატაკეში მცხოვრები ელიოზი, რომელიც ოცნებებით იფარავდა თავს მხეცივით სინამდვილისგან.
ეძებდა ნატვრის ხეს ცივ ღამეში, მაშინ, როცა „ყინვით ცა გასკდომაზეა“ და შეეწირა კიდეც
თავის ოცნებას. მართალია არც პოეტი ყოფილა და არც მწერალი, მაგრამ ლეონიძე გვეუბნება:
„პოეტები მხოლოდ ქაღალდზე რითმებით მოლაპარაკენი როდი არიან.პოეტური თვალით, პოეტური
გულითა და დიდი ოცნებებით გასხივოსნებული სხვაც ბევრი დადის დედამიწაზე“...ხელოვნება
სწორედ ოცნებიდან იქმნება, ადამიანი ხელოვანი ვერ გახდები, თუ მხოლოდ მატერიალური სამყარო
გხიბლავს და არ გიყვარს ოცნება.