შაჰტახტი

3
შაჰტახტი — ქალაქის გალავანი სამხრეთიდან სოლალაკის ქედს მიუყვებოდა, შემდეგ მკვეთრად უხვევდა და ქედის ფერდობზე ეშვებოდა, დღევანდელი დადიანის ქუჩის მიმართულებით. სამხრეთის და დასავლეთის კედლების შესაყარზე მძლავრი ბასტიონი იყო აღმართული, რომელსაც ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს და შაჰის ტახტს უწოდებს. 30 მეტრი სიგრძის მართკუთხა ციხესიმაგრე კოშკებით იყო გამაგრებული. თბილისის 1800 წლის გეგმაზე შაჰტახტი ან შაიტახტი ექსპლიკაციაში აღნიშნულია ქალაქის 12 ძირითად ნაწილს შორის. პლატონ იოსელიანის ცნობით, XIX საუკუნეში, 1837 წლამდე, შაჰტახტი ობსერვატორიის დანიშნულებას ასრულებდა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ობსერვატორია დაარსებული უნდა იყოს თბილისის ცალკე საამიროს შექმნის ხანაში (IX საუკუნე). არსებობს არაბი გეოგრაფის ალ-ისტაჰრის ცნობა X საუკუნის დასაწყისში თბილისში ობსერვატორიის არსებობის თაობაზე. ამასვე უნდა მოწმობდეს ის ცნობაც, რომ XIII საუკუნეში ახლად აშენებულ მარაღის ობსერვატორიაში მიწვეულთა შორის იყო თბილისელი ასტრონომი ფახრედ ახლათი. 2016-17 წლებში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა XI-XII საუკუნის სამეურნეო ნაგებობები, თონე და ქვევრები. #ისტორია #თბილისი #თბილისისისტორია 
3