ადამიანის მიერ შექმნილი მეტეორული წვიმა? 🤔🌠
✦ 2022 წლის 26 სექტემბერს, NASA-ს ზონდი დიმორფოსს შეაჯახეს.
დიმორფოსი არის პატარა ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც უფრო დიდი ასტეროიდის, დიდიმოსის ირგვლივ ბრუნავს.
მისიის წარმატებამ გვაჩვენა, რომ თუ საჭირო იქნება, საშიშ ასტეროიდებს დედამიწისკენ მომავალი გზიდან გადავამისამართებთ.
Sciencealert-ის თანახმად, 2026 წლის ოქტომბრისთვის, ევროპის კოსმოსური სააგენტო მოინახულებს ამ ორეულს, დააკვირდება და დაასკვნის, არის თუ არა საჭირო შეჯახების მისიის გამეორება.
მიუხედავად საშიში ასტეროიდების თავიდან აცილების შესაძლებლობისა, შეჯახება იწვევს ასტეროიდის ნაწილის ნამსხვრევებად დაშლას, ამიტომ შესაძლოა ეს ნამსხვრევები სხვა ციური სხეულებისკენ მიიმართონ.
ცხადია, ამ ციურ სხეულებში მოიაზრება დედამიწაც.
ბოლო კვლევაში, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი ამბობს, თუ როგორ შეიძლება ამ ნამსხვრევებმა ოდესმე მიაღწიონ მარსამდე ან დედამიწამდე მეტეორიტების სახით.
"ნასას" სუპერკომპიუტერებზე ჩატარებულ სიმულაციებზე დაყრდნობით დგინდება, რომ ასტეროიდის ნაშალი მარსსა და დედამიწა-მთვარის სისტემას ათწლეულში მიაღწევს.
ამ სიმულაციებმა 3 მილიონი ნაწილაკი გამოავლინეს, რომლებიც დიმორფოსთან შეჯახების შედეგად წარმოიქმნენ.
ნაწილაკების ზომები 10 სანტიმეტრიდან 30 მიკრომეტრამდე მერყეობს.
რაც შეეხება ამ ნამსხვრევების ჩვენამდე მოღწევის დროს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად გამოიტყორცნენ შეჯახების შემდეგ.
მაგალითად, 500 მ/წმ-ზე დაბალი სიჩქარით გამოტყორცნილი ნაწილაკები მარსს დაახლოებით 13 წელიწადში მიაღწევენ, ხოლო 5400 კმ/სთ სიჩქარით მოძრავები დედამიწამდე სულ რაღაც შვიდ წელიწადში მოაღწევენ.
მეცნიერები ამბობენ, რომ მათი ზომიდან გამომდინარე, დედამიწის ცაზე არ იქნება ხილული მეტეორული წვიმა, თუმცა მომდევნო წლებში დაგეგმილია მისიები, რომლებიც დიმორფოსთან შეჯახების შემდეგ არსებულ სიტუაციას შეისწავლის და გავიგებთ, მისია DART-მა ხომ არ წარმოქმნა ახალი მეტეორული წვიმა სახელად დიმორფიდები.