მას მერე, რაც ოქტომბრის ბოლოს, Facebook-ის დამაარსებელმა, მარკ ზაკერბერგმა კომპანიის ახალი
ხედვა - მეტავერსი წარმოადგინა, კვირა არ გავა, ამ თემას, რომელიმე მსხვილი კომპანია არ გამოეხმაუროს. ეს მოსალოდნელიცაა, საქმე ხომ ინტერნეტის პარადიგმულ ცვლილებასთან გვაქვს, რომელიც ორგანზომილებიან აბსტრაქტულ ქსელს, სამგანზომილებიან ხორცშესხმულ სივრცედ აქცევს, რომელშიც ადამიანი - პროტაგონისტად მოგვევლინება.
საბოლოო ჯამში, მეტავერსი სრულყოფილ რეალობად, ერთგვარ პარალელურ სამყაროდ გადაიქცევა, რომელშიც ადამიანები ისევე იცხოვრებენ, როგორც დღეს, ფიზიკურ სამყაროში ცხოვრობენ. მის დახვეწასთან ერთად, მეტავერსი ადამიანებს დასაქმებისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის, სხვა ადამიანების გაცნობისა და სხვადასხვა სოციალური როლების მორგების შესაძლებლობას მისცემს. მეტავერსში გაჩნდება სრულყოფილი თვითმყოფადი გლობალური ეკონომიკა - ადამიანები დასაქმდებიან და ფულის შოვნასაც შეძლებენ.
მეტავერსზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, რადგან შესაძლებლობები, რომელზე წვდომას ის მომხმარებლებს სთავაზობს - უსაზღვროა. თუმცა, რაკიღა ყველაფერზე ერთდროულად საუბარი ულამაზოა და თან, საინტერესოც არ არის, ამ სტატიას ერთ კონკრეტულ თემას - მეტავერსულ ეკონომიკას მივუძღვნი.
თუმცა, ეკონომიკის განხილვაზე სანამ გადავალთ, მეტავერსის რაობა კიდევ უფრო უნდა გავითავისოთ. მოდი, მარტივით დავიწყოთ: წარმოიდგინეთ ინტერნეტი - უსაზღვრო ინფორმაციითა და შესაძლებლობებით გამსჭვალული უხილავი ქსელი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთს აკავშირებს და დედამიწას, ერთ მთლიანობად აქცევს. ახლა კი, წარმოიდგინეთ, რომ ეს ორგანზომილებიანი უხილავი ქსელი, მთელი მისი მცირე დანაყოფებით, ვებგვერდებით, ფორუმებითა და ჯგუფებით - სამგანზომილებიანი ვირტუალური სამყაროების ერთობლიობად გარდაიქმნება. მწარედ თუ განვაზოგადებთ, მეტავერსისთვის, ვირტუალური სამყარო იგივე, რაც ინტერნეტისთვის - ვებგვერდი.
თუმცა, საქმე ისაა, რომ მეტავერსი მეტია, ვიდრე ინტერნეტი, რადგან ის ციფრული ეკონომიკის ნაწილად კი არ იქცევა, არამედ საკუთარ ნაწილობრივად დამოუკიდებელ ეკონომიკას შექმნის, რომელიც ადამიანების ცხოვრებას ინტერნეტზე მეტად გარდაქმნის.
ისე კი, მეტავერსის შექმნით გამოწვეული პარადიგმული ცვლილების ეკონომიკური ეფექტი უკეთ რომ აღვიქვათ, ინტერნეტის სადავეებთან უნდა დავბრუნდეთ. საინტერესო ფაქტით დავიწყოთ: 1993 წელს, ინტერნეტით ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 2.3% სარგებლობდა - ძირითადად ტექნოლოგიებით შეპყრობილი ადამიანები, რომელთაც ინტერნეტის გამოყენება იცოდნენ და თან, ამისთვის საჭირო ხელსაწყოებიც ჰქონდათ.
თუმცა, დროთა განმანვლობაში, მიხვდა რა მსოფლიოს მოსახლეობა, რომ ინტერნეტი ბიზნესის ახლებურად კეთების საშუალება იყო, ინტერნეტ-კომპანიებიც სოკოებივით ამოიზარდნენ - ამ დროს გაჩნდა Amazon-ი, eBay-ი, Yahoo, Google-ი და მილიონობით სხვა ვებგვერდი, რომელთა სრული უმრავლესობა ინტერნეტ-ბაბლის გასკდომისას პირისაგან მიწისა აღიგავა.
ინტერნეტამდე, ეკონომიკა ერთგანზომილებიანი იყო - ტრანზაქციებში ჩართული მხარეები, მხოლოდ ფიზიკურ სამყაროში არსებობდნენ. ინტერნეტის გამოჩენასთან ერთად, გლობალურ ეკონომიკას ტრანზაქციათა გატარების დამატებითი შრე დაემატა, რომელმაც კომპანიებს საშუალება მისცა, ფიზიკურ შეზღუდვებზე უარი ეთქვათ და ვაჭრობა ციფრულ სამყაროში გადაეტანათ. გამოდის, რომ ფიზიკურ ეკონომიკას კიდევ ერთი განზომილება დაემატა, რამაც ადამიანებს შორის არსებული ზღვრები დაშალა, უამრავი იმ დრომდე არარსებული პროფესია შექმნა და ზოგადად, ადამიენებს გამდიდრების საშუალება მისცა.
თავისთავად ცხადია, რომ მეტავერსული ეკონომიკა ისევე განვითარდება, როგორც, თავის დროზე, ინტერნეტი განვითარდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ მეტავერსზე საუბრისას, მისი უსაზღვრო შესაძლებლობები არ უნდა დაგვავიწყდეს. მოდი, ელექტრონულ კომერციაზე ვისაუბროთ, რომელიც მეტავერსის ეკონომიკის მთავარი დასაყრდენი იქნება.
ამ დრომდე, მეტავერსზე არაერთი ფილმი გადაუღიათ და დროთა განმანვლობაში, ეს რიცხვი აუცილებლად გაიზრდება. ერთ-ერთი ასეთი მულტიპლიკაციური ფილმი „Ralph Breaks the Internet“-ია, რომელშიც ვიდეოთამაშის გმირი რალფი, ინტერნეტში მოხვდება. ამ ფილმში, რასაკვირველია, ღრმა დრამატრუგიულ კონტექსტებს არ უნდა ვეძებდეთ. თუმცა, ერთ ფუნქციას ის განსაკუთრებით კარგად ასრულებს: ამ ფილმში საინტერესოდაა ნაჩვენები სამგანზომილებიანი ვირტუალური გარემო - მეტავერსი.
ფილმის მსვლელობისას, რალფი და მისი მეგობარი ვანელოპი eBay-ის ვირტუალური აუქციონზე ხვდებიან, სადაც იყიდება ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ: სევდით აღვსილი კატის პორტრეტი, თახვის ფიტული და ხელოვნური მენჯის ძვალიც კი. ამგვარი ნივთების შეძენა eBay-ზე დღესაც შეიძლება, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ლეპტოპისა თუ ტელეფონის ეკრანზე ინტერნეტ-აუქციონის ვებგვერდის სქროლვის ნაცვლად, eBay-ში ფიზიკურად მისვლა შეგიძლიათ, სადაც შოპინგის ნაცვლად, ადამიანებთან ურთიერთობასაც შეძლებთ. ახლა კი, ეს სქემა ელექტრონული კომერციით დაკავებულ ნებისმიერ ბიზნესს მიუსადაგეთ (თუნდაც თქვენსას, თუკი ასეთი გაქვთ) და voilà, მეტავერსი თქვენს ხელთაა!
აქვე, მცირე რემარკა: ნივთების ყიდვა-გაყიდვის ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმა eBay-ი, 90-იანების ინტერნეტის ბუმის ნაშიერია, რომელიც მსოფლიოს დღემდე შემორჩა.
მოდი, თვალსაჩინოებისთვის კიდევ ერთი მაგალითი მიმოვიხილოთ: ვიდეო-სტრიმინგის პლატფორმა Netflix-ი, რომელიც დღეს, უმეტესწილად, გამომწერებისაგან მიღებული თანხებით ფინანსდება. მოსალოდნელია, რომ მალე, Netflix-ი საკუთარი ბიზნეს-პორტფელის დივერისიფიკაციას დაიწყებს - თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს განვითარება, პირველ რიგში, მეტავერსში მოხდეს. საქმე ისაა, რომ Netflix-ს შეუძლია ერთგვარი კინოთეატრი შექმნას, რომელშიც მსოფლიოს გარშემო მცხოვრებ ადამიანებს ფილმების ყურების აბსოლუტურად ახალ გამოცდილებას შეუქმნის და რითაც, დამატებით ფინანსებს მოიზიდავს.
ახლა კი, რაკიღა მეტავერსული ეკონომიკის სადავეებთან პრაქტიკული მაგალითებით მივედით, დროა თეორიული ნაწილიც მიმოვიხილოთ. კომპანიები და ინდივიდუალური მეწარმეები საკუთარი აქტივობის მონეტიზაციას მეტავერსში
ისევე შეძლებენ, როგორც ამას ფიზიკურ სამყაროში სავაჭრო ცენტრები და სახელმწიფოები ახერხებენ. მარტივად რომ ვთქვათ, კონკრეტული სავაჭრო სივრცეების, ე.წ „მარკეტფლეისებისა“ თუ სხვა დანიშნულების მქონე ადგილების მფლობელებს, ანუ დეველოპერებს, შემოსავლის მიღება ორი გზით შეუძლიათ: მათ სივრცეში ადგილების გაქირავებითა და თითო ტრანზაქციიდან კონკრეტული პროცენტის მიღებით. ფინანსური ტრანზაქციების ეს სქემა გავრცელდება ყველა სახის პროდუქტებზე, მათ შორის ვირტუალურ ტანსაცმელზე, ვირტუალურ სახლებსა და ავეჯზე.
საინტერესოა ისიც, რომ ამგვარი ფინანსური ტრანზაქციების გასატარებლად საჭირო ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს - საუბარია ბლოქჩეინის ტიპის ჯაჭვებზე, რომლებიც ინფორმაციის განაწილებისათვის დეცენტრალიზებულ ტექნოლოგიას იყენებენ. ამ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით იქმნება სხვადასხვა ტიპის კრიპტოვალუტები, რომელთაც, მეტავერსში, ტრანზაქციების განსახორციელებლად გამოვიყენებთ. თუკი მეტავერსი მართლაც დეცენტრალიზებულ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით შეიქმნება, ის გაივლის იმ გზას, რომელიც მისმა წინამორბედმა - ინტერნეტმა გაიარა.
მას მერე, რაც მეტავერსი საკუთარ პოტენციალს მაქსიმალურად გამოამჟღავნებს და ინტერნეტის განვითარების ახალი ტალღის დასაწყებად ადამიანთა კრიტიკულ მასას შემოკრებს, კომპანიები მეტავერსში საკუთარი ოპერაციების დაგეგმვას შეუდგებიან - კომპანიებში არსებული ონლაინ-სტრატეგიაზე პასუხისმგებელი დანაყოფები, მეტავერსული სტრატეგიის დანაყოფებად გადაიქცევიან.
მეტავერსულ ეკონომიკაზე ამომწურავად საუბარი - უბრალოდ შეუძლებელია, მისი პოტენციალი ხომ უსაზღვროა. ამ სტატიაში, მეტავერსის ეკონომიკის საფუძვლები მიმოვიხილეთ, ისიც ძალიან ზედაპირულად - დანარჩენს, დრო გვიჩვენებს.