"ხალდე-ლაჰილ" თანამედროვე ქართველი მწერლის, დათო ტურაშვილის ახალი წიგნია. წიგნის წარდგენა 26 სექტემბერს, 18:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.
მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში მეფის რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებულ სვანეთში სადამსჯელო ექსპედიცია ორჯერ მოეწყო. 1876 წელს, მეორე ექსპედიციისას, აჯანყების ჩასახშობად თითქმის ორიათასკაციანი რაზმი გაგზავნეს, რომელთაც სოფელ ხალდის მცხოვრებლებსა და იქ გამაგრებულ რამდენიმე ათეულ აჯანყებულ მებრძოლს შემოარტყეს ალყა. ხალდელები თითქმის მთელი თვე იბრძოდნენ, თუმცა, ბოლოს რუსებმა მიწასთან გაასწორეს სოფელი ხალდე – ააფეთქეს მისი ათზე მეტი სვანური კოშკი, აკრძალეს სოფლის სახელის ხსენება და იქ დასახლება, ცოცხლად გადარჩენილი აჯანყებულები კი გაასამართლეს.
სწორედ ეს სასამართლო პროცესი გადააქცია დათო ტურაშვილმა მხატვრულ ტექსტად, პიესა "ხალდე-ლაჰილად", რომელშიც, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მოღვაწეების – აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის, სერგეი მესხის გარდა, რომლებიც მართლაც მონაწილეობდნენ ხალდელების სასამართლო პროცესში, უფრო გვიანდელ და ჩვენი დროის ისტორიკოსებს, ეთნოგრაფებსა და მწერლებიც კი აქვთ თავიანთი როლები. ამ ხერხის წყალობით მკითხველს საშუალება ეძლევა ეს საოცრად ამაღელვებელი ამბავი თანამედროვე პერსპექტივიდანაც გაიაზროს და შეიგრძნოს.
"ვიცი, რომ ხვალინდელი დღე შეიძლება მართლაც ბოლო აღმოჩნდეს ჩემთვის, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ და გათენების არ მეშინია, რადგან ისიც ვიცი, რომ თავისუფლება ზოგჯერ სიცოცხლეზე მეტია" – ამ ფრაზით მთავრდება პიესა, ფრაზით, რომელიც შესანიშნავად გამოხატავს თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანებს სულისკვეთებასა და სიმართლეს ნებისმიერ დროსა და სივრცეში.