ამერიკის შეერთებული შტატების თაობაზე

7
მეორე კურსიდან ამერიკის სახელმწიფო სისტემას ვიკვლევ, აქედან გამომდინარე პოლიტიკურ-საზოგადოებრივ აზრს, სამართალს და საგარეო ურთიერთობებს. ბოლო წლებია, ამის მეტი საერთოდ არც არაფერი მიკეთებია კაცმა რომ თქვას. ამ საქმემ პიროვნებებთან, საქმიან ამერიკელებთან და პროფესიონალებთან მიმიყვანა საქართველოს გარეთ და საქართველოში. საბედნიეროდ, ჩვენთან მცხოვრები და ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არაერთი ამერიკელი ჩემი ახლო მეგობარია, მათთან ერთად დროს ვატარებ, იუბილეებს აღვნიშნავ მრავალ აზრს და მოსაზრებას ვუცვლით ერთმანეთს.
თავად ამერიკელებზე უკეთ არავინ იცის, რომ მათი ქვეყანა იდეალური არაა და ვერც სხვას, ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ შემოგვთავაზებს რაიმე იდეალურს და უნაკლოს. ყველაზე მეტი კრიტიკა და აუგი, დამიჯერეთ ამერიკაზე ისევ ამერიკელებისგან მომისმენია. მაგრამ, ამ ხალხისნაირი შრომისმოყვარე, თავიანთ ოჯახებზე მზრუნველი, მეგობრების მოყვარული, სხვისი რელიგიის დამფასებელი და პატივისმცემელი, ცოტა მინახავს ვინმე. ამერიკული განსხვავებულობა და გამორჩეულობა ზუსტად ნაკლების აღიარებაში და მუდმივი გაუმჯობესებისკენ სწრაფვაში, უკეთესობის ძიებაშია.
ქართველი ხალხი არ იცნობს ამერიკელებს, რაც აშშ-ს დემონიზების ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორია. ეს პროცესი თითქმის 100 წელია ჩვენთან მიმდინარეობს და ბოლო პერიოდში, ლამის ბოლშევიზმის სადარი სახე მიიღო. ამერიკა რომ ღირებულებების ქვეყანა არ ყოფილიყო, 250 წელი ვერ გაძლებდა და ბოლო 100 წელში ყველა დროის უძლიერეს სახელმწიფოს ვერ ააშენებდა. გარეთ რომ რამეს მიაღწიო, ჯერ შინ უნდა გქონდეს აწყობილი საზოგადოება. ამდენად მარტივია, რომ გამართული ოჯახების, ჯანსაღი განათლების სისტემების, რელიგიური ინსტიტუტების გარეშე, საზოგადოება მდგრადობას შინ ვერ შეძლებდა და ვერც გარეთ გაიმყარებდა ფუნდამენტს. ამერიკის ბაზების სურათებს რომ ტვირთავთ ხოლმე მსოფლიოს ლამის ყველა წერტილში, გამართული და სტაბილური ამერიკელი მოქალაქის ანარეკლია ეგ სხვაგან, რომელიც ფეხზე მყარად დგას შინ და მორალურად შემდგარ საზოგადოებაში ცხოვრობს.
არ გამოვა ხალხო, მეგობრების ასეთი დემონიზაცია. არ მიიღწევა ასე წარმატება. ეს ქვეყანა თქვენი შვილებისთვის თუ გინდათ, ცაში ვერ გამოეკერება, მოყვარეს და პარტნიორის გარეშე ვერ გადარჩება. მაგრამ, ამასობაში, ბევრიც რომ ვეძებოთ, ცივილიზაციურად, ევროპელზე და ამერიკელზე უკეთეს ახლობელს ვერც ვერსად ვნახავთ. ამას თუ წინა ვერა, ახალი თაობები ვხვდებით და მივხვდებით სხვებზე კარგად. ხოლო ნებისმიერი ამის საწინააღმდეგო მცდელობა წინასწარ განწირულია მარცხისთვის და ავად თუ კადგად, ყველას მოუწევს, რომ დღეს თუ ხვალ ამას შეეგუოს.   
ავტორი: ამერიკამცოდნე გიორგი ლაბაძე
7