ჯონ ადამსი – ფიქრები მმართველობის შესახებ

7
ჯონ ადამსის წერილი მიმართულია ჩრდილოეთ კაროლინის პროვინციული კონგრესისადმი, რომელთაც, მას რჩევა სთხოვეს კონსტიტუციის მიღებისა და მთავრობის დაგეგმვის პროცესში. ტექსტი დაწერილია 1776 წელს.
ბატონებო,
თუკი ნამდვილად ვარ შესაფერისი იმისათვის, რომ კოლონიის მმართველობის ფორმირების საქმეში მონაწილეობა მივიღო, დიდად ნასიამოვნები ვრჩები თქვენი თხოვნით და ბედნიერი ვარ ამ ამოცანის შესრულებით. რადგან პოლიტიკის მეცნიერება, როგორც ღვთაებრივი მოვლენა, სოციალური ბედნიერების მეცნიერებაა და საზოგადოებრივი კეთილდღეობა სრულიად დამოკიდებულია კონსტიტუციაზე, რომელიც ისეთ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთაც თაობების განმავლობაში უნდა იარსებონ. ამიტომ, ვფიქრობ არ არსებობს უფრო მეტად სასურველი საქმიანობა, ვიდრე ამ ინსტიტუციების საუკეთესოდ მოწყობის ძიებაა.
ვფიქრობ პოუპმა[1] ფრთები შეასხა ტირანებს, როდესაც თქვა: „მოდით მმართველობის ფორმებზე დავა სულელებს ვაცადოთ; რომლის ფარგლებშიც უკეთ მოხდება ადმინისტრირება, ესეიგი ის სჯობს სხვას“.
ამაზე მცდარი შეხედულება არაფერია. არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ისტორიული ჭეშმარიტება, ვიდრე ის, რომ მმართველობის ზოგიერთი ფორმა უფრო უკეთეს პირობებს ქმნის მართვისთვის, ვიდრე სხვები.
ვფიქრობ, ვიდრე უშუალოდ მათ განხილვაზე გადავალთ, უნდა ვიმსჯელოთ თუ რა არის მათი საბოლოო მიზანი. ალბათ ყველა შეხედულების პოლიტიკოსი შეჯერდება იმაზე, რომ ეს მიზანი, საზოგადოების ბედნიერებაა. ისევე, როგორც ფილოსოფოსები თანხმდებიან, რომ ინდივიდუალური ბედნიერებაა ადამიანის არსებობის ძირითადი მიზანი. თუკი ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ, დავასკვნით, რომ მმართველობა, რომელსაც მოაქვს თავისუფლება, კომფორტი, უსაფრთხოება და ერთი სიტყვით, ბედნიერება ადამიანთა დიდი ნაწილისთვის, არის არსებულთაგან საუკეთესო.
შიში ყოველი სახის მმართველობის უმთავრესი ფუნდამენტია. თუმცა არსებობს საზარელი ვნებები, რომლებიც იმდენად სისულელისაკენ ცვლის ადამიანთა გულებს, რომ მათზე რომელიმე პოლიტიკური ინსტიტუტის დამყარება, სრულიად მიუღებელია.
თავისი არსით,  კეთილშობილება ნამდვილად წმინდა რამაა, თუმცა, მორალური სრულყოფილების კიბის უფრო დაბალ საფეხურზე დგას, ვიდრე ღირსება. რეალურად, პირველი ამ უკანასკნელის ნაწილია და ადამიანთა ბედნიერების საკითხისთვისაც, მისი როლი გაცილებით ნაკლებია. ყოველი მმართველობის ფუნდამენტი, ხალხში არსებული რაიმე პრინციპი ან ვნებაა. ხოლო გამორჩეული პრინციპებისა და სიმპათიების მიხედვით, ყველაზე მეტადაა მოსალოდნელი მმართველობის საუკეთესო ფორმის არჩევა.
უნდა ითქვას, რომ არაერთი გამორჩეული მოაზროვნე და ავტორი გვარწმუნებს, რომ მმართველობის ყველაზე უკეთესი ფორმა რესპუბლიკაა. ეს გახლავთ ბრიტანული კონსტიტუციის ყველაზე ფასეული ნაწილი, რადგან რესპუბლიკა არის „კანონების და არა ადამიანების იმპერია“. ხოლო რესპუბლიკათაგან საუკეთესო არის ის, სადაც დაცულია კანონთა მიუკერძოებლად და ზუსტად აღსრულების პრინციპი.
მაგრამ, თუკი კარგი მმართველობა აღნიშული კანონების იმპერიაა, როგორ უნდა მივიღოთ ეს კანონები? დიდ საზოგადოებებში მათი მიღება სრულყოფილი თავყრილობის საშუალებით შეუძლებელია. ამიტომ, პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ძალაუფლების ყველაზე ბრძენთა და კეთილშობილთათვის გადაცემაა. პრინციპული სირთულე სწორედ ასეთი წარმომადგენლობითი ასამბლეის შექმნაშია, რადგან იგი, სრული საზოგადოების ერთგვარი მინიატურა უნდა იყოს. მან სწორედ ხალხივით უნდა იფიქროს, იგრძნობს, გაიაზროს და იმოქმედოს. ასამბლეა თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი, სხვა სიტყვებით, ხალხში არსებული ინტერესები, სწორად უნდა აისახოს წარმომადგენლობაში.
ხალხის ასეთი წარმომადგენლობა ბადებს კითხვას, უნდა აღასრულებდეს თუ არა ეს ასამბლეა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ფუნქციებს ერთდროულად? მე კი ვფიქრობ, რომ ხალხი ვერც თავისუფლებას და ვერც ბედნიერებას ვერ მიაღწევს, თუკი მმართველობა მხოლოდ ერთი ასამბლეის მიერ ხორციელდება.
აი რატომ მიმაჩნია ასე:
  1. პირველ რიგში, ნებისმიერ ასამბლეას ახასიათებს ინდივიდთან დაკავშირებული ნაკლოვანებები, სისუსტეები, უგუნურება. ისინი მიდრეკილნი არიან დასრულებელი ვნებების, მიკერძოების, ცრურწმენებისაკენ, რაც აბსურდული გადაწყვეტილებების ტოლფასია. ეს გადაცდომები უნდა გასწორდეს და თავიდან იქნას არიდებული სხვა, შემაკავებელი ძალის იმერ;
  2. ცალკეული ასამბლეა ბუნებრივადაა მიდრეკლი სიხარბისაკენ, ამის მიუხედავად, ამომრჩევლის მიმართ სინდისის ქენჯნა სულაც არ ახასიათებთ;
  3. ცალკეულ ასამბლეას ამბიციების ზრდა ახასიათებს და სულაც არაა გასაკვირი, რომ ერთ დღესაც მუდმივი ძალაუფლების დაკანონებაზეც დაიწყოს ფიქრი. ეს უკვე მოხდა ჰოლანდიაში, სადაც წარმომადგენელთა კრებამ ცხოვრების ბოლომდე ძალაუფლებაში ყოფნის შესახებ გამოაცხადა. ხოლო დრო და დრო გათავისუფლებულ ადგილებს თვითნებურად, ხალხის მონაწილეობის გარეშე ავსებდა;
  4. წარმომადგენლობითი ასამბლეა, როგორი კომპეტენციისაც უნდა იყოს იგი, მაინც სრულიად შეუფერებელი იქნება აღმასრულებელი საქმიანობისათვის, რადგან იგი მოკლებული იქნება ორ ძირითად პირობას – საიდუმლოებასა და მოქნილობას.
  5. წარმომადგენლობითი ასამბლეა მართლმსაჯულების აღსრულებისთვისაც არ არის კომპეტენტური, რადგან იგი ზედმეტად გადატვირთული, ნელი და სამართლის საქმეებში ნაკლებად დახელოვნებულია;
  6. იმის გამო, რომ ცალკეული ასამბლეა სრული ძალაუფლების მქონეა, გამოსცემს და აღასრულებს საკუთარი ინტერესების შესაბამის ამკრალავ კანონებს და გამოიტანს თავისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს.
თუმცა, ცალკეულ საკანონმდებლო ხელისუფლება მაინც თუ შეიძლება ერთ ასამბლეაში მოთავსდეს? ვფიქრობ არის მიზეზები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება უფრო კომპლექსურად უნდა მოეწყოს.[2] შემიძლია აღვნიშნო, რომ თუკი მთლიანი საკანონმდებლო ორგანო ერთ ასამბლეაში იქნება წარმოდგენილი, ხოლო აღმასრულებელი სხვაში, ეს ორი ხელისუფლება დროს ერთმანეთის მუდმივ ოპონირებაში გაატარებს. ეს მოხდება მანამ, ვიდრე ოპონირება კონფლიქტში არ გადაიზრდება, როდესაც ორივე ხელისუფლებას ძლიერები ჩაიგდებენ ხელში. ამასთან, ვერც სასამართლო შტო შეძლებს ამ ორის განეიტრალებას, რადგან საკანონმდებლო, მისთვის ძირის გამოთხრას ეცდება. ეს ასევე გვაძლევს საჭიროებას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება პასიური იყოს საკანონმდებლოს მიმართ, რათა თავი ავარიდოთ მასზე მუდმივი ზეწოლის ფაქტებს.
ამ ხიფათისგან თავის ასარიდებლად, საკანონმდებლო ხელისუფლების ორად გაყოფაა საჭირო, რომელთაგან ერთ-ერთი, უშუალოდ ხალხის წარმომადგენლებისგან იქნება შემდგარი.
მმართველობის ღირებულება და სტაბილურობა დამოკიდებულია მის ყველა შტოზე, საზოგადოების მორალზე და რაც მთავარია, სწორ და კვალიფიციურ სამართლის აღსრულებაზე. ამის გამო, სასამართლო შტო დამოუკიდებელი უნდა იყოს დანარჩენი ორისგან, რათა შეძლოს მათი შეკავება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დანარჩენმა ორმა შეაკავოს იგი.
აქედან გამომდინარე, მოსამართლეები ყოველთვის უნდა იყვნენ სამართლის გამორჩეული და გამოცდილი სწავლულები, ახასიათებდეთ მაღალი მორალი, სიმშვიდე, მოთმინება, წყნარი ხასიათი და ყურადღება. მათ გონებას ინტერესთა განსხვავებულობა არ უნდა აბნევდეს, ისინი არ უნდა იყვნენ არც ერთ გარეშე ფაქტორსა თუ ადამიანზე დამოკიდებულნი. ამას გარდა, ისინი თანამდებობებზე ცხოვრების ბოლომდე უნდა იყვნენ დანიშნულნი.
მსგავს პრინციპებზე დაფუძნებული კონსტიტუცია ხალხს შთაგონებით აღავსებს, რათა ღირსეულ, თავისუფალ ადამიანებად იქცნენ. ვფიქრობ, ასეთი მოწყობის რესპუბლიკა, ევროპელი მონაქრებისგან ხელშეუხებელი და დაუმარცხებელი იქნება.
გიორგი ლაბაძის თარგმანი, 2020 წ.
[1] იგულისხმება ალექსანდერ პოუპი, ინგლისელი პოეტი და სატირიკოსი
[2] ადამსი აქ განიხილავს საკანონდებლო ორგანოს ორ პალატად დაყოფის აუცილებლობას
  წყარო: https://conservative.ge
7